ესაია 49
- 1
მისმინეთ, კუნძულებო, ყური მომაპყრეთ, შორეულო ერებო. უფალმა დედის მუცლიდან მომიხმო, დედაჩემის წიაღშივე ახსენა ჩემი სახელი.
- 2
ბასრ მახვილად აქცია ჩემი პირი, თავისი ხელის ჩრდილში შემიფარა; წამახულ ისრად მაქცია და თავის კაპარჭში შემინახა.
- 3
მითხრა, ჩემი მსახური ხარ შენ, ისრაელ, რომელშიც გავბრწყინდები!
- 4
ვუპასუხე: "არაფრისთვის ვირჯებოდი, ამაოდ და ტყუილად გამოვლიე ძალა, თუმცა უფალშია ჩემი სამართალი და საზღაური ჩემი - ჩემს ღმერთთან!”
- 5
ახლა კი ასე ამბობს უფალი: დედის მუცელშივე მის მსახურად გამომსახა, რათა მოვაბრუნო მისკენ იაკობი და მასთან შეიკრიბოს ისრაელი. პატივდებული ვარ უფლის თვალში და ჩემი ღმერთია ჩემი ძალა.
- 6
მითხრა: "არ გაკმარებ ჩემს სამსახურს იაკობის ტომთა აღსადგენად და ისრაელის ნატამალის დასაბრუნებლად, ერების სინათლედ განგაწესებ, რათა დედამიწის კიდეებს მისწვდეს ჩემმიერი ხსნა”.
- 7
ასე ეუბნება უფალი, ისრაელის გამომსყიდველი და მისი წმიდა, ადამიანთა მიერ აბუჩად აგდებულთ, ერთა მიერ შეძულებულთ, აღზევებულთა მსახურთ: "იხილავენ მეფენი და წამოიმართებიან, მთავარნი კი თაყვანს სცემენ უფლის გულისთვის, რომელიც ერთგულია, ისრაელის წმიდის გამო, რომელმაც ამოგირჩია”.
- 8
ასე ამბობს უფალი: "შესაფერ დროს გიპასუხე და ხსნის დღეს შეგეწიე; შეგიფარებ და სახალხო აღთქმად დაგადგენ, რათა აღადგინო ქვეყანა და აოხრებული სამკვიდრებლები დაუბრუნო მემკვიდრეებს;
- 9
რათა ტყვეებს უთხრა: გამოდით! და სიბნელეში მსხდომთ: გამოჩნდით! გზების გასწვრივ გამოიკვებებიან და ყველა მოშიშვლებულ სიმაღლეზე მათი საძოვარი იქნება.
- 10
არც მოშივდებათ, არც მოსწყურდებათ და არც პაპანაქება მზე დალახვრავს, რადგან მათი შემბრალებელი წარუძღვება მათ და წყლის ნაკადულებთან მიიყვანს.
- 11
ჩემს ყველა მთას გზად დავადგენ და მომაღლდებიან ჩემი ბილიკები.
- 12
აჰა, ესენი შორიდან მოვლენ, ესენი - ჩრდილოეთიდან და ზღვიდან, ესენი კი - სინიმის ქვეყნიდან”.
- 13
იყიჟინეთ ცანო, და იმხიარულე ქვეყნიერებავ; ზარზეიმით შემოსძახეთ მთებო, ვინაიდან ანუგეშა უფალმა თავისი ხალხი და შეიბრალებს თავის ღატაკთ.
- 14
ამბობდა სიონი: მიმატოვაო უფალმა, დამივიწყაო უფალმა!
- 15
განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუმწოვარ შვილს; განა არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათ რომც დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ!
- 16
აჰა, ხელის გულებზე ამოგტვიფრე, შენი ზღუდეები მუდამ ჩემს წინაშეა.
- 17
შენკენ მოისწრაფიან შენი ძენი და გავლენ შენგან შენი დამარბეველნი და ამაოხრებელნი.
- 18
აღაპყარ ირგვლივ თვალები და შეხედე: ყველანი შეიკრიბნენ, შენთან მოვიდნენ. ცოცხალი ვარ! ამბობს უფალი, ყველა მათგანით მოირთვები, სამკაულივით მოიხდენ მათ, როგორც პატარძალი.
- 19
ვინაიდან ახლა უკვე ვიწრო იქნება საცხოვრებლად შენი დაქცეული, აოხრებული ადგილები, შენი აკლებული ქვეყანა და ნანგრევები; შენი ჩამყლაპავნი კი მოშორდებიან.
- 20
იტყვიან კიდეც შენს გასაგონად შენი დაკარგული შვილები: "ვიწროა ჩემთვის ეს ადგილი, გაიწიე, რომ მეც დავსახლდე!”
- 21
შენ კი გულში იტყვი: "ვინ მიშვა ესენი? მე ხომ დავკარგე შვილები, უთვისტომო ვიყავი, დევნილი და უკუგდებული; ესენი ვინ გაზარდა? აკი მარტო დავრჩი, სად იყვნენ ესენი?”
- 22
ასე ამბობს უფალი ღმერთი: "აჰა, აღვმართავ ხელს ერებისკენ, ტომების წინაშე მოვამაღლებ ჩემს ბაირაღს და მოიყვანენ შენს ძეებს უბით და შენს ასულთ - მხრებით!
- 23
მეფენი იქნებიან შენი გამზრდელნი და დედოფალნი - შენთვის ძუძუს მაწოვებელნი; პირქვე თაყვანს გცემენ მიწამდე და შენს ფერხთა მტვერს ალოკავენ; გაიგებ, რომ მე უფალი ვარ, რომ არ შერცხვებიან ჩემი მომლოდინენი!
- 24
თუ წაერთმევა ნადავლი ძლევამოსილს ან გამარჯვებულს თუ წაერთმევა ტყვეები?
- 25
მაგრამ ასე ამბობს უფალი: "ძლევამოსილსაც წაართმევენ ტყვეებს და სასტიკსაც გამოაცლიან ნადავლს; შენს მოდავესთან კი მე ვიდავებ და გადავარჩენ შენს ძეებს.
- 26
თავისივე ხორცს შევაჭმევ შენს შემჭირვებელთ; საკუთარი სისხლით ისე დათვრებიან, როგორც ტკბილი ღვინით. შეიტყობს ყოველი ხორციელი, რომ მე, უფალი ვარ შენი მხსნელი, და შენი გამომსყიდველი - ძლიერი იაკობისა”.