ფსალმუნები 91
- 1
ფსალმუნი. გალობა შაბათის დღისათვის. კარგია ვადიდოთ უფალი და გუგალობოთ შენს სახელს, უზენაესო!
- 2
გაუწყოთ დილდილობით შენი წყალობა და ჭეშმარიტება შენი ღამღამობით.
- 3
ათსიმიანზე და ჩანგზე, გალობით - ქნარზე.
- 4
რაკი გამამხიარულე, უფალო, შენი ნამოქმედარით, შენთა ხელთა ნასაქმარს ვუგალობებ.
- 5
რაოდენ დიდია შენი საქმეები, უფალო, ფრიად ღრმაა შენი ზრახვები.
- 6
უგუნური კაცი ვერ შეიცნობს და უმეცარი ვერ გაიგებს ამას,
- 7
როცა ბოროტნი აყვავდებიან ბალახივით და აღორძინდება ყველა - მოქმედი სიმრუდისა, რომ დაიღუპონ საუკუნოდ.
- 8
ხოლო შენ მაღალი ხარ მარადჟამს, უფალო!
- 9
რადგანაც, აგერ, შენი მტრები, უფალო, რადგანაც, აგერ, შენი მტრები იღუპებიან, განიბნევიან ყველანი - სიმრუდის მოქმედნი.
- 10
მოამაღლებ რქას ჩემსას მარტორქის რქისებრ, ცხებული ვარ ხასხასა ზეთით.
- 11
უჭვრეტს ჩემი თვალი ჩემს მტრებს, ჩემს წინააღმდეგ აღმდგარ ბოროტმოქმედებზე გაიგონებენ ჩემი ყურები.
- 12
წმიდანი ფინიკივით გაიფურჩქნება, ლიბანის კედარივით წამოიმართება.
- 13
უფლის სახლში დარგულნი, ჩვენი ღმერთის ეზოებში აყვავდებიან;
- 14
სიბერეშიც გამოიღებენ ნაყოფს - წვნიანსა და ხასხასას.
- 15
რათა განვაცხადო, რომ მართალია უფალი, ჩემი საყრდენი, და არ არის მასში უსამართლობა.