იერემია 36
- 1
იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეოთხე წელს სიტყვა იყო უფლისგან იერემიასადმი:
- 2
"აიღე გრაგნილი და დაწერე ზედ ყოველი სიტყვა, რაც შენთვის ისრაელზე, იუდაზე და ყველა ხალხზე მითქვამს იმ დღიდან, რაც ლაპარაკი დაგიწყე, იოშიას გამეფებიდან დღემდე.
- 3
მოისმენს იუდას ხალხი ყველა იმ უბედურებაზე, რის ქმნასაც ვუპირებ მათ და იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რომ ვაპატიო ბოროტება და ცოდვა”.
- 4
მოუხმო იერემიამ ბარუხ ნერიას ძეს და ჩაწერა ბარუხმა გრაგნილში იერემიას პირით ნაკარნახები უფლის ყველა სიტყვა, რაც მას უფალმა უთხრა.
- 5
უთხრა იერემიამ ბარუხს: "დამწყვდეული ვარ და არ შემიძლია უფლის სახლში მისვლა,
- 6
შენ წადი უფლის სახლში და მარხვის დღეს ხალხის გასაგონად წაიკითხე უფლის სიტყვები გრაგნილიდან, რომელიც ჩემი კარნახით გაქვს დაწერილი; მთელი იუდას ხალხის გასაგონად წაიკითხე, რომლებიც თავ-თავიანთი ქალაქებიდან არიან მოსულნი.
- 7
იქნებ აღავლინონ ვედრება უფლის წინაშე, იქნებ მობრუნდნენ თავიანთი ბოროტი გზიდან, რადგან დიდია რისხვა და გულისწყრომა, რაც უფალმა თქვა ამ ხალხზე”.
- 8
ყველაფერი ისე გააკეთა ბარუხ ნერიას ძემ, როგორც იერემია წინასწარმეტყველმა უბრძანა; უფლის სახლში წაიკითხა გრაგნილში ჩაწერილი უფლის სიტყვები.
- 9
იუდას მეფის, იეჰოიაკიმ იოშიას ძის მეფობის მეხუთე წლის მეცხრე თვეს გამოაცხადეს მარხვა უფლის წინაშე იერუსალიმის მცხოვრებლებმა და იუდას ქალაქებიდან იერუსალიმში მოსულმა მთელმა ხალხმა.
- 10
ხმამაღლა წაიკითხა ბარუხმა წიგნიდან იერემიას სიტყვები უფლის სახლში, გემარია შაფანის ძის, მწერლის ოთახში, ზემო ეზოში, უფლის სახლის ახალი კარიბჭის შესასვლელში, მთელი ხალხის გასაგონად.
- 11
მოისმინა მიქაიამ, შაფანის ძემ, გემარიას ძემ, უფლის ყოველი სიტყვა გრაგნილიდან,
- 12
ჩავიდა მეფის სახლში, მეფის მწერლის ოთახში, სადაც იჯდა ყველა მთავარი: ელიშამა მწერალი და დელაია შემაიას ძე, ელნათან ახბორის ძე და გემარია შაფანის ძე, ციდკიაჰუ ხანანიას ძე და ყველა მთავარი.
- 13
უთხრა მათ მიქაიამ ყველა ის სიტყვა, რომელიც მოისმინა, როცა ბარუხი გრაგნილიდან კითხულობდა ხალხის გასაგონად.
- 14
გაგზავნეს მთავრებმა ბარუხთან იეჰუდი, ქუშის ძე, შელემიას ძე, ნეთანიას ძე და შეუთვალეს: "აიღე ხელში გრაგნილი, ხალხის გასაგონად რომ კითხულობდი და მოდი!” აიღო ბარუხ ნერიას ძემ ხელში გრაგნილი და მათთან მივიდა.
- 15
უთხრეს: "დაჯექი და ჩვენს გასაგონად წაიკითხე”; წაიკითხა ბარუხმა მათ გასაგონად.
- 16
როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს, შიშით გადახედეს ერთმანეთს და ბარუხს უთხრეს: "ყველა ამ სიტყვას მეფეს გადავცემთ”.
