ფსალმუნები 148
- 1
ადიდეთ უფალი. ადიდეთ უფალი ზეციდან, ადიდეთ იგი სიმაღლეებში.
- 2
ადიდეთ იგი, ყოველნო ანგელოზნო მისნო, ადიდეთ იგი, ყოველნო ძალნო მისნო.
- 3
ადიდეთ იგი, მზეო და მთვარევ, ადიდეთ იგი, ყოველნო შუქურვარსკვლავნო.
- 4
ადიდეთ იგი, ცანო ცათანო, და წყლებო, რომელნიც ცათა მაღლა ხართ.
- 5
ადიდონ სახელი უფლისა, რადგან მან ბრძანა და შეიქმნენ.
- 6
და დააყენა ისინი უკუნითი უკუნისამდე, კანონი მისცა და არავინ გადაუხვევს.
- 7
ადიდეთ უფალი დედამიწიდან, ვეშაპნო და ყოველნო უფსკრულნო,
- 8
ცეცხლო და სეტყვავ, თოვლო და კვამლო, ქარბუქო, მისი სიტყვის შემსრულებელო,
- 9
მთანო და ყოველნო ბორცვნო, მსხმოიარე ხევ და ყოველნო კედარნო.
- 10
მხეცნო და ყოველნო პირუტყვნო, ქვეწარმავალო და ფრინველო ფრთოსანო;
- 11
მეფენო ქვეყნისა და ყოველნო ერნო, მთავარნო და ყოველნო მსაჯულნო ქვეყნისა.
- 12
ჭაბუკნო და თქვენც, ქალწულნო, მოხუცნო, ყმაწვილებთან ერთად,
- 13
ადიდეთ სახელი უფლისა, რადგან მხოლოდ მისი სახელია ამაღლებული, მისი სიდიდეა ქვეყნად და ცაში.
- 14
და მოამაღლა ღირსება თავისი ხალხისა, დიდება ყოველი მისი წმიდანისა, ძეთა ისრაელისა, მასთან დაახლოებული ხალხისა. ადიდეთ უფალი!