2 ნეშტთა 3
- 1
შეუდგა სოლომონი ღმერთის სახლის შენებას იერუსალიმში, მორიას მთაზე, სადაც უფალი გამოეცხადა დავითს, მამამისს; იმ ადგილას, დავითმა რომ მოამზადა ორნან იებუსელის კალოზე.
- 2
მეორე თვის მეორე დღეს შეუდგა შენებას, თავისი მეფობის მეოთხე წელს.
- 3
ესენია საფუძვლები, რომელზედაც სოლომონმა ღვთის სახლის შენება დაიწყო: სიგრძით სამოცი წყრთა იყო, ძველი საზომით, სიგანით - ოცი.
- 4
დარბაზი სახლის წინ, მთელ სიგრძეზე, მისი სიგანის შესაბამისად, ოცი წყრთა იყო, სიმაღლით - ას ოცი. შიგნიდან წმინდა ოქროთი მოჭედა.
- 5
დიდი სახლი კვიპაროსის ხეებით მოაპირკეთა, საუკეთესო ოქროთი მოჭედა და მასზე პალმები და ჯაჭვები გამოაჭედინა.
- 6
ძვირფასი ქვით დაფარა სახლი მის დასამშვენებლად; ოქრო კი ფარვაიმული იყო.
- 7
ოქროთი მოაპირკეთა სახლი, ძელები, ზღურბლნი, მისი კედლები და კარებები; კედლებზე ქერუბები ამოკვეთა.
- 8
გააკეთა წმიდათაწმიდა; მისი სიგრძე სახლის სიგანის შესაბამისად ოცი წყრთა იყო, სიგანე - ოცი წყრთა. ექვსასი ტალანტი საუკეთესო ოქროთი მოაპირკეთა იგი.
- 9
ლურსმნები წონით ორმოცდაათი შეკელი ოქრო იყო. ზედა სართულიც ოქროთი მოაპირკეთა.
- 10
წმიდათაწმიდის ოთახში ორი ქერუბის ქანდაკება გააკეთა და ოქროთი მოაპირკეთა.
- 11
ქერუბის ფრთები სიგრძით ოცი წყრთა იყო; ერთის ფრთა - ხუთწყრთიანი, სახლის კედელს ეხებოდა, მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო და მეორე ქერუბის ფრთას ეხებოდა;
- 12
მეორე ქერუბის ფრთაც ხუთი წყრთა იყო და სახლის კედელს ეხებოდა, მისი მეორე ფრთაც ხუთი წყრთა იყო და პირველი ქერუბის ფრთას ეხებოდა.
- 13
ქერუბების ფრთები ოც წყრთაზე იყო გაშლილი, თავიანთ ფეხებზე იდგნენ ისინი და სახე სახლისკენ ჰქონდათ მიმართული.
- 14
კრეტსაბმელი გააკეთა ლურჯი, მეწამული და ძოწეული ბისონისგან და ზედ ქერუბები გამოსახა.
- 15
სახლის წინ ოცდათხუთმეტი წყრთის სიგრძის ორი სვეტი გააკეთა, თითოეულს თავზე ხუთწყრთიანი სარქველი ედგა.
- 16
ისეთივე ჯაჭვები გააკეთა, როგორიც წმიდაიში და სარქველზე მიამაგრა. გააკეთა ასი ბროწეული და ჯაჭვებზე მიამაგრა.
- 17
ეს სვეტები ტაძრის წინ აღმართა, ერთი მარჯვნივ, მეორე მარცხნივ. მარჯვენას სახელად იაქინი უწოდა, მარცხენას - ბოყაზი.