- 17
ჰკითხეს ბარუხს: "გვიამბე, როგორ დაწერე ყველა ეს სიტყვა? იერემია ხომ არ გკარნახობდა?”
- 18
"დიახ, უპასუხა ბარუხმა, თავად მკარნახობდა ყველა ამ სიტყვას და მეც მელნით ვიწერდი გრაგნილში”.
- 19
უთხრეს მთავრებმა ბარუხს: "წადი და დაიმალეთ შენ და იერემია, ნურავის გააგებინებთ თქვენს სამყოფელს”.
- 20
მას შემდეგ, რაც გრაგნილი ელიშამაყ მწერლის ოთახში დადეს, მეფეს ეახლნენ გარე ეზოში და ყოველი სიტყვა მოახსენეს.
- 21
მეფემ იეჰუდი გაგზავნა გრაგნილის მოსატანად; მოიტანა იეჰუდიმ გრაგნილი ელიშამაყ მწერლის ოთახიდან და წაიკითხა მეფისა და მასთან მდგომი ყველა მთავრის გასაგონად;
- 22
მეცხრე თვე იყო, მეფე ზამთრის სახლში იჯდა, მის წინ ბუხარი გიზგიზებდა.
- 23
წაიკითხავდა იეჰუდი სამ-ოთხ სვეტს, მოჭრიდა მეფე მწერლის საჭრელი დანით გრაგნილიდან და ცეცხლში ჩააგდებდა, ბუხარში რომ იყო, ვიდრე მთელი გრაგნილი არ დაიწვა ცეცხლში.
- 24
არ შეშინებულან და არც სამოსელი შემოუგლეჯიათ მეფესა და მის მსახურებს, როცა ყველა ეს სიტყვა მოისმინეს.
- 25
ელნათანი, დელაია და გემარია ემუდარებოდნენ მეფეს, არ დაეწვა გრაგნილი, მაგრამ ყური არ დაუგდო მათ.
- 26
ამის მაგივრად მეფემ მეფის ძე იერახმეელს, სერაია აზრიელის ძესა და შელემია ყაბდიელის ძეს უბრძანა შეეპყროთ ბარუხ მწერალი და იერემია წინასწარმეტყველი, მაგრამ უფალმა გადამალა ისინი.
- 27
და იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი მას შემდეგ, რაც მეფემ დაწვა გრაგნილი და ის სიტყვები, რომელიც ბარუხმა იერემიას კარნახით დაწერა:
- 28
"აიღე სხვა გრაგნილი და ყველა ის სიტყვა დაწერე მასზე, რაც იმ პირველ გრაგნილში ეწერა, იეჰოიაკიმმა, იუდას მეფემ რომ დაწვა.
- 29
ასევე, იეჰოიაკიმს უთხარი, იუდას მეფეს: ასე ამბობს-თქო უფალი: შენ დაწვი ეს გრაგნილი და ამბობდი: რატომ დაწერე, რომ უსათუოდ მოვა ბაბილონის მეფე, გაანადგურებს ამ ქვეყანას და ადამიანისა და პირუტყვის სახსენებელს გააქრობსო?
- 30
ამიტომ ასე ამბობს უფალი იეჰოიაკიმზე, იუდას მეფეზე: არავინ ეყოლება მას დავითის ტახტზე მჯდომი, მისი გვამი კი დღის პაპანაქებაში და ღამის ყინვაში ეგდება.
- 31
მე დავსჯი მას, მის შვილებსა და მის მსახურებს მათი ბოროტების გამო! მათზე, იერუსალიმზე და იუდას მცხოვრებლებზე ყველა იმ უბედურებას მოვაწევ, რომელიც მათ წინააღმდეგ წარმოვთქვი, რადგან არ მისმინეს”.
- 32
აიღო იერემიამ მეორე გრაგნილი და მისცა ბარუხ ნერიას ძეს, მწერალს. მანაც დაწერა მასზე იერემიას კარნახით ყველა სიტყვა იმ გრაგნილისა, რომელიც იუდას მეფე იეჰოიაკიმმა დაწვა ცეცხლში; კიდევ დაემატა მას მრავალი მსგავსი სიტყვა.