ნეემია 4
- 1
როცა გაიგო სანბალატმა, რომ კედელს ვაშენებთ, გაბრაზდა, ძალიან განრისხდა და დაცინვა დაუწყო იუდაელებს.
- 2
თავისი ძმებისა და სამარიის ლაშქრის წინაშე თქვა: "რას აკეთებენ ეს უსუსური იუდაელები? ნუთუ ამის უფლებას მისცემენ? ნუთუ მსხვერპლს შესწირავენ? ნუთუ ოდესმე მოათავებენ სამუშაოს? ნუთუ შეძლებენ ქვების აღდგენას დანაცრებული ნანგრევებიდან?”
- 3
მის გვერდით მდგომმა ყამონელმა ტობიამ კი მიუგო: "მელაც რომ მიადგეს, ისიც კი დაანგრევს მათ მიერ აშენებულ ქვის კედელს!”
- 4
ისმინე, ღმერთო ჩვენო, რადგან მოგვიძულეს, მათი დაცინვა მათვე მიუბრუნე და ნადავლად აქციე ისინი თავისი ტყვეობის ქვეყანაში!
- 5
ნუ მიუტევებ მათ დანაშაულს და შენ წინაშე ნუ წაიშლება მათი ცოდვა, რადგან შეურაცხყოფდნენ მშენებლებს.
- 6
ავაშენეთ ქალაქის კედელი და შეიკრა მთელი კედელი მისი სიმაღლის ნახევრამდე, რადგან ხალხს გული ერჩოდა საქმის საკეთებლად.
- 7
როცა გაიგეს სანბალატმა, ტობიამ, არაბებმა, ყამონელებმა და აშდოდელებმა, რომ შენდებოდა იერუსალიმის კედლები და ბზარები მთელდებოდა, ძალიან გაბრაზდნენ.
- 8
ყველა ერთად შეითქვა იერუსალიმზე გასალაშქრებლად და არეულობის მოსაწყობად.
- 9
ჩვენ კი ვილოცეთ ჩვენი ღმერთის წინაშე და დაცვა დავაყენეთ მათ გამო დღითა და ღამით.
- 10
თქვა იუდამ: „ძალა ეცლებათ ტვირთის მზიდავებს, ნაგავი კი უამრავია: ამის გამო აღარ ძალგვიძს კედლის შენება”.
- 11
ჩვენი მტრები კი ამბობდნენ: "ვერც გაიგებენ და ვერც დაინახავენ, ვიდრე მათ შორის არ აღმოვჩნდებით, ამოვხოცავთ და შევაჩერებთ სამუშაოს.
- 12
მოვიდნენ მათ გარშემო მცხოვრები იუდაელები და ათჯერ მაინც გვეუბნებოდნენ: "მოგვიბრუნდებიან და ყოველი მხრიდან თავს დაგვესხმიან”.
- 13
მაშინ, დაბლობ ადგილებში, კედლის უკან და მოშიშვლებულ ადგილებში ხალხი ჩავაყენე, საგვარეულოების მიხედვით, თავიანთი მახვილებით, შუბებითა და მშვილდებით.
- 14
შევხედე, ავდექი და ვუთხარი დიდებულებს, მთავრებსა და დანარჩენ ხალხს: "ნუ გეშინიათ მათი, გაიხსენეთ დიდი და საშინელი უფალი და იბრძოლეთ თქვენი ძმების, თქვენი ძეების და ასულების, თქვენი ცოლებისა და სახლების გულისთვის”.
- 15
როცა გაიგეს ჩვენმა მტრებმა, რომ ჩვენთვის ცნობილი გახდა მათი განზრახვა, ჩაშალა ღმერთმა მათი გეგმები და ყველანი დავბრუნდით კედელთან, თითოეული თავის საქმეზე.
- 16
იმ დღიდან მოყოლებული მსახურთა ნახევარი საქმეს აკეთებდა, მეორე ნახევარს კი აბჯრით შემოსილებს ხელში შუბები, ფარები და მშვილდები ეჭირათ. ხოლო მთავრები იუდას სახლის უკან იდგნენ.
- 17
კედლის მშენებლები აშენებდნენ, მზიდავები ტვირთს ეზიდებოდნენ, ცალი ხელით საქმეს აკეთებდნენ და ცალ ხელში იარაღი ეჭირათ.
- 18
თითოეული მშენებელი წელზე მახვილშებმული აშენებდა, მებუკე კი ჩემ გვერდით იყო.
- 19
ვუთხარი დიდებულებს, მთავრებსა და დანარჩენ ხალხს: "საქმე დიდია და ვრცელი, ჩვენ კი კედელზე ვართ შემოფანტულნი და მოშორებულნი ვართ ერთმანეთს.
- 20
ამიტომ, საიდანაც ბუკის ხმას გაიგონებთ იმ ადგილას მოგროვდით. ჩვენი ღმერთი იბრძოლებს ჩვენთვის.
- 21
ასე ვაგრძელებდით საქმის კეთებას, ნახევარს კი განთიადიდან ვარსკვლავთა გამოჩენამდე შუბები ეჭირათ ხელში.
- 22
იმ დროს ვუთხარი ხალხს: "თითოეულმა თავისი მსახურით იერუსალიმში გაათიოს ღამე, ისე რომ, ღამით გუშაგად იქნება ჩვენთვის, დღისით კი - მუშაკად”.
- 23
არც მე და არც ჩემი ძმები, არც ჩემი მსახურები და არც მცველები, თან რომ დამყვებოდნენ, სამოსელს არ ვიხდიდით; თითოეულს მაშინაც კი მახვილი გვეჭირა ხელში, როცა წყალზე მივდიოდით.