მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

ესაია 31

  1. 1

    ვაი ეგვიპტეში დახმარებისთვის ჩასულთ, ცხენებსა და ეტლებზე დაიმედებულთ, ვინაიდან მრავლადაა; და მხედრების მოიმედეთ, რადგან ფრიად ძლიერნი არიან; ისრაელის წმიდას კი არ მიაპყრეს მზერა და უფალი არ მოიძიეს.

  2. 2

    თუმცა, ბრძენია იგი და მოაწევს უბედურებას თავისი სიტყვისამებრ და არ გადაუხვევს. აღდგება ბოროტეულთა სახლზე და ბოროტმოქმედთა მხარდამჭერებზე.

  3. 3

    ადამიანები არიან ეგვიპტელები და არა ღმერთები, ხორცია მათი ცხენები და არა სული; გაიწვდის ხელს უფალი და წაბორძიკდება შემწეც და შეწევნულიც, ყველანი ერთად დაიღუპებიან.

  4. 4

    რადგან ასე მითხრა უფალმა: "როგორც ლომი ბრდღვინავს, ძლიერი ლომი, რომელიც მსხვერპლს ადგას თავზე და თუნდაც მთელი მწყემსობა შეჰყვიროდეს, არ ეშინია მათი ყვირილისა და მათი ხმაური არ აფრთხობს; ასე ჩამოვა ცაბაოთ უფალი საომრად სიონზე და მის სიმაღლეებზე.

  5. 5

    ჩიტივით დასტრიალებს ცაბაოთ უფალი იერუსალიმს დასაცავად - გამოიხსნის და დაიფარავს, დაინდობს და გადაარჩენს.

  6. 6

    მობრუნდით მისკენ, ძენო ისრაელისა, განდგომის გამრღმავებელნო.

  7. 7

    ვინაიდან იმ დღეს მოიშორებს თითოეული თავის ვერცხლისა და ოქროს კერპებს, რომლებიც ცოდვისთვის გაიკეთეთ თქვენი ხელით.

  8. 8

    არა კაცთა მახვილით დაეცემა აშური, არა ადამიანური მახვილი შთანთქავს მას; მახვილს გაექცევა, მაგრამ მისი ჭაბუკნი მონებად იქცევიან.

  9. 9

    შიში გაუქრობს საყრდენ კლდეს და ნიშანი შეაძრწუნებს მის მთავართ, ბრძანებს უფალი, რომლის ცეცხლიც სიონშია და ღუმელი - იერუსალიმში.