ეკლესიასტე 2
- 1
ვუთხარი ჩემს თავს: "მოდი ახლა, მხიარულებას გამოვცდი, რომ ვნახო, რა არის კარგი!” და აჰა, ესეც ამაოება ყოფილა.
- 2
სიცილზე ვთქვი: "სისულელეა!” - მხიარულებაზე: "რის მაქნისია?”
- 3
ვცადე ღვინით გამეხალისებინა ჩემი სხეული, გონება კი სიბრძნით მომემართა; უგუნურებაც გამომეცადა, რათა მეხილა, რისი კეთება არის სასიკეთო კაცთათვის ცისქვეშეთში, მათი სიცოცხლის დათვლილ დღეებში.
- 4
განვავრცე ჩემი საქმეები, სახლები ავიშენე, ვენახები გავაშენე;
- 5
მოვაწყვე ჩემთვის ბაღები და წალკოტები, დავრგე იქ ყოველგვარი ხეხილი.
- 6
წყალსატევები ავაშენე, ხეების ასაყვავებლად და ბაღის მოსარწყავად.
- 7
შევიძინე მრავალი მონა და მხევალი, შინ დაბადებული მონაც მრავლად იყო ჩემს სახლში. ცხვარ-ძროხაც იმათზე მეტი მყავდა, ვინც ჩემზე წინ მეფობდა იერუსალიმში.
- 8
დავაგროვე ოქრო და ვერცხლი, სამეფო და სამხარეო საგანძურებში. დავიდგინე მომღერალი კაცნი და ქალნი, და ადამიანთა ძეთა სიამე - ხარჭა მრავალი.
- 9
განვდიდდი და გადავაჭარბე ყველას, ვინც ჩემზე წინ იყო იერუსალიმში და სიბრძნე ჩემი - გვერდში მედგა.
- 10
უარს არაფერზე ვეუბნებოდი ჩემს თვალებს, რაც არ უნდა მოესურვათ, არავითარი სიხარულისგან არ ვიკავებდი თავს, რადგან ხარობდა ჩემი გული მთელი ჩემი ნაშრომით და ეს იყო მთელი საზღაური ჩემი შრომისა.
- 11
შემდეგ დავაკვირდი ყველა ჩემს საქმეს, რომელიც ჩემმა ხელებმა მოიმოქმედეს და შრომას, რომელიც გავწიე: და აჰა, ყოველივე ამაოება და ქარის დევნა იყო და არ არის სარგებელი მზისქვეშეთში.
- 12
მოვბრუნდი, რომ სიბრძნე, სიგიჟე და სიბრიყვე მეხილა. რადგან რა შეუძლია გააკეთოს კაცმა, ვინც მეფის შემდეგ მოვა? მხოლოდ ის, რაც უკვე გაკეთებულია.
- 13
და ვნახე, რომ სიბრძნე აღემატება სიბრიყვეს, ისევე, როგორც სინათლე - სიბნელეს,
- 14
რადგან ბრძენის თვალები მის გონებაშია, ბრიყვი კი სიბნელეში დადის; და მაინც - ერთი ხვედრი ეწევათ ორივეს.
- 15
ვთქვი ჩემთვის: "მეც და ბრიყვსაც ერთი ხვედრი გვაქვს, მაშ, რაღად ვიყავ სხვაზე ბრძენი?” და ვთქვი ჩემს გულში, ესეც ამაოებაა,
- 16
არც ბრძენი ეხსომებათ მარადიულად და არც - ბრიყვი. ყველაფერი დავიწყებულ იქნება მომავალ დღეებში. ბრძენიც ისევე კვდება, როგორც ბრიყვი!
- 17
მოვიძულე ცხოვრება, რადგან მწუხარებად მივიჩნიე ყოველივე რაც მზისქვეშეთში ხდება; რადგან ამაოებაა ყოველივე და ქარის დევნა!
- 18
მთელი ჩემი ნახელავიც მოვიძულე, რისთვისაც ამ მზისქვეშეთში მიშრომია, რადგან ვუტოვებ კაცს, ჩემ შემდეგ მოსულს.
- 19
და ვინ იცის, ბრძენი იქნება იგი თუ ბრიყვი; ვინც დაეპატრონება მთელ ჩემს ნაშრომს, ჩემი შრომითა და სიბრძნით მოპოვებულს მზისქვეშეთში. ესეც ამაოებაა!
- 20
ამიტომ გული ამიცრუვდა - მზისქვეშეთში მთელი ჩემი შრომის ნაყოფზე.
- 21
ვინაიდან არის კაცი, რომელიც სიბრძნით, ცოდნითა და ნიჭით იღწვის, მემკვიდრეობას კი ისეთ კაცს უტოვებს, რომელსაც არ უშრომია. ესეც ამაოებაა და დიდი ბოროტება!
- 22
მაშ, რაღას იღებს ადამიანი, მთელი მისი შრომისა და გულის წადილის შედეგად რომ შრომობს მზისქვეშეთში?
- 23
აკი ტკივილია დღეები მისი და მწუხარება - საქმე მისი, ღამითაც კი არ აქვს მოსვენება მის გულს. ესეც ამაოებაა.
- 24
კაცისთვის არაფერია იმაზე უკეთესი, რომ ჭამოს, სვას და თავისი ნაშრომის სიკეთით დატკბეს; ვიხილე ეს და ვთქვი - ესეც, ღმერთის ხელიდანაა.
- 25
რადგან ვინ შეჭამს და ვინ დატკბება - მის გარეშე?
- 26
მისთვის სათნო კაცს, ღმერთი სიბრძნეს, ცოდნასა და სიხარულს აძლევს. ცოდვილს კი - მოგროვებისა და შეკრების საზრუნავი მისცა, რათა ღმერთის სათნოს დაუტოვოს მონაგარი. ესეც ამაოებაა და ქარის დევნა.