2 ნეშტთა 5
- 1
დასრულდა ყველა სამუშაო, რაც უფლის სახლისთვის შეასრულა სოლომონმა. მოიტანა სოლომონმა დავითის, მამამისის მიერ მიძღვნილი ვერცხლი და ოქრო, ასევე ყველანაირი ჭურჭელი და ღვთის სახლის საგანძურში დადო.
- 2
მაშინ შემოიკრიბა სოლომონმა იერუსალიმში ისრაელის უხუცესნი, ყოველი ტომის თავკაცი და ისრაელის მამისსახლთა მთავრები, რათა წამოეღოთ უფლის აღთქმის კიდობანი დავითის ქალაქიდან, იგივე სიონიდან.
- 3
შეიკრიბა მეფესთან ყველა ისრაელიანი სადღესასწაულოდ, მეშვიდე თვეში.
- 4
მოვიდა ისრაელის ყველა უხუცესი და ასწიეს ლევიანებმა კიდობანი.
- 5
გამოიტანეს კიდობანი და საკრებულო კარავი და მთელი წმიდა ჭურჭელი, რომელიც კარავში იყო. მღვდლები და ლევიანნი ეზიდებოდნენ.
- 6
მეფე სოლომონი და მთელი ისრაელის თემი, რომელიც მასთან შეიკრიბა, კიდობნის წინ სწირავდნენ ცხვრებსა და ხარებს, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელი იყო სიმრავლის გამო.
- 7
მიიტანეს მღვდლებმა უფლის აღთქმის კიდობანი თავის ადგილზე, სახლის შიდა ოთახში, წმიდათაწმიდაში, ქერუბთა ფრთებქვეშ.
- 8
ვინაიდან კიდობანზე ჰქონდათ ფრთები გაშლილი ქერუბებს და ზემოდან ფარავდნენ ქერუბები კიდობანსა და მის კეტებს.
- 9
გრძელი იყო კეტები და საწმიდრიდან ჩანდა მათი ბოლოები, დაბირის წინ, მაგრამ გარედან არ ჩანდა; დღემდე იქ არის ისინი.
- 10
არაფერი იყო კიდობანში, გარდა ქვის ორი დაფისა, რომლებიც მოსემ ჩააწყო ხორებთან, როცა აღთქმა დაუდო უფალმა ისრაელის ძეებს ეგვიპტიდან მათი გამოსვლისას.
- 11
და როცა გამოვიდნენ მღვდლები წმიდადან, - რადგან ყველა იქ მყოფი მღვდელი განიწმიდა განურჩევლად დასებისა;
- 12
ყველა მგალობელი ლევიანი: ასაფი, ჰემანი, იედუთუნი, მათი ძენი და მათი მოძმენი, ბისონით შემოსილნი, წინწილებით, ჩანგებით და ქნარებით სამსხვერპლოს აღმოსავლეთით მდგარნი და მათთან ერთად ას ოცმა მღვდელმა ჩაჰბერა საყვირს.
- 13
ხმები შეუწყვეს მესაყვირეთ და მგალობელთ, რათა ერთხმად ექოთ და ედიდებინათ უფალი; აღიმაღლეს ხმა საყვირების, წინწილების და საკრავების თანხლებით, აქებდნენ უფალს, რადგან კეთილია იგი, რადგან უკუნისამდეა წყალობა და სიკეთე მისი, მაშინ სახლი, უფლის სახლი, ღრუბელმა აავსო.
- 14
ვეღარ შეძლეს მღვდლებმა მსახურებისთვის დგომა ღრუბლის გამო, რადგან უფლის დიდებამ აღავსო ღვთის სახლი.