ესაია 40
- 1
ანუგეშეთ, ანუგეშეთ ჩემი ხალხი, ამბობს თქვენი ღმერთი,
- 2
გულითადად ელაპარაკეთ იერუსალიმს და აუწყეთ, რომ დასრულდა მისი ბრძოლა, რადგან ეპატია დანაშაული და ორმაგად მიეზღო უფლის ხელით ყველა მისი ცოდვის წილ.
- 3
ისმინეთ! ხმა მღაღადებლისა: "გაუმზადეთ უფალს ბილიკი, მოასწორეთ გზა უდაბნოში ჩვენი ღმერთისთვის.
- 4
ამოივსოს ყოველი ხევი, ყოველი მთა და ბორცვი დადაბლდეს, ფერდობები გავაკდნენ და მთაგრეხილები გასწორდნენ.
- 5
გამოცხადდება უფლის დიდება და ერთად იხილავს ყოველი ხორციელი, რადგან უფლის ბაგემ წარმოთქვა.
- 6
ხმა ამბობს: თქვი! მიუგებს: რა ვთქვა? ყველა ხორციელი ბალახივითაა და მისი ყოველი მშვენება - მინდვრის ყვავილივით.
- 7
ბალახი ხმება, ყვავილი ჭკნება უფლის სუნთქვის მონაბერზე; ნამდვილად ბალახია ხალხი.
- 8
ხმება ბალახი და ჭკნება ყვავილი, ჩვენი ღმერთის სიტყვა კი საუკუნოდ დგას”.
- 9
მაღალ მთაზე ადი, მახარებელო სიონო! ძლიერად აიმაღლე ხმა, მახარებელო იერუსალიმო! აიმაღლე და ნუ გეშინია, უთხარი იუდას ქალაქებს: "აჰა, თქვენი ღმერთი!”
- 10
აჰა, ძლიერებით მოვა უფალი ღმერთი და იხელმწიფებს მისი მკლავი; აჰა, მასთანაა მისი საზღაური და მისი გასამრჯელო მის წინაშეა.
- 11
მწყემსივით დამწყემსავს თავის ფარას; თავისი მკლავით შეკრებს კრავებს და თავის უბეში ატარებს მათ, წინ გაუძღვება მეძუძურთ.
- 12
მუჭით ვინ არწყა წყალი და მტკაველით ვინ გადაზომა ცანი? ვინ დათვალა მიწის მტვერი, ვინ აწონა მთები სასწორზე და მაღლობები - პინებით?
- 13
ვინ მომართა უფლის სული? ვინ განასწავლა იგი თავისი რჩევით?
- 14
ვისთან თათბირობდა, ვინ მისცა გონიერება? ვინ ასწავლა სამართლის ბილიკი და ვინ ჩააგონა გზა ცოდნისა და გონიერებისა?
- 15
აჰა, ჭურჭლის ერთი წვეთივით არიან ერები და მტვერივით სასწორის პინებზე; აჰა, ფხვნილივით პირწმინდად აღგვის კუნძულებს.
- 16
ლიბანი არ ეყოფა ცეცხლისთვის და მისი მხეცები სრულადდასაწველად.
- 17
ყველა ერი არარაობაა მის წინაშე, წარმავალია და სიცარიელედ ითვლება მის თვალში.
- 18
ვის მიამსგავსებთ ღმერთს? რას შეადარებთ მას?
- 19
ხელოსანი კერპს ჩამოასხამს, ოქრომჭედელი ოქროთი მოჭედავს, ვერცხლის ოსტატი კი ვერცხლის ჯაჭვებს შეაბამს.
- 20
ვინც ასეთ შესაწირს ვერ შესწვდება, ულპობ ხეს ირჩევს, გამოცდილ ხელოსანს მოიძიებს, რომ არ მოირყეს კერპი.
- 21
განა არ იცით? განა არ გსმენიათ? განა არ გეუწყათ დასაბამიდან? განა არ გაგიგიათ ქვეყნის დაფუძნებიდან?
- 22
ეს ის არის, ვინც დედამიწის წრეზე ზის და მისი მკვიდრნი კალიასავით არიან მის წინაშე; მან გადაჭიმა ცა ფარდასავით და კარავივით გაშალა საცხოვრებლად.
- 23
გააქრობს მთავრებს და არარაობად აქცევს ქვეყნის მსაჯულთ.
- 24
დარგულნი და დათესილნიც არ იყვნენ, ფესვიც არ გაედგათ, მხოლოდ შეუბერა, გახმნენ და ჩალასავით გახვეტა ისინი ქარიშხალმა.
- 25
"და ვის მიმამსგავსებთ, რომ გავეტოლო?” - ამბობს წმიდა.
- 26
მაღლა აღაპყარით თვალნი და შეხედეთ: ვინ შექმნა ესენი? მან, ვისაც თვლით გამოჰყავს თავისი ლაშქარი, ყველას თავ-თავის სახელს უწოდებს, არავინ დააკლდება მისი ძალის ძლიერების გამო.
- 27
რატომ ამბობ, იაკობ, რად ლაპარაკობ, ისრაელ, დაფარულიაო ჩემი გზა უფლისგან და შეუმჩნევლად ჩაივლისო ჩემი სამართალი ღმერთთან.
- 28
განა არ იცი, განა არ გსმენია? მარადიული ღმერთია უფალი, ქვეყნის კიდეების დამფუძნებელი, არც იღლება და არც იქანცება, გამოუკვლეველია მისი გონება.
- 29
დაქანცულს ძალას აძლევს და უძლურს ძლიერებას ჰმატებს.
- 30
უძლურდებიან ყმაწვილნი და იქანცებიან ჭაბუკნი, ირყევიან და ბორძიკდებიან.
- 31
უფლის მომლოდინენი კი ძალას განიახლებენ, არწივივით გაშლიან ფრთებს, გაიქცევიან და არ დაიღლებიან, ივლიან და არ დაიქანცებიან.