ეკლესიასტე 4
- 1
მივუბრუნდი და ვნახე, ყოველი ძალადობა, რაც მზისქვეშეთში ხდება: აჰა, იღვრება ჩაგრულთა ცრემლი და ნუგეშისმცემელი არა ჰყავთ მათ! მჩაგვრელთა ხელთ არის ძალა, ნუგეშისმცემელი კი არა ჰყავთ მათ.
- 2
და ცოცხლებზე უფრო იღბლიანებად მკვდრები ჩავთვალე, რომლებიც უკვე დაიხოცნენ, იმათზე მეტად, დღემდე ცოცხლები რომ არიან.
- 3
ამ ორზე კარგად კი ის არის, ვინც ჯერ არ გაჩენილა, ვისაც არ უხილავს ის ბოროტება, მზისქვეშეთში რომ ხდება.
- 4
და ვიხილე, რომ ყოველგვარი შრომა და წარმატება საქმეში, კაცის ქიშპობაა მისი მოყვასისადმი; ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.
- 5
ბრიყვს გულზე ხელები დაუკრეფია და თავის ხორცს ჭამს.
- 6
ერთი მუჭა სიმშვიდე სჯობს, ორ მუჭა გარჯას და ქარის დევნას.
- 7
და კვლავ ვიხილე ამაოება მზისქვეშეთში.
- 8
იყო კაცი მარტოხელა: არც ძე ჰყავდა, არც - ძმა, მის შრომას კი ბოლო არ უჩანდა და ვერც მისი თვალები ძღებოდა სიმდიდრით. "ვისთვის ვშრომობ და სიკეთეს რისთვისღა ვაკლებ ჩემს სულს?” - ესეც ამაოება და ავი საქმეა!
- 9
ორნი სჯობიან ერთს, რადგან კარგი საზღაური აქვთ თავის შრომაში.
- 10
თუ ერთი დაეცემა, მეორე წამოაყენებს თავის მეგობარს, მაგრამ ვაი მარტოხელას, დაეცემა და არავინა ჰყავს წამომყენებელი.
- 11
დიახ, თუ ორნი დაწვებიან, თბილად იქნებიან, მარტოხელა კი როგორ გათბება?
- 12
თუ ერთს დაჯაბნის ვინმე, ორნი აღსდგებიან მის წინააღმდეგ; სამმაგი თოკი მალე არ გაწყდება.
- 13
ღატაკი, მაგრამ ბრძენი ჭაბუკი სჯობს, მოხუცებულ და ბრიყვ მეფეს, რომელიც აღარ ისმენს რჩევას,
- 14
რადგან ჭაბუკი საპყრობილედან გამოვა გასამეფებლად, თუმცა ღატაკად იყო შობილი იმ სამეფოში.
- 15
ვიხილე, რომ ყოველი, ამ მზისქვეშეთში მცხოვრები და მოარული, ამ მეორე ჭაბუკის მხარეს დგანან, რომელიც მის ნაცვლად დადგება.
- 16
ბოლო არ უჩანს იმ ხალხს, ვისაც ის წარუძღვება, თუმცა მოვლენ სხვანი მათ შემდგომ და არ გაიხარებენ მისით, რადგან ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.