იობი 34
- 1
განაგრძო ელიჰუმ და თქვა:
- 2
"ისმინეთ, ბრძენნო, ჩემი სიტყვები! ყური მომაპყარით, მცოდნენო.
- 3
რადგან ყური გამოსცდის სიტყვებს, სასა კი საჭმელს უგებს გემოს;
- 4
ავირჩიოთ სამართალი და ჩვენს შორის ვიცოდეთ, რა არის კარგი.
- 5
რადგან თქვა იობმა: მართალი ვარ და ღმერთმა წამართვაო სამართალი;
- 6
გამტყუნდა ჩემი სამართალი! უკურნებელია ჩემი იარა, თუმცა უდანაშაულო ვარო.
- 7
ვინ არის იობის მსგავსი კაცი, დაცინვას რომ სვამდეს წყალივით?
- 8
უმართლობის ჩამდენთაკენ რომ მიემართება და ბოროტეულის გზებით რომ დაიარება?
- 9
რადგან თქვა: არაფრად არგიაო კაცს, რომ ღმერთს აამოს.
- 10
ამიტომ ისმინეთ ჩემი, გამგებო კაცებო! შორს არის ღმერთი ბოროტებისგან და ყოვლადძლიერი უმართლობისგან!
- 11
რადგან თავისი საქმისამებრ მიუზღავს ადამიანს, და მისი გზისამებრ მიაგებს კაცს.
- 12
ჭეშმარიტად, არ ჩაიდენს ბოროტებას ღმერთი და არ გაამრუდებს სამართალს ყოვლადძლიერი!
- 13
ვინ ჩააბარა მას დედამიწა? ვინ მიანდო მას მთელი სამყარო?
- 14
თუ თავისკენ მიაბრუნა თავისი გული და უკანვე წაიღო თავისი სული და სუნთქვა,
- 15
ერთიანად გაწყდება ყოველი ხორციელი და მიწის მტვერს დაუბრუნდება ადამიანიც.
- 16
თუ გაგება გაქვს, მოისმინე ეს, ყურად იღე ჩემი სიტყვები!
- 17
ნუთუ სამართლის მოძულე იგანმგებლებს? ნუთუ მსჯავრს დასდებ ძალმოსილ მართალს?
- 18
ვინ ეუბნება მეფეს: არარაობავ! და დიდგვაროვანს - უკეთურო!
- 19
ვინ არ ელაქუცება მთავრებს და მდიდარს ღარიბზე მეტად არ თვლის, რადგან ყველანი მისი ხელით არიან შექმნილნი.
- 20
წამში დაიხოცებიან ისინი; შუაღამეს იძვრის ხალხი და იღუპება; წაიყვანენ და მოაშორებენ ძლიერს კაცის ხელის გარეშე,
- 21
რადგან კაცის გზებზეა მისი თვალები და ის ხედავს მის ყოველ ნაბიჯს.
- 22
არც წყვდიადია და არც შავეთის ჯურღმული, რომ იქ დაიმალონ დანაშაულის მოქმედნი;
- 23
რადგან არავის უწესებს ვადას იგი, რომ მივიდეს ღმერთთან სამსჯავროზე;
- 24
გამოკვლევის გარეშე ამსხვრევს ძლიერთ და მათ ნაცვლად სხვებს აყენებს,
- 25
რადგან იცის მათი ნამოქმედარი, ღამით დაამხობს მათ და შეიმუსრებიან;
- 26
დაჰკრავს მათ, ბოროტეულთა მსგავსად, ყველას დასანახად,
- 27
იმიტომ, რომ ზურგი აქციეს მას და არ შეიმეცნეს მისი გზები;
- 28
მივიდა მასთან ღატაკთა ღაღადი და ესმის მას ჩაგრულთა მუდარა;
- 29
როცა დუმს იგი, ვინ არის მისი მსჯავრმდებელი? როცა სახეს მალავს, ვინ არის მისი მხილველი? ხალხი იქნება ეს თუ ერთი კაცი.
- 30
რომ არ იმეფოს უღვთო კაცმა ხალხის საცდუნებლად.
- 31
თუ უთქვამს ვინმეს ღმერთისთვის: ვიტვირთე სასჯელი, აღარ შევცოდავ;
- 32
შენ მასწავლე, რასაც ვერ ვხედავ; თუ დანაშაული ჩავიდინე, აღარ ჩავიდენ.
- 33
განა შენი განსჯისამებრ უნდა მიაგებდეს იგი, როცა მის სიმართლეს უარყოფ? შენ უნდა აირჩიო და არა მე, ილაპარაკე, რაც იცი.
- 34
გამგები ადამიანი მეტყვის, და ბრძენი ადამიანი, მე რომ მისმენს:
- 35
იობი უაზროდ ლაპარაკობს, მის სიტყვებში სიბრძნე არ არისო.
- 36
ნეტავი ბოლომდე გამოიცდებოდეს იობი, ბოროტეულთა მსგავსად რომ პასუხობს,
- 37
რადგან თავის ცოდვას ამბოხს უმატებს, ხელს ხელზე ურტყამს და ღვთის საწინააღმდეგო სიტყვებს ამრავლებს ჩვენ შორის!”