ესაია 46
- 1
ჩაიმუხლა ბელი, მოიხარა ნებო; მათი კერპები ცხოველებსა და საქონელს აჰკიდეს; მძიმეა დატვირთული ურმები, ტვირთია დაღლილი პირუტყვისთვის.
- 2
მოიდრიკნენ, ყველანი ერთად მოიხარნენ, ვერ შეძლეს ტვირთის გადარჩენა და თვითონაც ტყვეობაში ჩავარდნენ.
- 3
"მისმინე, სახლო იაკობისა და ისრაელის სახლის მთელო ნატამალო! ჩემს მიერ იქენით შობილნი და დედის საშოდანვე მე გატარებდით.
- 4
იგივე ვარ თქვენს სიბერემდეც და მევე გატარებთ თქვენს ჭაღარამდე; მე შეგქმენი და მე გატარებ; მე გიტვირთავ და მე გამოგიხსნი.
- 5
ვის მიმამსგავსებთ, გამიტოლებთ ან შემადარებთ, რომ მსგავსნი ვიყოთ?
- 6
ქისიდან ჰყრიან ოქროს ზოგიერთნი და სასწორზე სწონიან ვერცხლს, ქირაობენ ოქრომჭედელს, რომ მისგან ღმერთი გააკეთებინონ, მერე მის წინაშე ემხობიან და თაყვანს სცემენ.
- 7
მხარზე შეიდგამენ და ატარებენ, მერე თავის ადგილზე დასვამენ. დგას და არ იძვრის ადგილიდან, შესძახიან და პასუხს არ სცემს, ვერ იხსნის მათ გასაჭირიდან.
- 8
გაიხსენეთ და მუდამ გახსოვდეთ, გულთან მიიტანეთ, დამნაშავენო.
- 9
გაიხსენეთ უწინდელი, დიდი ხნის წარსული, რადგან მე ღმერთი ვარ და არ არის სხვა, მე ღმერთი ვარ და არვინ არის ჩემი მსგავსი.
- 10
დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და უძველესი დროიდან იმას, რაც ჯერ არ მომხდარა; ვამბობ: ჩემი განზრახვა აღსრულდება და ყოველ ჩემს სურვილს ავასრულებ.
- 11
გამოვიხმობ აღმოსავლეთიდან მონადირე ფრინველს, კაცს შორი ქვეყნიდან, ჩემი რჩევის შემსრულებელს; ჭეშმარიტად, აკი ვთქვი, ჭეშმარიტად, აღვასრულებ კიდეც; მე დავგეგმე და კიდეც გავაკეთებ.
- 12
მისმინეთ, გულგაჯიუტებულნო, სიმართლისგან შორს მყოფნო:
- 13
მოვაახლოვე ჩემი სიმართლე, შორს არ არის და ხსნა ჩემსმიერი არ დააყოვნებს. ვუწყალობებ ხსნას სიონს და ისრაელს - ჩემს დიდებას.