ფსალმუნები 37
- 1
ფსალმუნი დავითისა, გასახსენებელი. უფალო, შენი განრისხებისას ნუ მამხილებ და შენი რისხვის ჟამს ნუ დამსჯი.
- 2
რადგან შენი ისრები ჩემშია განწონილი და შენი ხელი მამძიმებს მე.
- 3
არ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში შენი რისხვის გამო; არ არის მშვიდობა ჩემს ძვლებში ჩემი ცოდვის გამო.
- 4
რადგან ცოდვანი ჩემნი გასცილდნენ ჩემს თავს, მძიმე ტვირთივით დამძიმდნენ ჩემგან.
- 5
აყროლდნენ, დალპნენ ჩემი წყლულები ჩემი უგუნურობის გამო.
- 6
წელში მოვიხარე, ერთობ დავმდაბლდი, მთელ დღეს ნაღვლიანი დავიარები.
- 7
რადგან ჩემი წელი გათანგულია სიცხით და აღარ არის ჯანსაღი ადგილი ჩემს სხეულში.
- 8
დავუძლურდი და დავძაბუნდი მეტისმეტად, ვღრიალებ ჩემი გულის სატკივრით.
- 9
უფალო, შენს წინაშეა ყველა ჩემი სურვილი და ჩემი ოხვრაც დაფარული არ არის შენგან.
- 10
ჩემი გული თრთის, ძალღონე განმიდგა და თვალთა ჩემთა სინათლე - აღარც ის არის ჩემთან.
- 11
ჩემი მოყვარულნი და მეგობარნი განერიდნენ ჩემს წყლულებს, და ჩემი ახლობლები შორს გამიდგნენ.
- 12
მახე დამიგეს ჩემი სულის მაძიებლებმა, ჩემი სიავის მსურველები ბჭობენ სიცრუეს, და მთელ დღეს მზაკვრობაზე ფიქრობენ.
- 13
მე კი ვერ ვისმენ, ვითარცა ყრუ და ვითარცა მუნჯი, პირს რომ ვერ აღებს.
- 14
და დავემგვანე კაცს, რომელსაც არ ესმის და რომლის ბაგეებსაც არ გააჩნია პასუხი.
- 15
რადგან შენ გელოდები, უფალო, შენ უპასუხე, უფალო, ღმერთო ჩემო.
- 16
რადგან ვთქვი: ნუმც გაიხარონ ჩემზე; თუ ფეხი გადამიბრუნდა, გაბატონდებიან ჩემზე.
- 17
რადგან მარცხისთვის მე მზადა ვარ და ჩემი სატკივარი ჩემს წინაა მუდამ.
- 18
რადგანაც ჩემს ბრალს განვაცხადებ, ვიდარდებ ჩემს ცოდვაზე.
- 19
ჩემი მტრები კი ცოცხლობენ, ძლიერდებიან და მრავლდებიან ჩემი ამაოდ მოძულენი.
- 20
კეთილის წილ ბოროტის გადამხდელნი მმტრობენ იმისთვის, რომ კეთილს ვცდილობ.
- 21
ნუ მიმატოვებ, უფალო, ღმერთო ჩემო, ნუ გამშორდები.
- 22
გამოეშურე ჩემს შესაწევნად, უფალო, მშველელო ჩემო!