ფსალმუნები 32
- 1
იხარეთ, მართალნო, უფალში; გულწრფელებს შეშვენით შექება.
- 2
ადიდეთ უფალი ქნარით, ათსიმიანი ებნით უგალობეთ მას.
- 3
უგალობეთ მას გალობა ახალი, უკეთ ააწყეთ ჰანგი მოძახილით.
- 4
რადგან სწორია სიტყვა უფლისა და ყოველი საქმე მისი ჭეშმარიტია.
- 5
უყვარს სიმართლე და სამართალი; უფლის წყალობით სავსეა ქვეყანა.
- 6
უფლის სიტყვით შეიქმნა ზეცა და მისი ბაგეების ქარით - მთელი მისი საკრებულო.
- 7
შეკრიბა, ვითარცა ტიკში, წყლები ზღვისანი, საცავებში მოათავსა უფსკრულები.
- 8
ეშინოდეს უფლისა მთელ დედამიწას, თრთოდეს მისგან ყველა მკვიდრი სამყაროისა.
- 9
რადგან მან თქვა და - შეიქმნა, მან ბრძანა და - არსებობს.
- 10
უფალი ჩაშლის ხალხების აზრებს, გააცამტვერებს ხალხების ზრახვებს.
- 11
აზრი უფლისა იარსებებს მარადიულად და თაობიდან თაობამდე - ზრახვანი მისნი.
- 12
ნეტარ არს ხალხი, რომლისთვისაც უფალია ღმერთი, ხალხი - მისდა სამემკვიდრეოდ ამორჩეული.
- 13
ზეციდან იმზირება უფალი, ხედავს ყველა ადამიანს.
- 14
თავისი საბრძანისიდან უთვალთვალებს ქვეყნის ყველა მკვიდრს.
- 15
მან შეჰქმნა გული თითოეულისა, და სწვდება ყველა მათ საქმეს.
- 16
მეფეს ვერ უშველის ჯარის სიმრავლე, გმირს ვერ იხსნის დიდი ძალა.
- 17
უიმედოა ცხენი შველისათვის და თავისი ჯარების სიმრავლე ვერ იხსნის.
- 18
აი, თვალი უფლისა მის მოშიშთა თავზე, ვინც მის წყალობას ელის;
- 19
რომ იხსნას მათი სული სიკვდილისაგან და ასაზრდოოს შიმშილობის დროს.
- 20
ჩვენი სული მომლოდინეა უფლისა, ის არის დამხმარე და მფარველი ჩვენი.
- 21
რადგან მისით ხარობს ჩვენი გული, რადგან ვესასოებით მის წმიდა სახელს.
- 22
იყოს ჩვენდამი, უფალო, შენი წყალობა, რადგანაც შენზე ვამყარებთ იმედს.