2 ნეშტთა 7
- 1
როდესაც სოლომონმა ლოცვა დაასრულა, ცეცხლი ჩამოვიდა ზეციდან, შთანთქა სრულადდასაწველი და მსხვერპლები და უფლის დიდებამ აავსო სახლი.
- 2
და ვეღარ შეძლეს მღვდლებმა უფლის სახლში შესვლა, რადგან უფლის დიდებამ აავსო იგი.
- 3
როცა დაინახეს ისრაელის ძეებმა სახლზე გადმოსული ცეცხლი და უფლის დიდება, პირქვე დაემხნენ ქვაფენილზე და თაყვანისცეს. და აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი.
- 4
მეფემ და მასთან ერთად მთელმა ხალხმა შესწირეს მსხვერპლები უფლის წინაშე.
- 5
მეფე სოლომონმა ოცდაორი ათასი ხარი და ას ოცი ათასი ცხვარი შესწირა მსხვერპლად. და აკურთხეს ღვთის სახლი მეფემ და მთელმა ერმა.
- 6
მღვდლები თავ-თავიანთ სამსახურებ ადგილებზე იდგნენ, ლევიანები კი მეფე დავითის გაკეთებული, საუფლო საკრავებით აქებდნენ უფალს, რადგან უკუნისამდეა წყალობა მისი, ისევე, როგორც დავითი აქებდა მათი მეშვეობით; მღვდლებმა საყვირებს ჩაჰბერეს მათ წინაშე და ფეხზე იდგა მთელი ისრაელი.
- 7
შუა ეზოც გაწმიდა სოლომონმა უფლის სახლის წინ, რადგან იქ შესწირა სრულადდასაწველნი და სამშვიდობო შესაწირის ქონი, ვინაიდან ვეღარ დაიტია სოლომონის გაკეთებულმა სპილენძის სამსხვერპლომ სრულადდასაწველნი, პურეული ძღვენი და ქონი.
- 8
შვიდდღიანი დღესასწაული გამართა სოლომონმა იმ დროს და მასთან ერთად, მთელი ისრაელის დიდმა კრებულმა, ხამათიდან ვიდრე ეგვიპტის მდინარემდე;
- 9
მერვე დღეს საზეიმო თავშეყრა გამართეს, რადგან შვიდ დღეს ასრულებდნენ სამსხვერპლოს საზეიმო მიძღვნას და შვიდ დღეს - დღესასწაულს.
- 10
მეშვიდე თვის ოცდამესამე დღეს თავ-თავის კარვებში გაუშვა ხალხი, ბედნიერნი და გულმხიარულნი იმ სიკეთის გამო, უფალმა რომ უყო დავითს, სოლომონს და ისრაელს, თავის ხალხს.
- 11
დაასრულა სოლომონმა უფლის სახლი და მეფის სასახლე; და ყველაფერი, რისი გაკეთებაც გულში ჰქონდა ჩადებული უფლის სახლისთვის და თავისი სახლისთვის, წარმატებით დააგვირგვინა.
- 12
ღამით უფალი გამოეცხადა სოლომონს და უთხრა: „შევისმინე შენი ლოცვა და ავირჩიე ეს ადგილი მსხვერპლის შესაწირ სახლად.
- 13
თუ დავახშობ ცას, რომ აღარ იწვიმოს ან კალიას ვუბრძანებ ქვეყნის გადაჭმას, ან შავ ჭირს მოვუვლენ ჩემს ხალხს;
- 14
და ჩემი ხალხი, რომელიც ჩემი სახელით იწოდება, ქედს მოიდრეკს, ილოცებს, ჩემს სახეს მოძებნის და შემობრუნდება თავისი ბოროტი გზიდან - მაშინ მოვუსმენ ზეციდან, ცოდვას მივუტევებ და განვკურნავ მათ მიწას.
- 15
თვალი გახელილი მექნება და ყურადღებით მოვუსმენ ამ ადგილზე აღვლენილ ლოცვას.
- 16
ახლა ავირჩიე და გავწმიდე ეს სახლი ჩემი სახელის სამარადისო სამკვიდრებლად; გამუდმებით აქ იქნება ჩემი თვალი და გული.
- 17
თუ ივლი ჩემს წინაშე, როგორც მამაშენი, დავითი დადიოდა და ყველაფერს შეასრულებ, რაც ნაბრძანები მაქვს შენთვის, დაიცავ ჩემს წესს და სამართალს,
- 18
მაშინ განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს, როგორც დავითს, მამაშენს აღვუთქვი. ვუთხარი: არ დაგელევა-მეთქი კაცი, რომელიც იმეფებს ისრაელზე.
- 19
მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ და მიატოვებთ ჩემს წესებსა და ბრძანებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და მსახურებას დაუწყებთ უცხო ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ,
- 20
მაშინ აღმოვფხვრი მათ ჩემი მიწიდან, მათთვის რომ მაქვს მიცემული; და ამ სახლს, რომელიც ჩემი სახელისათვის განვწმინდე, მოვიშორებ ჩემი სახიდან და საიგავოდ და საქილიკოდ გავხდი ხალხთა შორის.
- 21
და ყველა, ვინც კი ჩაუვლის ამ სახლს, ერთდროს დიდებით მოსილს, გაოცდება და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
- 22
იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი მამების ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა ისინი და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ, ამის გამო მოუვლინა მათ უფალმა ყველა ეს ბოროტება!”