ესაია 26
- 1
იმ დღეს ამ სიმღერას იმღერებენ იუდას ქვეყანაში: "გამაგრებული ქალაქი გვაქვს; ხსნისთვის დაგვიდგენს გალავანსა და მიწაყრილს.
- 2
გააღეთ ჭიშკრები! რათა შემოვიდეს მართალი და ერთგულების შემნახველი ერი.
- 3
აზრებში მტკიცეს სრულყოფილ სიმშვიდეში დაიფარავ, რადგან შენზეა მონდობილი.
- 4
სამარადისოდ მიენდეთ უფალს, რადგან მარადიული კლდეა უფალი ღმერთი.
- 5
რადგან მან დაამდაბლა მაღლა მცხოვრებნი, მიუწვდომელი ქალაქი. დაამხო მიწამდე, მტვრად აქცია.
- 6
ფერხნი გათელავენ მას, ღარიბთა ფეხები, უმწეოთა ტერფები”.
- 7
მართლის გზა მოსწორებულია; შენ ასწორებ მართალთა ნაბიჯებს, წრფელო!
- 8
შენი სამართლის გზაზე, უფალო, შენზე ვიყავით დაიმედებულნი, შენი სახელი და შენი ხსენება სწყუროდა ჩვენს სულებს.
- 9
შენკენ ილტვის ღამღამობით ჩემი სამშვინველი; დიახ, ჩემში მყოფი სულით გეძებ დილაობით; როცა შენი სამართლით განიკითხავ ქვეყანას, მაშინ ისწავლიან სიმართლეს ქვეყნიერების მკვიდრნი.
- 10
შეიწყალებენ ბოროტეულს და მაინც ვერ ისწავლის სიმართლეს. უსამართლოდ იქცევა წრფელთა ქვეყანაში და ვერ ხვდება უფლის სიდიადეს.
- 11
უფალო! შემართულია შენი ხელი, მაგრამ ვერ ხედავენ; დაინახავენ შენს მოშურნეობას შენი ხალხის გამო და შერცხვებათ, ცეცხლი შეჭამს შენს მტრებს.
- 12
უფალი დაგვიმყარებს მშვიდობას! რადგან მან აღასრულა ყველა ჩვენი საქმე!
- 13
უფალო, ღმერთო ჩვენო! შენს გარდა სხვებიც ბატონობდნენ ჩვენზე, ჩვენ კი, მხოლოდ შენს სახელს ვიხსენებთ.
- 14
მკვდრები ვერ გაცოცხლდებიან და აჩრდილები ვერ აღსდგებიან, რადგან შენ დასაჯე და გაანადგურე ისინი. აღგავე მათი სახსენებელი.
- 15
შენ გაამრავლე ერი, უფალო, შენ გაამრავლე ერი! განდიდებული ხარ, შენ გააფართოვე ქვეყნის ყველა საზღვარი.
- 16
უფალო! შენ გეძებდნენ გასაჭირის დროს; ჩურჩულით ლოცულობდნენ, როცა სჯიდი მათ.
- 17
ფეხმძიმე ქალის მსგავსად, მშობიარობის მოახლოებისას რომ იტანჯება და კივის ტკივილისგან, ასე ვიყავით შენ წინაშე, უფალო!
- 18
ფეხმძიმედ ვიყავით, ვიტანჯეთ და აჰა, თითქოს ქარი ვშვით; ხსნა ვერ მოვუტანეთ მიწას და არც ქვეყნის მკვიდრნი დაბადებულან.
- 19
გაცოცხლდებიან შენი მკვდრები, აღდგებიან მათი გვამები! გამოიღვიძეთ და იყიჟინეთ, მტვერში ჩაწოლილნო, რადგან ცისკრის ცვარია შენი ცვარი და მიწა აჩრდილებს დაბადებს.
- 20
მოდით, ჩემო ხალხო, შედით თქვენს ოთახებში და გამოიკეტეთ კარი, მცირე ხნით შეაფარეთ თავი, ვიდრე რისხვა გადაივლიდეს.
- 21
რადგან, აჰა, უფალი გამოდის თავისი სამყოფელიდან, რათა დასაჯოს ქვეყნის მცხოვრებნი მათი დანაშაულის გამო, მიწა გამოაჩენს თავის სისხლს და ვეღარ დაფარავს თავის დახოცილთ.