ეზრა 4
- 1
გაიგეს იუდასა და ბენიამინის მტრებმა, რომ გადასახლებულები ტაძარს უშენებდნენ უფალს, ისრაელის ღმერთს.
- 2
მივიდნენ ზერუბაბელთან და მამისსახლთა თავკაცებთან და უთხრეს: „ჩვენც თქვენთან ერთად ავაშენებთ, რადგან ჩვენც თქვენსავით ვეძებთ თქვენს ღმერთს და ჩვენც ვწირავთ მას მსხვერპლს აშურის მეფის, ასარხადონის, დღეებიდან მოყოლებული, რომელმაც აქ მოგვიყვანა”.
- 3
უთხრეს მათ ზერუბაბელმა, იეშუამ და ისრაელის დანარჩენ მამისსახლთა თავკაცებმა: „რა საქმე გაქვთ ჩვენთან და ჩვენი ღმერთის სახლის შენებასთან?! რადგან ჩვენ თვითონ უნდა ავუშენოთ სახლი უფალს, ისრაელის ღმერთს, როგორც ნაბრძანები აქვს ჩვენთვის მეფე კიროსს, სპარსეთის მეფეს”.
- 4
ხელები მოუსუსტა იმ ქვეყნის ხალხმა იუდას ხალხს და შენების ძალა გამოაცალა მათ.
- 5
მრჩევლები დაიქირავეს მათ წინააღმდეგ, რომ განზრახვაზე ხელი აეღოთ. ასე იქცეოდნენ სპარსეთის მეფის, კიროსის მეფობის დროს, დარიოსის, სპარსეთის მეფის გამეფებამდე.
- 6
ახაშვეროშის მეფობის დროს, მისი მეფობის დასაწყისში, დაწერეს ცილისწამება იუდასა და იერუსალიმის მცხოვრებლებზე.
- 7
და ართახშასთას, სპარსეთის მეფის დღეებში, მისწერეს ართახშასთას ბილშამმა, მითრიდატემ, ტაბეელმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა. წერილი არამეული ასოებით იყო დაწერილი, არამეულ ენაზე.
- 8
რეხუმ მმართველმა და შიმშაი მწიგნობარმა იერუსალიმის წინააღმდეგ მეფე ართახშასთას შემდეგი წერილი მისწერეს:
- 9
დაწერეს რეხუმ მმართველმა, შიმშაი მწიგნობარმა და მათმა სხვა თანამოაზრეებმა - მსაჯულებმა, აფარსათიქელელებმა, მმართველებმა, ერეხელებმა, ბაბილონელებმა, შუშანელებმა ანუ ყელამელებმა
- 10
და დანარჩენმა ხალხმა, რომლებიც აჰყარა დიდმა და სახელოვანმა ოსნაფარმა და დაასახლა ისინი ქალაქ სამარიაში, მდინარის გაღმა მცხოვრებლებმა და სხვებმა.
- 11
ეს არის ასლი იმ წერილისა, რომელიც გაუგზავნეს მას, ართახშასთა მეფეს: "შენი მსახურნი, მდინარის გაღმა მცხოვრები კაცები და სხვები.
- 12
ცნობილი იყოს მეფისთვის, რომ იუდეველნი, რომლებიც შენგან გამოვიდნენ, ჩვენთან ამოვიდნენ იერუსალიმში, და აშენებენ ამ მეამბოხე და ბოროტ ქალაქს, კედლები აღმართეს და საძირკვლებს ამაგრებენ.
- 13
ახლა ეუწყოს მეფეს, რომ თუ ეს ქალაქი აშენდა და კედლები გასრულდა, მაშინ ისინი გადასახადს, ხარკსა და ბეგარას აღარ გადაიხდიან და სამეფო ხაზინა დაზარალდება.
- 14
და რაკი სასახლის მარილით ვსაზრდოობთ, მეფის ლანძღვის ყურება არ შეგვფერის, ამიტომ გამოვგზავნეთ წერილი და შევატყობინეთ მეფეს.
- 15
მოიძიონ შენი მამების მატიანე და შეიტყობ წიგნებში არსებული ჩანაწერების მეშვეობით, რომ ეს ქალაქი მეამბოხე ქალაქია და საზიანოა მეფეთათვის და ქვეყნისთვის, რომ ოდითგანვე ამბოხებები ხდებოდა იქ, ამიტომ დაანგრიეს ეს ქალაქი.
- 16
ვატყობინებთ მეფეს, რომ თუ აშენდა ეს ქალაქი და გასრულდა კედლები, მაშინ მდინარის გამოღმა წილი აღარ დაგრჩება!”
- 17
პასუხი გამოუგზავნა მეფემ რეხუმ მმართველს და შიმშაი მწიგნობარს და მათ სხვა თანამოაზრეებს, რომლებიც სამარიაში და მდინარის გაღმა მხარეში ცხოვრობდნენ: „მშვიდობა!
- 18
ახლა წერილი, რომელიც გამოგზავნეთ, ითარგმნა და წაიკითხეს ჩემს წინაშე,
- 19
ბრძანება გავეცი, მოიძიეს და აღმოაჩინეს, რომ ეს ქალაქი ოდითგანვე უჯანყდებოდა მეფეებს და სულ ამბოხი და არეულობა ხდებოდა იქ;
- 20
ძლიერი მეფეები მბრძანებლობდნენ იერუსალიმში და განაგებდნენ მდინარის მთელ გაღმა მხარეს და გადასახადებს, ხარკსა და ბეგარას კრეფდნენ იქ.
- 21
ახლა გაეცით ბრძანება, რომ შეწყვიტონ მუშაობა ამ კაცებმა, რომ არ აშენდეს ეს ქალაქი, ვიდრე ჩემგან არ გაიცემა ბრძანება.
- 22
ფრთხილად იყავით, რომ დაუდევრად არ მოიქცეთ ამ საქმეში: რატომ უნდა გამრავლდეს ბოროტება მეფის საზიანოდ?”
- 23
როდესაც რეხუმის, შიმშაი მწიგნობარის და მათი თანამზრახველების წინაშე წაიკითხეს მეფე ართახშასთას წერილი, დაუყოვნებლივ წავიდნენ იერუსალიმში იუდეველებთან და ძლიერი მკლავით შეაწყვეტინეს მუშაობა.
- 24
მაშინ შეჩერდა ღვთის სახლის მშენებლობა იერუსალიმში და შეჩერდა დარიოსის, სპარსეთის მეფის მეფობის მეორე წლამდე.