იობი 32
- 1
შეწყვიტა ამ სამმა კაცმა იობისთვის პასუხის გაცემა, რადგან მართალი იყო იგი თავის თვალში.
- 2
რისხვით აღენთო ელიჰუ, ბუზელი ბარაქელის ძე, რამის საგვარეულოდან: და განრისხდა იობზე იმის გამო, რომ თავის თავს ღმერთის წინაშე მართლად თვლიდა;
- 3
თავის სამ მეგობარზეც განრისხდა, რადგან პასუხი ვერ გასცეს იობს და მაინც მსჯავრი დასდეს მას;
- 4
აცლიდა ელიჰუ იობს ლაპარაკს, რადგან ყველანი მასზე უფროსები იყვნენ წლებით.
- 5
რაკი დაინახა ელიჰუმ, რომ ამ სამი კაცის ბაგეს პასუხი არ გააჩნდა, რისხვით აღენთო.
- 6
და ილაპარაკა ელიჰუმ, ბუზელი ბარაქელის ძემ: "მე წლებით უმცროსი ვარ, თქვენ კი მოხუცებულნი; ამიტომ მერიდებოდა და მეშინოდა თქვენთვის ჩემი აზრი მეთქვა.
- 7
ვიფიქრე: უმჯობესია დღეებმა ილაპარაკონ და წლების სიმრავლემ ასწავლოს სიბრძნე.
- 8
მაგრამ სული იმყოფება ადამიანში და ყოვლადძლიერის სუნთქვა აძლევს მას გონიერებას;
- 9
ხანდაზმულნი ყოველთვის არ არიან ბრძენნი და მხოლოდ უხუცესნი როდი ხვდებიან სამართალს.
- 10
ამიტომ ვამბობ - მომისმინეთ, მეც გამოვთქვა ჩემი აზრი.
- 11
აჰა, ვუცდიდი თქვენს სიტყვებს და ვუსმენდი თქვენს მსჯელობას, როცა ეძებდით სათქმელს.
- 12
გაკვირდებოდით და, აჰა, არ არის თქვენ შორის მამხილებელი, რომ პასუხი გასცეს იობს.
- 13
ნუ იტყვით: სიბრძნე ვიპოვეთ, რადგან ღმერთი ამხელს მას და არა კაციო.
- 14
ჩემს წინააღმდეგ არ მოუმართავს სიტყვები და არც მე ვუპასუხებ თქვენი გამონათქვამებით.
- 15
შეშინდნენ, ვეღარ უპასუხეს, გამოელიათ სიტყვები;
- 16
მეც ველოდებოდი, როდის შეწყვეტდნენ ლაპარაკს, რაკი დადგნენ და აღარ პასუხობდნენ.
- 17
ვთქვი: მეც გავცემ ჩემს წილ პასუხს, მეც გამოვთქვამ ჩემს შეხედულებას.
- 18
რადგან სავსე ვარ სიტყვებით: შიგნიდან მაწვება სული;
- 19
აჰა, თავმოუხდელი ღვინოსავით მაქვს გული, გასკდომაზეა, როგორც ახალი ტიკი;
- 20
ვილაპარაკებ და დავმშვიდდები; გავხსნი ბაგეებს და ვუპასუხებ;
- 21
პირფერობას არ დავუწყებ კაცს, და ადამიანს არ მიველაქუცები.
- 22
რადგან ლაქუცი არ ვიცი და თუ ვილაქუცებ, უმალ წამიყვანოს შემოქმედმა!