ესაია 35
- 1
გაიხარებს უდაბნო და ურწყული მიწა, გამხიარულდება ყარაბა და მთის შროშანივით გაიფურჩქნება.
- 2
გაიფურჩქნება, აყვავდება და ილხენს მხიარულებითა და სიმღერით; ლიბანის დიდება მიეცემა მას, ქარმელისა და შარონის ბრწყინვალება; უფლის დიდებას იხილავენ ისინი, ჩვენი ღმერთის ბრწყინვალებას.
- 3
გაიმაგრეთ მოდუნებული ხელები და განიმტკიცეთ აკანკალებული მუხლები.
- 4
უთხარით სულსწრაფებს: "გამაგრდით, ნუ შეშინდებით, აჰა, თქვენი ღმერთი. მოვა შურისგება, ღვთის საზღაური, მოვა და გიხსნით”.
- 5
ბრმებს თვალები აეხილებათ და დაყრუებულთ ყურები გაეხსნებათ.
- 6
ირემივით იხტუნებს ხეიბარი და მუნჯის ენა ამღერდება, რადგან უდაბნოში წყალი ამოხეთქავს და ტრამალზე - ნაკადულები.
- 7
ტბად იქცევა ხრიოკი, წყლის ნაკადულებად - მოწყურებული მიწები, ტურების ბუნაგი ლერწმითა და ლელქაშით დაიფარება.
- 8
და იქნება იქ გაკვალული ბილიკი, რომელსაც სიწმიდის გზას დაარქმევენ, უწმიდური ვერ გაივლის მასზე, დაკვალიანებულთათვის იქნება იგი და მასზე მავალი უგუნურნიც კი არ აიბნევიან.
- 9
ვერ მოხვდება ზედ ლომი და მტაცებელი ცხოველი ვერ აღმოჩნდება; გამოსყიდულნი ივლიან მასზე.
- 10
დაბრუნდებიან უფლის გამოსყიდულნი და სიმღერით მივლენ სიონში. ყიჟინა და საუკუნო მხიარულება იქნება მათში, ლხინი და სიხარული ეწევათ და დარდი და ოხვრა განშორდებათ.