ფსალმუნები 24
- 1
დავითის ფსალმუნი. შენსკან აღვაპყარ, უფალო, სული ჩემი.
- 2
ღმერთო ჩემო! შენ გესავ, ნუ შევრცხვები, ნუ იზეიმებს მტერი ჩემზე.
- 3
ასევე ყველა, ვინც შენით სასოებს, ნუ შერცხვება. შერცხვნენ ამაოდ შემცოდველნი.
- 4
შენი გზები მაუწყე, უფალო, მასწავლე შენი კვალი.
- 5
წარმიძეღ შენი ჭეშმარიტებით და მასწავლე, რადგან შენა ხარ ღმერთი ჩემი ხსნისა; შენ გესავ ყოველდღე.
- 6
გაიხსენე, უფალო, წყალობა შენი და გულმოწყალება შენი, რადგან ისინი საუკუნოა.
- 7
ცოდვანი ჩემი სიჭაბუკისა და ბრალი ჩემი არ გაიხსენო; გამიხსენე შენი გულმოწყალებით, შენი სიკეთით, უფალო.
- 8
კეთილი არის უფალი და მართალი, ამიტომ ცოდვილთ აყენებს გზაზე.
- 9
წაუძღვება თავმდაბალთ სამართალში და თავიანთ გზას ასწავლის მორჩილთ.
- 10
ყველა გზა უფლისა წყალობაა და ჭეშმარიტება მის აღთქმათა და მცნებათა შემნახველთათვის.
- 11
შენი სახელისათვის, უფალო, შემინდე ჩემი შეცოდება, რადგან დიდია იგი.
- 12
ვინ არის კაცი მოშიში ღვთისა? მას გზას უჩვენებს ამოსარჩევად.
- 13
მისი სული კეთილად განისვენებს და მისი მოდგმა დაიმკვიდრებს ქვეყანას.
- 14
საიდუმლო უფლისა - მოშიშთა მისთა, და თავის აღთქმას აუწყებს მათ.
- 15
ჩემი თვალები მიმართულია მუდამ უფლისკენ, რადგანაც იგი მახისაგან იხსნის ჩემს ფეხებს.
- 16
გადმომხედე და შემიწყალე მე, ვინაიდან მარტოდმარტო და ბედუკუღმართი ვარ.
- 17
განივრცო ტანჯვა ჩემი გულისა, მიხსენი ჩემი გაჭირვებიდან.
- 18
შეხედე ჩემს ტანჯვას და დაქანცულობას და მაპატიე ყველა ჩემი შეცოდება.
- 19
შეხედე, როგორ გამრავლდნენ ჩემი მტრები და საშინელი სიძულვილით შემიძულეს მე.
- 20
შენ დაიფარე ჩემი სული და დამიხსენი, ნუ შევრცხვები, რადგანაც შენ გესავ.
- 21
უბიწოებამ და სიმართლემ დამიფაროს მე, რაკიღა შენი იმედით ვარ.
- 22
იხსენ, უფალო, ისრაელი ყოველი მისი გასაჭირიდან.