ესაია 33
- 1
ვაი მძარცველო, რადგან ჯერ არ გაძარცვულხარ და, მოღალატევ, რადგან ჯერ არ უღალატიათ შენთვის! დაამთავრებ ძარცვას და შენც გაგძარცვავენ, შეწყვეტ ღალატს და შენც გიღალატებენ.
- 2
უფალო! შეგვიწყალე, რამეთუ შენით ვსასოებთ; მკლავი განგვიმტკიცე ყოველ დილით და გვიხსენი გაჭირვების ჟამს.
- 3
ჩოჩქოლის ხმაზე გაიქცნენ ხალხები, ფეხზე წამოდგები და იფანტებიან ერები.
- 4
მოგროვდება თქვენი ნადავლი, როგორც მუხლუხო აგროვებს; კალიის სისწრაფით მივარდებიან მას.
- 5
ამაღლებულია უფალი, რადგან სიმაღლეში მკვიდრობს, მან აავსო სიონი სიმართლითა და სამართლიანობით.
- 6
დაგიდგება უსაფრთხო ჟამი, ხსნის, სიბრძნისა და ცოდნის სიუხვეში; და ღვთისმოშიშებაში - რომელიც მისი საგანძურია.
- 7
აჰა, ქუჩებში ტირიან მათი ვაჟკაცები და მშვიდობის მაცნენი მწარედ მოთქვამენ.
- 8
გატიალდა გზები, აღარაა გამვლელი; დაარღვია მან აღთქმა, შეიზიზღა ქალაქები, არად ჩათვალა ადამიანი;
- 9
გლოვობს, გაუბედურებულია ქვეყანა, შერცხვა ლიბანი, დაჭკნა; შარონი უდაბნოს დაემსგავსა, გაშიშვლებულია ბაშანი და ქარმელი.
- 10
"ახლა ავდგები, ამბობს უფალი, ახლა ავმაღლდები, ახლა აღვზევდები.
- 11
თივა ჩაგესახებათ და ჩალას შობთ, ცეცხლივით გშთანთქავთ თქვენივე სუნთქვა.
- 12
გამომწვარი კირივით იქნებიან ხალხები, აჩეხილი ეკლებივით დაიწვებიან ცეცხლში.
- 13
ისმინეთ, შორეულნო, ჩემი ნამოქმედარი და აღიარეთ ჩემი ძალა, ახლობელნო”.
- 14
შეშინდნენ ცოდვილნი სიონზე, კანკალმა აიტანა მლიქვნელნი; "ჩვენგან რომელი დამკვიდრდება მჭამელ ცეცხლთან და ჩვენგან ვინ იცხოვრებს საუკუნო კოცონთან?”
- 15
ის, ვინც სამართლიანად დადის და სიმართლეს ლაპარაკობს, ეზიზღება ძარცვით მონაპოვარი, ვინც ხელს იფერთხავს ქრთამისგან, ყურს იცობს სისხლისღვრის ამბის გაგონებაზე და თვალს ხუჭავს ბოროტების დანახვაზე.
- 16
სიმაღლეებში დაბინავდება იგი; უმტკიცესი კლდეა მისი საყრდენი, თავისი პური მიეცემა და თავისი წყლით იქნება უზრუნველყოფილი.
- 17
იხილავენ შენი თვალები მეფის მშვენებას და დაინახავენ შორეულ ქვეყანას.
- 18
გაიხსენებს შენი გული საშინელებას: სადაა აღმწერი? სადაა ამწონელი? სადაა გოდოლთა დამთვლელი?
- 19
აღარ იხილავ დაუნდობელ ხალხს, გაურკვეველი, გაუგებარი, დამცინავი ენით მოლაპარაკეს.
- 20
აგერ სიონი, ჩვენი შეკრების ქალაქი! იხილავენ შენი თვალები იერუსალიმს, მშვიდ სავანეს, უსაფრთხო კარავს, რომელიც არ დაიძვრება, რომლის პალოებსაც აღარასოდეს ამოიღებენ და არცერთი საბელი მისი - არ გაწყდება.
- 21
არამედ დიადი უფალი იქნება იქ ჩვენთან, ფართო მდინარეებისა და ნაკადულების ადგილზე, სადაც ვერ შევლენ ნიჩბებიანი ნავები და უზარმაზარი საბრძოლო ხომალდები ვერ გაივლიან მასში.
- 22
რადგან უფალია ჩვენი განმკითხავი და უფალია ჩვენი კანონმდებელი, უფალია ჩვენი მეფე - ის გვიხსნის ჩვენ.
- 23
მოეშვა შენი საბელები, ვეღარ აკავებენ ანძის საყრდენს, იალქნებს ვეღარ ჭიმავენ; მაშინ განაწილდება დიდი ნადავლი და ხეიბარნიც წარიტაცებენ ნაძარცვს.
- 24
და არ იტყვიან დამკვიდრებულნი ავად ვართო, რადგან ეპატია დანაშაული მასში მცხოვრებ ხალხს.