ფსალმუნები 30
- 1
გუნდის ლოტბარს, დავითის ფსალმუნი. შენ გესავ, უფალო, ნურც შევრცხვენილვარ ნურასოდეს; შენი სიმართლით გამომიხსენი.
- 2
მომაპყარ ყური შენი, სწრაფად გადამარჩინე, იყავ ჩემთვის კლდე-ბურჯი, ციხე- სიმაგრე ჩემს დასახსნელად.
- 3
რადგანაც ჩემი კლდე და ბურჯი ხარ; შენი სახელის გულისათვის გზა მიჩვენე და გამიძეხი.
- 4
გამომიყვანე მახისაგან, რომელიც ჩუმად დამიგეს, რადგან შენა ხარ სიმაგრე ჩემი.
- 5
შენს ხელს შევავედრებ ჩემს სულს. შენ დამიხსნი, უფალო, ღმერთო ჭეშმარიტო.
- 6
შევიძულე ამაოების დამცველები და მე მივენდე უფალს.
- 7
შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
- 8
და არ მიმეცი ხელსა მტრისასა; ფართოდ დაამკვიდრე ფეხნი ჩემნი.
- 9
შემიწყალე უფალო, რადგან მიჭირს; დაიშრიტა წუხილით თვალი ჩემი, სული ჩემი და მუცელი ჩემი.
- 10
რადგან გაილია ნაღველში ჩემი სიცოცხლე და ჩემი წლები - გლოვაში. დაუძლურდა ჩემი ძალა ჩემი ცოდვებით და ჩემი ძვლები გაიხრწნა.
- 11
ყველა ჩემი მტრისაგან შერცხვენილი შევიქენი და მეზობლებისაგან - მეტად, და საშიში ნაცნობთათვის; ვინც კი ქუჩაში დამინახავდა, გარბოდა ჩემგან.
- 12
გულიდან ამომიგდეს, ვითარცა მკვდარი; დამსხვრეულ ჭურჭელს ვემსგავსებოდი.
- 13
რადგან მესმოდა ცილისწამება მრავალთა, შიში ყოველი მხრიდან, რაჟამს შეითქვნენ ჩემს წინააღმდეგ, ჩემი სულის ამოხდა განიზრახეს.
- 14
მე კი შენზე ვარ დაიმედებული, უფალო, ვთქვი: შენა ხარ ჩემი ღმერთი.
- 15
შენს ხელთ არის ჩემი დრო-ჟამი. მიხსენი ჩემთა მდევართა და მტერთა ხელიდან.
- 16
უჩვენე შენი ბრწყინვალე სახე შენს მორჩილს, გადამარჩინე შენი წყალობით.
- 17
უფალო, ნუ შემარცხვენ, რადგან შენ მოგიხმობ, დაე, შერცხვნენ ბოროტნი და დადუმდნენ ქვესკნელში.
- 18
დაე, დამუნჯდნენ ცრუ ბაგეები, რომელნიც უხეშად ლაპარაკობენ მართალზე - ქედმაღლობით და სიძულვილით.
- 19
რაოდენ მრავალი გაქვს სიკეთე, შენთა მოშიშთათვის რომ ინახავ, შენს მსასოებელთ, რომ განუმზადე ადამის ძეთა წინაშე.
- 20
შეიფარე ისინი შენი პირის საფარველქვეშ ადამიანის ხრიკებისაგან, დაიცავი ისინი ენით მომხდარი დავიდარაბისაგან.
- 21
კურთხეულ არს უფალი, რომ მომივლინა საკვირველი თვისი წყალობა ალყაშემორტყმულ ქალაქში.
- 22
და მე ვფიქრობდი ძრწოლით: „მოწყვეტილი ვარ შენთა თვალთაგან“, მაგრამ შენ ისმინე ხმა ჩემი მუდარისა, როცა მოგიხმე შემწეობისთვის.
- 23
შეიყვარეთ უფალი, წმიდანებო მისნო; ერთგულებს იცავს უფალი და მრავალკეცად მიუზღავს ამპარტავნებს.
- 24
გამხნევდით და გული გაიმაგრეთ ყველამ, ვისაც უფლის მოლოდინი გაქვთ.