იერემია 28
- 1
და იყო, იმავე წელს, იუდას მეფის ციდკიას მეფობის დასაწყისში, მეოთხე წლის მეხუთე თვეს, ხანანია აზურის ძემ, გაბაონელმა წინასწარმეტყველმა, უფლის სახლში მღვდლებისა და მთელი ხალხის თანდასწრებით მითხრა:
- 2
"ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: მე დავამსხვრევ ბაბილონის მეფის უღელს!
- 3
და ორ წელიწადში დავაბრუნებ ამ ადგილზე უფლის სახლის მთელ ჭურჭელს, რომელიც ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა წაიღო ამ ადგილიდან და ბაბილონში მიიტანა.
- 4
იუდას მეფე იექონია იეჰოიაკიმის ძესა და ბაბილონში გაძევებულ იუდას ყველა გადასახლებულს მე დავაბრუნებ ამ ადგილზე, ამბობს უფალი, რადგან მე დავამსხვრევ ბაბილონის მეფის უღელს!”
- 5
ელაპარაკა იერემია წინასწარმეტყველი ხანანია წინასწარმეტყველს მღვდელთა და უფლის სახლში მდგარი მთელი ხალხის წინაშე;
- 6
თქვა იერემია წინასწარმეტყველმა: "ამინ! დაე, ასე ქმნას უფალმა! დაე, უფალმა დაადასტუროს შენი სიტყვები, რაც უფლის სახლის ჭურჭლისა და გადასახლებულთა ბაბილონიდან ამ ადგილას დაბრუნებაზე იწინასწარმეტყველე!
- 7
ოღონდ მოისმინე ეს სიტყვა, რომელსაც შენს გასაგონად და მთელი ხალხის გასაგონად ვიტყვი.
- 8
წინასწარმეტყველები, რომლებიც უძველესი დროიდან, ჩემამდე და შენამდე იყვნენ, ბევრ ქვეყანასა და დიდ სამეფოებს უწინასწარმეტყველებდნენ ომს, უბედურებასა და შავ ჭირს;
- 9
წინასწარმეტყველს, რომელიც მშვიდობას წინასწარმეტყველებდა, მხოლოდ მისი წინასწარმეტყველური სიტყვის ასრულების შემდეგ სცნობდნენ წინასწარმეტყველად, რომელიც ჭეშმარიტად უფალმა გამოგზავნა”.
- 10
მაშინ ხანანია წინასწარმეტყველმა უღელი ჩამოხსნა ქედიდან იერემია წინასწარმეტყველს და დაამსხვრია.
- 11
თქვა ხანანიამ მთელი ხალხის გასაგონად: "ასე ამბობს უფალი: ასევე დავამსხვრევ ორ წელიწადში ნაბუქოდონოსორის, ბაბილონის მეფის მიერ ყველა ერის ქედზე დადებულ უღელს!” წავიდა იერემია წინასწარმეტყველი თავის გზაზე.
- 12
იყო უფლის სიტყვა იერემიასადმი მას შემდეგ, რაც ხანანია წინასწარმეტყველმა იერემია წინასწარმეტყველის ქედზე დადებული უღელი დაამსხვრია:
- 13
"წადი და ელაპარაკე ხანანიას, ასე ამბობს-თქო უფალი: ხომ დაამსხვრიე ხის უღელი, ახლა რკინის უღელი გააკეთე მის ნაცვლად,
- 14
რადგან ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: რკინის უღელს დავადგამ ქედზე ყველა ამ ერს, რათა ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორს ემსახურონ და მოემსახურებიან კიდეც; ველის მხეცებიც მას მივეცი”.
- 15
უთხრა იერემია წინასწარმეტყველმა ხანანია წინასწარმეტყველს: "ახლა, მისმინე ხანანია! უფალს არ გამოუგზავნიხარ, ტყუილად აიმედებ ამ ხალხს.
- 16
ამიტომ ასე ამბობს უფალი: აჰა, მალე წარგავლენ მიწის პირიდან, ამ წელს მოკვდები იმის გამო, რომ უფლის წინააღმდეგ განდგომას ლაპარაკობ”.
- 17
მოკვდა ხანანია წინასწარმეტყველი იმავე წლის მეშვიდე თვეს.