ეზრა 7
- 1
ამ ამბების შემდეგ ართახშასთას მეფობისას სპარსეთში, ეზრა ძე სერაიასი, აზარიასი, ხილკიასი,
- 2
შალუმისა, ცადოკისა, ახიტუბისა,
- 3
ამარიასი, ყაზარიასი, მერაიოთისა,
- 4
ზერახიასი, ყუზისა, ბუკისა,
- 5
აბიშუაყისა, ფინხასისა, ელეაზარისა, აჰარონ მღვდელმთავრისა -
- 6
ეს ეზრა ამოვიდა ბაბილონიდან. უფლის, ისრაელის ღმერთის მიერ მოსესთვის მიცემულ რჯულში განსწავლული მწიგნობარი იყო იგი. ყოველივე მისცა მას, მისი თხოვნისამებრ მეფემ, ვინაიდან უფლის, მისი ღმერთის ხელი იყო მასზე.
- 7
ამოვიდნენ იერუსალიმში ისრაელის ძეთაგან, მღვდლები, ლევიანნი, მგალობელნი, კარიბჭის მცველნი და ნეთინელნი (ტაძრის მსახურებისთვის მიძღვნილნი) იერუსალიმში, ართახშასთას მეფობის მეშვიდე წელს.
- 8
და მივიდა იგი იერუსალიმში მეფობის მეშვიდე წლის მეხუთე თვეს.
- 9
ბაბილონიდან პირველი თვის პირველ დღეს გამოვიდა, იერუსალიმში კი მეხუთე თვის პირველ დღეს მივიდა, ვინაიდან მისი ღმერთის კეთილი ხელი იყო მასზე,
- 10
რადგან გულში ჩაიდო ეზრამ, უფლის რჯულის ძიება, მისი შესრულება და წესებისა და დადგენილებების სწავლება ისრაელში.
- 11
აი, იმ წერილის პირი, რომელიც მეფე ართახშასთამ მისცა ეზრა მღვდელსა და მწიგნობარს, რომელიც უფლის მცნებებსა და დადგენილებებს წერდა ისრაელისთვის.
- 12
„მეფეთ მეფე ართახშასთა, ეზრა მღვდელს, ცათა ღმერთის რჯულის მწიგნობარს, სრული მშვიდობა!
- 13
განკარგულებას ვიძლევი, რომ ყოველი მსურველი ისრაელის ხალხთაგან ჩემს სამეფოში, მათი მღვდელნი და ლევიანნი, ვინც ისურვებს შენთან ერთად იერუსალიმში წასვლას, წავიდეს.
- 14
რადგან მეფისა და მისი შვიდი მრჩევლის მიერ ხარ წარგზავნილი, რომ შენს ხელთ არსებული შენი ღმერთის რჯულის მიხედვით გამოიკვლიო რა ხდება იუდეასა და იერუსალიმში;
- 15
და რომ წაიღო იქ ვერცხლი და ოქრო, რომელიც მეფემ და მისმა მრჩევლებმა შესწირეს იერუსალიმში დავანებულ ისრაელის ღმერთს,
- 16
და მთელი ოქრო-ვერცხლისა, რამდენსაც მოიძიებ მთელ ბაბილონის მხარეში, ხალხისგან თუ მღვდელთაგან, რასაც კეთილი ნებით შესწირავენ ღვთის სახლს, რომელიც იერუსალიმშია.
- 17
ამიტომ, ამ ფულით, დაუყოვნებლივ შეიძინე ზვარაკნი, ცხვარნი, კრავნი, თავის პურეულ და საღვრელ შესაწირებთან ერთად და შესწირე ყოველივე ღვთის სახლის სამსხვერპლოზე, რომელიც იერუსალიმშია.
- 18
დანარჩენი ოქრო-ვერცხლით კი ის გააკეთეთ, რასაც კეთილად მიიჩნევთ შენ და შენი ძმები, თქვენი ღმერთის ნების თანახმად.
- 19
ჭურჭელი, რომელიც შენი ღვთის სახლის მსახურებისთვის მოგეცა, სრულად მიიტანე იერუსალიმში ღვთის წინაშე.
- 20
დანარჩენი, რის გაცემაც დაგჭირდება შენი ღმერთის სახლის გამო, სამეფო სასახლის საგანძურიდან გაეცი.
- 21
მე კი, მეფე ართახშასთა, განკარგულებას გავცემ მდინარისგაღმელი ყოველი ხაზინადარისადმი: ყველაფერი, რასაც ეზრა მღვდელი, ციური ღმერთის რჯულის მწერალი გთხოვთ, აღსრულდეს გულმოდგინებით!
- 22
ას ტალანტამდე ვერცხლი, ას საწყაულამდე ხორბალი, ას-ას ბათამდე ღვინო და ზეთი, მარილი კი აუწყველად.
- 23
ყოველივე, რაც ცათა ღმერთისგან არის ნაბრძანები, სიზუსტით უნდა აღსრულდეს ცათა ღმერთის სახლისთვის, რათა არ დაატყდეს რისხვა სამეფოს, მეფესა და მის ძეებს?
- 24
გიბრძანებთ, რომ არცერთ მღვდელსა და ლევიანს, მგალობელს, კარიბჭის მცველსა თუ ღვთის სახლის მსახურს არ დაეკისროს გადასახადი, მოსაკრებელები ან ხარკი.
- 25
შენ კი, ეზრა, შენი ღვთის სიბრძნისამებრ, რომელიც შენს ხელთაა, დანიშნე მსაჯულნი და მოსამართლენი, რათა განსაჯონ მთელი ხალხი მდინარის გაღმა, ყველა, ვინც იცის შენი ღმერთის რჯული, ხოლო ვინც არ იცის, ასწავლეთ!
- 26
ის, ვინც არ დაემორჩილება შენი ღვთის რჯულსა და მეფის კანონს, მყისვე გაასამართლონ და აღასრულონ სამართალი: სიკვდილი თუ განდევნილება, ქონების ჩამორთმევა თუ დატუსაღება”.
- 27
კურთხეულია უფალი, ჩვენი მამების ღმერთი, რომელმაც ჩაუდო ეს მეფის გულს, რათა შეიმკოს უფლის სახლი, რომელიც იერუსალიმშია.
- 28
წყალობა მაპოვნინა მეფის, მისი მრჩევლებისა და მთელი მისი ძლევამოსილი მთავრების წინაშე; მტკიცედ ვიყავი, რადგან უფლის, ჩემი ღვთის ხელი იყო ჩემზე და შევკრიბე ისრაელის მთავარნი, ჩემთან ერთად რომ ამოსულიყვნენ.