იერემია 19
- 1
მითხრა უფალმა: "წადი და მექოთნისგან თიხის დოქი იყიდე, თან წაიყვანე ხალხი და ღვთისმსახურთაგან უხუცესნი.
- 2
გადი ბენ-ჰინომის ჭალაში, აღმოსავლეთის კარიბჭესთან რომ არის და თქვი იქ სიტყვები, რომელთაც გეტყვი.
- 3
იტყვი: ისმინეთ უფლის სიტყვა, იუდას მეფენო და იერუსალიმში მცხოვრებნო; ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, ისეთი უბედურება მომაქვს ამ ადგილისთვის, რომ ყოველ გამგონეს ყურში ზარივით დაირეკება,
- 4
რადგან მიმატოვეს და გაუუცხოვდნენ ამ ადგილს; უკმევდნენ სხვა ღმერთებს, რომელთაც არც თვითონ იცნობდნენ, არც მათი მამები და არც იუდას მეფეები; უდანაშაულოთა სისხლით აავსეს ეს ადგილი.
- 5
ააშენეს ბაყალის მაღლობები, რათა ცეცხლში დაეწვათ თავიანთი ძენი ბაყალისთვის სრულადდასაწველად, რაც არასდროს მიბრძანებია, არც მითქვამს და არც გულში გამივლია.
- 6
ამიტომ, აჰა, მოდის დღეები, ამბობს უფალი, აღარ უწოდებენ ამ ადგილს თოფეთსა და ბენ-ჰინომის ჭალას, არამედ სისხლისღვრის ჭალას!
- 7
შევმუსრავ იუდასა და იერუსალიმის თათბირს ამ ადგილზე, მახვილით დავცემ მათ მათი მტრების წინ მათივე სულის მაძიებელთა ხელით, მათ მძორებს კი ცის ფრინველებსა და მიწის მხეცებს მივუგდებ საჭმელად.
- 8
საფრთხობელად და დასაცინად ვაქცევ ამ ქალაქს, გაოცებისგან დაუსტვენს ყოველი გამვლელი, მისი წყლულების დამნახავი.
- 9
თავისივე ძეებისა და ასულების ხორცს ვაჭმევ; ერთმანეთის ხორცს შეჭამენ. თითოეული თავისი მოყვასის ხორცს შეჭამს ალყასა და გაჭირვებაში, რაც მათი მტრებისა და სულის მაძიებელთაგან დაატყდებათ თავს.
- 10
დაამსხვრიე დოქი შენთან ერთად მოსული კაცების თვალწინ.
- 11
უთხარი: ასე ამბობს-თქო ცაბაოთ უფალი: ასე დავამსხვრევ ამ ხალხსა და ქალაქს, როგორც მექოთნის ჭურჭელს ამსხვრევენ, რომლის გამრთელებაც აღარ შეიძლება. თოფეთში დაიმარხებიან დასამარხი ადგილების უკმარისობის გამო.
- 12
ასე მოვექცევი ამ ადგილს, ამბობს უფალი, და მის მცხოვრებთ, ქალაქს თოფეთივით გავხდი.
- 13
იერუსალიმისა და იუდას მეფეთა სახლები თოფეთის ადგილივით შეიბილწება; ასევე ის სახლებიც, რომელთა ბანებზეც უკმევდნენ ცის მხედრობას და საღვრელს უღვრიდნენ უცხო ღმერთებს”.
- 14
მოვიდა იერემია თოფეთიდან, სადაც უფალმა გაგზავნა, რომ ეწინასწარმეტყველა, დადგა უფლის სახლის ეზოში და უთხრა მთელ ხალხს:
- 15
"ასე ამბობს ცაბაოთ უფალი, ისრაელის ღმერთი: აჰა, მოვაწევ ამ ქალაქსა და მის დაბებზე ყველა იმ უბედურებას, რაც წარმოვთქვი მათზე, რადგან ქედი გაიფიცხეს და არ შეისმინეს ჩემი სიტყვა”.