ფსალმუნები 34
- 1
დავითისა. ედავე, უფალო, ჩემს მოდავეებს, ებრძოლე ჩემს წინააღმდეგ მებრძოლთ.
- 2
მოიმარჯვე ფარი და ჯავშანი და აღსდექ ჩემდა შესაწევნელად.
- 3
იშიშვლე მახვილი და გზა გადაუკეტე ჩემს მდევნელებს: უთხარი ჩემს სულს: „შენი მხსნელი ვარ“.
- 4
შერცხვნენ და გაწბილდნენ ჩემი სულის მაძიებელნი, უკუიქცნენ და სირცხვილნაჭამნი დარჩნენ ჩემზე სიავის მოფიქრალნი.
- 5
შეიქნენ ვითარცა ჩელხი ქარის წინაშე და უფლის ანგელოზმა უკუაგდოს ისინი.
- 6
იყოს მათი გზები ბნელი და მოლიპული და უფლის ანგელოზი სდევნიდეს მათ.
- 7
რადგან უმიზეზოდ მომიმზადეს ორმო თავიანთი ხაფანგით, უმიზეზოდ არცხვენდნენ ჩემს სულს.
- 8
და ეწიოს მას უბედურება მოულოდნელად და მახეში, რომელიც მოამზადა, თვითონ გაებას, დასაღუპავად ჩავარდეს შიგ;
- 9
ჩემი სული კი იხარებდეს უფლით, ილხენდეს მისი შემწეობით.
- 10
ყოველნი ძვალნი ჩემნი იტყვიან: უფალო, ვინ არის შენი მსგავსი? შენ იხსნი საწყალს ძლიერისაგან, ღარიბს და ღატაკს - მისი მძარცველისაგან.
- 11
აღდგებიან ჩემს მიმართ ბოროტი ცრუმოწმენი; რაც არ ვიცი, იმას მკითხავენ.
- 12
სიკეთის წილ ბოროტით მიხდიან, ჩემი სულის დაობლება სურთ.
- 13
ხოლო მე მათი სნეულების ჟამს ძაძებს ვიცვამდი, ჩემს სულს მარხვით ვაძაბუნებდი და ჩემი ლოცვა ჩემთან ბრუნდებოდა.
- 14
როგორც მეგობრის, როგორც ჩემი ძმის მიმართ, ისე ვიქცეოდი; მგლოვიარე დედასავით თავჩაღუნული ვიარებოდი.
- 15
ხოლო ჩემი მარცხის ჟამს ხარობდნენ და იკრიბებოდნენ; იკრიბებოდნენ ჩემს წინააღმდეგ სულმდაბალნი და არ ვიცოდი - რატომ; სულს მიგლეჯდნენ და არ მეშვებოდნენ.
- 16
პირფერული მანჭვა-დაცინვით აღრჭენდნენ კბილებს ჩემს წინააღმდეგ.
- 17
უფალო, რამდენს უყურებ? დამიბრუნე ჩემი სული მათი გაპარტახებისგან, ლომის ბოკვერებისგან - მხოლოდშობილი ჩემი.
- 18
მადლობას გეტყვი დიდ კრებულში, მირიად ხალხში შეგასხამ ხოტბას.
- 19
არ გაიხარონ ჩემზე მტრებმა ტყუილუბრალოდ, ჩემი მოძულენი უმიზეზოდ თვალით ანიშნებენ ერთიმეორეს.
- 20
რადგან მშვიდობაზე არ ლაპარაკობენ და ქვეყნიერების მორჩილთა მიმართ მზაკვრობას ფიქრობენ.
- 21
ფართოდ გააღეს პირი ჩემზე, თქვეს: ოჰო! ოჰო! იხილა თვალმა ჩვენმა.
- 22
შენ ხომ ნახე, უფალო, ნუ დადუმდები, ღმერთო, ნუ განმერიდები მე;
- 23
გამოიღვიძე, გამოიღვიძე ჩემდა განსაკითხად, ღმერთო და უფალო ჩემო, ჩემი დავის გასარჩევად.
- 24
გამასამართლე შენი სიმართლით და ნურავინ გაიხარებს ჩემზე.
- 25
ნუ იტყვიან თავიანთ გულში: ოჰო! ასე გვენება. ნუ იტყვიან: ჩავყლაპეთ იგი.
- 26
შერცხვნენ და გაწბილდნენ ყველანი, ვისაც ჩემი ცუდი უხარია, სირცხვილით შეიმოსონ, ვინც ჩემთან მედიდურად იქცევა.
- 27
იგალობონ და იმხიარულონ ჩემი სიმართლის მსურველებმა და თქვან მარადჟამს: განდიდდეს უფალი, მისი მორჩილისთვის მშვიდობის მსურველი.
- 28
და ჩემი ენა იღაღადებს სიმართლეს შენსას და ქებას შენსას დღენიადაგ.