იერემია 2
- 1
და იყო უფლის სიტყვა ჩემდამი:
- 2
"წადი და გამოაცხადე იერუსალიმის გასაგონად. თქვი, ასე ამბობს-თქო უფალი: მახსოვს შენი ყმაწვილური ერთგულება და შენი ნიშნობის სიყვარული, უკან რომ მომყვებოდი უდაბნოში, დაუხნავ-დაუთესელ ქვეყანაში.
- 3
უფლის წმიდა იყო ისრაელი, პირველნაყოფი მისი მოსავლისა; ყოველი მისი მჭამელი დადანაშაულდება და უბედურება ეწევა!” - ამბობს
- 4
ისმინე უფლის სიტყვა, იაკობის სახლო, და ისრაელის სახლის ყოველო ოჯახო.
- 5
ასე ამბობს უფალი: "რა უსამართლობა ჰპოვეს თქვენმა მამებმა ჩემში, რომ გამშორდნენ? ამაოებას მისდიეს და თვითონაც რომ ამაონი გახდნენ?
- 6
არ უკითხავთ: სად არის უფალი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან ამოგვიყვანა, რომელმაც უდაბნოში, ტრამალებზე და დახრამულ ადგილებში გვატარა, ურწყულ და ბნელ ქვეყანაში, სადაც კაცს არ გაუვლია და სადაც ადამიანს არ უცხოვრია?
- 7
მოგიყვანეთ ნაყოფიერ ქვეყანაში, რათა გეჭამათ მისი ნაყოფი და დოვლათი, მაგრამ მოხვედით და შებილწეთ ჩემი ქვეყანა და ჩემი სამკვიდრებელი სისაძაგლედ აქციეთ.
- 8
მღვდლებს არ უკითხავთ: სად არის უფალი? რჯულის კაცნი ვერ მცნობდნენ, მმართველნი აღდგნენ ჩემ წინააღმდეგ, წინასწარმეტყველნი ბაყალის სახელით წინასწარმეტყველებდნენ და უსარგებლო გამოსახულებებს მიჰყვებოდნენ.
- 9
ამიტომ კიდევ დაგიწყებთ დავას, ამბობს უფალი, თქვენ და თქვენს შვილთაშვილებსაც მოვედავები.
- 10
რადგან, აბა, დაიარეთ ქითიმელთა ზღვისპირეთი და ნახეთ, კედარში გააგზავნეთ და ყურადღებით დააკვირდით, ნახეთ, თუ სადმე მომხდარა ამგვარი რამ?
- 11
თუ შეუცვლია რომელიმე ერს თავისი ღმერთები, თუმცა ისინი არ არიან ღმერთები. ჩემმა ხალხმა კი უსარგებლო კერპებზე გაცვალა თავისი დიდება.
- 12
გაოგნდით, ცანო, ამ ამბის გამო, შეძრწუნდით და შეშფოთდით” - ამბობს უფალი.
- 13
"რადგან ორი ბოროტება ჩაიდინა ჩემმა ხალხმა: მე, ცოცხალი წყლების წყარო, მიმატოვეს და ამოკვეთეს თავიანთთვის ჭები, დანგრეული ჭები, წყალს რომ ვერ იკავებენ.
- 14
განა მონაა ისრაელი? თუ მონის სახლშია დაბადებული? მაშ რატომ იქცა ნადავლად?
- 15
მასზე ღრიალებდნენ ლომის ბოკვერნი, ხმამაღლა ღრიალებდნენ. გააუდაბურეს ქვეყანა; მისი ქალაქები გადამწვარი და უკაცრიელია.
- 16
ნოფის და თახფანესის ძეებმაც კი მოგპარსეს კეფა.
- 17
განა იმის გამო არ დაგემართა ეს, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი, გზად რომ მიჰყავდი?
- 18
ახლა რად დასდგომიხარ ეგვიპტის გზას? ნილოსის წყლის დასალევად? აშურის გზას რაღად დასდგომიხარ? ევფრატის წყლის დასალევად?
- 19
შენივე ბოროტმოქმედება დაგსჯის და შენივე განდგომა გამხელს; დაფიქრდი და ნახე, რა ცუდია და რა მწარე, რომ მიატოვე უფალი, შენი ღმერთი და შიში აღარ გაქვს ჩემ წინაშე” - ამბობს უფალი, ცაბაოთ ღმერთი.
