იერემია 22
- 1
ასე ამბობს უფალი: "ჩადი იუდას მეფის სახლში და ილაპარაკე იქ ეს სიტყვა.
- 2
თქვი: ისმინე უფლის სიტყვა, დავითის ტახტზე მჯდომარე იუდას მეფევ, შენ, შენმა მსახურებმა და ამ კარიბჭეში შემომსვლელმა ხალხმა!
- 3
ასე ამბობს უფალი: აღასრულეთ სამართალი და ქმენით სიმართლე, იხსენით გაძარცვული მოძალადის ხელიდან. უცხოტომელს, ობოლსა და ქვრივს ნუ დაჩაგრავთ და უდანაშაულო სისხლს ნუ დაღვრით ამ ადგილზე.
- 4
თუ ამ სიტყვას შეასრულებთ, მაშინ მეფეები ივლიან ამ სახლის კარიბჭეებში, დასხდებიან დავითის ადგილზე, მის ტახტზე, ეტლებზე და ცხენებზე ამხედრდებიან, თვითონ მეფე, მისი მსახურები და მისი ხალხი.
- 5
მაგრამ თუ არ შეისმენთ ამ სიტყვებს, ჩემს თავს ვფიცავ, ამბობს უფალი, რომ გაუკაცრიელდება ეს სახლი”.
- 6
რადგან ასე ამბობს უფალი იუდას მეფის სახლზე: "გილყადივით ხარ ჩემთვის და ლიბანის მწვერვალივით, მაგრამ მაინც უდაბნოდ და უკაცრიელ ქალაქად გაქცევ.
- 7
ამაოხრებლებს მოვუხმობ შენ წინააღმდეგ, თითოეულს თავისი იარაღით, გაჩეხავენ შენს რჩეულ კედრებს და ცეცხლში ჩაყრიან.
- 8
მრავალი ერი ჩაუვლის ამ ქალაქს და ერთმანეთს ჰკითხავენ: ასე რატომ მოექცა უფალი ამ დიდებულ ქალაქს?
- 9
პასუხად ეტყვიან: იმიტომ, რომ უფლის, თავიანთი ღმერთის აღთქმა მიატოვეს, უცხო ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და მათ ემსახურებოდნენო.
- 10
მკვდარ მეფეზე ნუ ტირით და ნუ გლოვობთ, იტირეთ მიმავალი, ტყვეობაში წაყვანილი მეფე, რადგან აღარასოდეს დაბრუნდება და ვეღარ იხილავს მშობლიურ ქვეყანას.
- 11
რადგან ასე ამბობს უფალი შალუმზე, იუდას მეფის იოშიას ძეზე, რომელიც მამამისის, იოშიას ნაცვლად გამეფდა, რომელიც ამ ადგილიდან გავიდა და უკან ვეღარ დაბრუნდება!
- 12
"იქ მოკვდება, სადაც გადაასახლეს, ამ ქვეყანას ვეღარ იხილავს!” 13 ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით - ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;
- 13
ვაი იმას, ვინც სახლს უმართლობით იშენებს და უსამართლობით - ზედათვლებს! მოყვასს მუქთად ამუშავებს და გასამრჯელოს არ უხდის;
- 14
ვინც ამბობს: ფართო სახლს და ვრცელ ზემო ოთახებს ავიშენებ; სარკმლებს გამოჭრის თავისთვის, კედრით მოაპირკეთებს და წითლად შეღებავს.
- 15
იმიტომ მეფობ, რომ კედრით აშენო? მამაშენიც კი ჭამდა და სვამდა, მაგრამ ამასთან ერთად სამართალსა და სიმართლეს აღასრულებდა; ამიტომ ჰქონდა სიკეთე.
- 16
ჩაგრულსა და ღარიბ-ღატაკს განიკითხავდა და სიკეთე ჰქონდა. განა ეს არ არის ჩემი შეცნობა? ამბობს უფალი.
- 17
მაგრამ შენი თვალი და შენი გული მხოლოდ ანგარებას, უდანაშაულო სისხლის დაღვრას, ძარცვა-გლეჯასა და ძალადობას ეძებს.
- 18
ამიტომ ამბობს უფალი იეჰოიაკიმ იოშიას ძეზე, იუდას მეფეზე: "არ დაიტირებენ მას: ვაი, ჩემო ძმაო, ან ვაი, ჩემო დაო! არ დაატირებენ მას: ვაი, ბატონო! ან ვაი, მისო დიდებულებავო!
- 19
ვირის დამარხვით დაიმარხება, წაათრევენ და იერუსალიმის ჭიშკრების მიღმა გადააგდებენ.
- 20
ადი ლიბანში და მთელი ძალით იყვირე, ბაშანში აღიმაღლე ხმა და ყაბარიმშიც იყვირე, რადგან შეიმუსრა ყველა შენი მოკავშირე.
- 21
მშვიდად ყოფნის ჟამს გაფრთხილებდი, მაგრამ თქვი: არ მოვისმენო. სიყმაწვილიდანვე ასეთი იყო შენი საქციელი, არ ემორჩილებოდი ჩემს სიტყვას.
- 22
შენს მწყემსებს ქარი გარეკავს და შენი მოყვარულნი დატყვევდებიან. მაშინ კი შერცხვები და დამცირდები ყველა შენი ბოროტების გამო.
- 23
შენ, რომელიც ლიბანში მკვიდრობ და კედრებში ბუდობ, გაიტანჯები, როცა ტკივილი მოგეწევა მშობიარე ქალივით.
- 24
ცოცხალი ვარ, ამბობს უფალი, ბეჭედიც რომ იყო ჩემი მარჯვენა ხელისა, იექონია იეჰოიაკიმის ძევ, იუდას მეფევ, იქიდანაც წაგაძრობდი.
- 25
მაინც ჩაგაგდებ შენი სულის მაძიებელთა ხელში, ვისიც გეშინია - მათ ხელში, ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორისა და ქალდეველთა ხელში.
- 26
გაგაგდებთ შენ და შენს მშობელ დედას სხვა ქვეყანაში, სადაც არ შობილხართ; იქ დაიხოცებით.
- 27
ვეღარ დაბრუნდებით იმ ქვეყანაში, რომელსაც მიელტვით.
- 28
საზიზღარი და დამსხვრეული კერპია ეს კაცი იექონია? თუ - უსარგებლო ჭურჭელი? რატომ არიან ის და მისი თესლი გადაყრილნი და განდევნილნი იმ ქვეყანაში, რომელსაც არ იცნობდნენ?
- 29
ქვეყანავ, ქვეყანავ, ქვეყანავ! ისმინე უფლის სიტყვა!
- 30
ასე ამბობს უფალი: "ჩაწერეთ ეს კაცი როგორც უშვილო, რომელიც ვერ აღზევდება თავის დღეებში, რადგან მისი თესლიდან ვერ გამოვა დავითის ტახტზე მჯდომი და იუდას მმართველი”.