ქებათა-ქება 3
- 1
ჩემს სარეცელზე ვეძებდი ღამღამობით ჩემი სულის შეყვარებულს, ვეძებდი, მაგრამ ვერ ვიპოვე.
- 2
ავდგები! მოვივლი ქალაქის ქუჩებსა და მოედნებს. მოვძებნი ჩემი სულის შეყვარებულს. ვეძებე და ვერ ვიპოვე.
- 3
ქალაქის შემომვლელი მცველები შემომხვდნენ: ხომ არ გინახავთ იგი, ჩემს სულს რომ უყვარს?
- 4
როგორც კი განვშორდი მათ, ვიპოვე ჩემი სულის შეყვარებული. ჩავეჭიდე და არ გავუშვი, სანამ დედაჩემის სახლში არ მივიყვანე, იმ ოთახში, სადაც ჩავისახე.
- 5
გაფიცებთ, ასულნო იერუსალიმისა, ველის ქურციკებს და ფურირმებს გაფიცებთ, ნუ გააღვიძებთ, ნუ აღძრავთ სიყვარულს, სანამ თვითონ არ მოისურვებს!
- 6
რა არის ეს, უდაბნოდან რომ ამოდის კვამლის სვეტივით, მურით, გუნდრუკით ცხებული, ვაჭართა ყოველგვარი ფერუმარილის სურნელს რომ აფრქვევს?
- 7
აჰა, სოლომონის ტახტია ეს! სამოცი ვაჟკაცია მის გარშემო, ისრაელის ძლიერთაგან.
- 8
ყველას მახვილი უპყრია - ბრძოლაში გამოცდილთ; თითოეულს ხმალი ჰკიდია თეძოზე, ღამის საფრთხეთა გამო.
- 9
ტახტრევანი გაიკეთა მეფე სოლომონმა ლიბანის ხეთაგან.
- 10
მისი სვეტები ვერცხლისგან გააკეთა, სანიდაყვენი - ოქროსგან, ტახტი - მეწამული ქსოვილისგან, რომელიც შიგნიდან იერუსალიმის ასულთა მიერ სიყვარულითაა მოფარდაგებული.
- 11
გამოდით და შეხედეთ სიონის ასულნო, მეფე სოლომონს და გვირგვინს, რომლითაც შეამკო იგი დედამისმა ქორწილისა და გულის სიხარულის დღეს.