- 20
"რადგან დიდი ხნის წინ მე დავლეწე შენი უღელი და დავწყვიტე შენი ბორკილები, მაგრამ შენ თქვი: "მაინც არ გემსახურები” და ყოველ მაღალ გორაკზე და ყოველი ამწვანებული ხის ქვეშ დაწექი მეძავივით.
- 21
მე კი რჩეულ ვაზად დაგრგე, სრულ და ჭეშმარიტ თესლად, როგორ გადაგვარდი და ველურ ვაზის ყლორტებად როგორ გადამექეცი?
- 22
ნაცარტუტითაც რომ გაიხეხო, საპონიც რომ არ დაიშურო, შენი ურჯულოება მაინც ლაქად დარჩება ჩემ წინაშე!” - ამბობს უფალი ღმერთი.
- 23
"როგორ ამბობ: არ შევბილწულვარ და ბაყალთა კვალზე არ მივლიაო? შეხედე შენს გზას ხეობაში, შეიგნე, რა ჩაიდინე, მარდო აქლემო, შენს გზებზე რომ დაწანწალებ;
- 24
ვინ მოაბრუნებს მყვირალობის დროს უდაბნოს მიჩვეულ კანჯარს? ვნებით რომ ისუნთქავს ჰაერს. მისი მძებნელნი არ დაიღლებიან, მიაგნებენ, როცა დადგება დაწყვილების თვე.
- 25
ფეხები ფეხშიშველობისგან დაიცავი და ყელი წყურვილისგან; მაგრამ შენ თქვი: არ არის იმედი! არა და არა! რადგან უცხონი შევიყვარე და მათ კვალზე ვივლიო.
- 26
როგორც ქურდი შერცხვება, როცა წაასწრებენ, ისე შერცხვა ისრაელის სახლი, შერცხვნენ მისი მეფეები, მისი მთავრები, მისი მღვდლები და მისი წინასწარმეტყველნი.
- 27
ხეს რომ ეუბნებიან: ჩვენი მამა ხარო, და ქვას: შენ გვშობეო, რადგან ზურგი მაქციეს და არა სახე; ხოლო უბედურება რომ დაატყდებათ, ამბობენ: მოდი და გვიხსენიო!
- 28
სად არიან შენი ღმერთები, შენთვის რომ გაიკეთე? აბა, აღსდგნენ, თუ გიხსნიან შენი უბედურების ჟამს; რადგან რამდენი ქალაქიც გაქვს, იმდენი ღმერთი გყავს, იუდავ!
- 29
რისთვისღა მედავებით? ყველა ჩემ წინააღმდეგ აღდექით”, - ამბობს უფალი.
- 30
"ამაოდ ვცემდი თქვენს ძეებს, დარიგება მაინც არ მიიღეს; თქვენმა მახვილმა შეჭამა თქვენი წინასწარმეტყველნი, როგორც სასტიკმა ლომმა.
- 31
თაობავ! შეიგნე უფლის სიტყვა; განა უდაბნო ვიყავი ისრაელისთვის ან წყვდიადის ქვეყანა? რატომ ამბობს ჩემი ხალხი: თავისუფალნი ვართ, მეტად აღარ მოვალთ შენთანო?
- 32
განა დაივიწყებს ქალწული თავის სამკაულს, პატარძალი - თავის მორთულობას? ჩემმა ხალხმა კი დამივიწყა და დავიწყების დღეებს რიცხვი არა აქვს.
- 33
რა კარგად გაგიმზადებია შენი გზა სიყვარულის საძებრად! ავხორცი ქალიც კი ისურვებდა შენი გზების სწავლას.
- 34
შენი სამოსელის კალთებსაც ამჩნევია არა ქურდების, არამედ უდანაშაულო ღატაკთა სისხლი;
- 35
მაინც ამბობ, უდანაშაულო ვარ, მისი რისხვა ჩემგან შებრუნდებაო! აჰა, მე გაგასამართლებ შენი ნათქვამის გამო, რადგან ამბობ, არ შემიცოდავსო!
- 36
რას დაეხეტები და იცვლი გზებს? ეგვიპტისგანაც ისე შერცხვები, როგორც ასურეთისგან შერცხვი.
- 37
მისგანაც თავშიცემით გახვალ, რადგან უფალმა ისიც უარყო, ვისი იმედიც გქონდა და არ გექნება მისგან გამორჩენა.