ფსალმუნები 68
- 1
გუნდის ლოტბარს. შოშანის საკრავზე, დავითის ფსალმუნი. მიხსენი, ღმერთო, რადგან სულამდე მოვიდა წყალი.
- 2
ჩავიძირე გაუვალ ლაფში და არ არსებობს დასადგომი; შევედი წყლის სიღრმეში და სწრაფმა დინებამ წამიღო.
- 3
მოვიქანცე ღაღადით, ყელი გამიშრა, თვალები ამომიღამდა ჩემი ღმერთის მოლოდინში.
- 4
ჩემი თავის ბალანზე მეტია ჩემი უმიზეზოდ მოძულენი; გაძლიერდნენ ჩემი მოსპობის მსურველნი, ჩემზე ტყუილ-უბრალოდ გადამტერებულნი; რაც არ წამირთმევია, ის უნდა დავუბრუნო.
- 5
ღმერთო, შენ უწყი ჩემი უვიცობა და ჩემი დანაშაული დაფარული არ არის შენგან.
- 6
ნუ შერცხვებიან ჩემს გამო შენი მოიმედენი, უფალო, ღმერთო ძალთა; ნუ გაწბილდებიან ჩემს გამო, ვინც შენ გეძებს, ღმერთო ისრაელისა.
- 7
რადგანაც შენი გულისათვის მივიღე ლანძღვა, სირცხვილმა დაფარა ჩემი სახე.
- 8
შორეული გავხდი ჩემი ძმებისათვის და უცხო - დედაჩემის შვილთათვის.
- 9
რადგან შენი სახელის შურმა დამღრღნა მე და შენთა მლანძღველთა ლანძღვა დამატყდა თავს.
- 10
და ვტირი ჩემი სულის მარხვით, და მათი სალანძღავი გავხდი.
- 11
და ჩავიცვი სამოსად ძაძა და იგავად ვიქეცი მათთვის.
- 12
ჩემზე ლაპარაკობენ კარიბჭესთან მსხდომნი და მღერიან ღვინის მსმელნი.
- 13
და მე ვლოცულობ შენს მიმართ, უფალო, სასურველ დროს; ღმერთო, შენი დიდი წყალობით მიპასუხე შენი შველის ჭეშმარიტებით.
- 14
მიხსენი ლაფისგან და არ დავინთქა, გადამარჩინე ჩემთა მოძულეთა და წყლის სიღრმეთაგან.
- 15
ნუ გამიტაცებს წყლის ტალღა და ნუ ჩამყლაპავს მორევი და ნუ შეიკრავს ჩემზე პირს ჭა.
- 16
მიპასუხე, უფალო, რადგან კარგია შენი წყალობა; შენი დიდი სიბრალულით გადმომხედე.
- 17
ნუ დაფარავ სახეს შენი მორჩილისგან, რადგან მიჭირს; სწრაფად მიპასუხე.
- 18
მოუახლოვდი ჩემს სულს, გადაარჩინე; ჩემი მტრების ჯიბრით მიხსენი.
- 19
შენ იცი ჩემი გალანძღვა, ჩემი გაწბილება და ჩემი შერცხვენა; შენს თვალწინ არიან ჩემი მტრები.
- 20
დამცირებამ დაამსხვრია ჩემი გული და ქანცი გამიწყდა; ველოდი თანამგრძნობლებს და არავინ იყო, მანუგეშებელს და - ვერ ვპოვე.
- 21
და აურიეს ჩემს საჭმელში ძირმწარე და წყურვილის დროს მასვეს ძმარი.
- 22
იყოს მათი ტაბლა მათთვის ხაფანგად და სიმშვიდის ჟამს - მახედ.
- 23
დაბნელდეს თვალნი მათნი და წელი მათი სამუდამოდ მოადუნე.
- 24
გადმოაფრქვიე მათზე შენი მრისხანება და შენი რისხვის ალი ეწიოთ მათ.
- 25
სამკვიდრებელი მათი გაპარტახდეს, მათ კარვებში არ იყოს მკვიდრი.
- 26
ვინაიდან, ვინც შენ გვემე, დევნიან, და შენს გვემილთა სატკივარს ამრავლებენ.
- 27
დაურთე ცოდვა მათს ცოდვას და ნუმც შეაღწევენ შენს სიმართლეში.
- 28
ამოიშალონ ცოცხალთა წიგნიდან და წმიდანებთან ნუ ჩაიწერებიან.
- 29
ხოლო მე ღარიბი და დავრდომილი ვარ. შენმა შველამ, ღმერთო, დამიფაროს მე.
- 30
ვაქებ ღმერთის სახელს; გალობით განვადიდებ, მადლიერებით.
- 31
და უფრო მოეწონება ეს უფალს, ვიდრე ხარი, მოზვერი რქიანი და ჩლიქიანი.
- 32
რადგან მოუსმენს ღატაკებს უფალი და თავის ტყვეებს არ უგულებელყოფს.
- 33
ნახავენ მოკრძალებულნი, გაიხარებენ და გაცოცხლდება გული თქვენი, მაძიებელნო ღმერთისა.
- 34
განადიდებენ მას ცა და დედამიწა, ზღვები და ყოველი, მათში მოძრავი.
- 35
რადგანაც ღმერთი დაიხსნის სიონს და ააშენებს იუდას ქალაქებს, და დასახლდებიან იქ და დაიმკვიდრებენ.
- 36
მის მორჩილთა შთამომავლობა დაეუფლება მას და მისი სახელის მოყვარულნი დაბინავდებიან მასში.