2 ნეშტთა 25
- 1
ოცდახუთი წლის იყო ამაცია, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. დედამისი იყო იეჰოყადანი იერუსალიმიდან.
- 2
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მთელი გულით.
- 3
და როცა განიმტკიცა მეფობა, დახოცა თავისი მსახურები, რომლებმაც მოკლეს მეფე, მამამისი.
- 4
მაგრამ მათი შვილები არ დაუხოცავს, როგორც მოსეს რჯულის წიგნში სწერია - ასე ბრძანა უფალმა: "ნუ მოკვდებიან მამები შვილების გამო და ნუ მოკვდებიან შვილები მამების გამო; არამედ თითოეული თავისი ცოდვისთვის მოკვდეს”.
- 5
შეკრიბა ამაციამ იუდა და მამისსახლების, ათასისთავებისა და ასისთავების მიხედვით დააყენა მთელი იუდა და ბენიამინი. აღრიცხა ოც წელზე მეტი ხნისანი და გამოვიდა სამასი ათასი რჩეული კაცი, საომრად გამსვლელი და ფარ-შუბის დამჭერი.
- 6
ას ტალანტ ვერცხლად დაიქირავა ისრაელისგან ასი ათასი მამაცი ვაჟკაცი.
- 7
მივიდა მასთან ღვთისკაცი და უთხრა: „მეფევ! ნუ გაიყოლებ ისრაელის ჯარს, რადგან არ არის უფალი ისრაელთან, ეფრემის არც ერთ ძესთან.
- 8
მხოლოდ შენ წადი, იმოქმედე და ძლიერი იყავი ბრძოლაში, თორემ დაგამხობს ღმერთი შენი მტრების წინაშე, რადგან ღმერთს შეწევნის ძალაც აქვს და დამხობისაც”.
- 9
ჰკითხა ამაციამ ღვთისკაცს: „იმ ას ტალანტს რაღა ვუყო, ისრაელის ჯარს რომ მივეცი?” უპასუხა ღვთისკაცმა: „უფალს ამაზე მეტი შეუძლია მოგცეს”.
- 10
გამოაცალკევა ამაციამ ჯარი, ეფრემიანთაგან რომ მოუვიდა, სახლებში დასაბრუნებლად. რისხვით აინთო ჯარი იუდაზე და განრისხებულები დაბრუნდნენ თავიანთ სახლებში.
- 11
გაბედულება მოიკრიბა ამაციამ, გაუძღვა თავის ხალხს მარილოვანი ველისკენ და ათი ათასი სეყირის ძე შემუსრა;
- 12
ტყვედ წამოასხეს იუდას ძეებმა ცოცხლად დარჩენილი ათი ათასი, აიყვანეს კლდის თხემზე და გადმოყარეს კლდის თხემიდან; ყველანი ამოწყდნენ.
- 13
ხოლო ის ჯარი, რომელიც უკან გააბრუნა ამაციამ, რომ საბრძოლველად არ გაჰყოლოდა, შეესია იუდას ქალაქებს სამარიიდან ბეთ-ხორონამდე, სამი ათასი კაცი მოსრა და დიდძალი ნადავლი დაიტაცა.
- 14
როცა ამაცია ედომელების განადგურების შემდეგ უკან დაბრუნდა, წამოიღო სეყირის ძეთა ღმერთები და ღმერთებად დაიყენა, თაყვანს სცემდა და საკმეველს უკმევდა.
- 15
აინთო უფლის რისხვა ამაციას წინააღმდეგ და წინასწარმეტყველი გაუგზავნა, რომელმაც უთხრა: „რად მოძებნე მაგ ხალხის ღმერთები, რომლებმაც ვერ იხსნეს თავიანთი ხალხი შენი ხელიდან?”
- 16
ჯერ კიდევ ლაპარაკობდა, როდესაც მეფემ უთხრა: „მეფის მრჩევლად დაგაყენეთ? შეწყვიტე, რისთვის უნდა მოაკვლევინო თავი!” შეჩერდა წინასწარმეტყველი; მერე უთხრა: „ვიცი, შენი განადგურება გადაწყვიტა ღმერთმა, რადგან ეს გააკეთე და არ შეისმინე ჩემი რჩევა”.
- 17
ითათბირა ამაციამ, იუდას მეფემ და კაცი გაუგზავნა იოაშს, იოახაზ იეჰუს ძის ვაჟს, ისრაელის მეფეს; ასე შეუთვალა: "გამოდი, შევხვდეთ პირისპირ”.
- 18
კაცი გამოგზავნა იოაშმა, ისრაელის მეფემ, ამაციასთან, იუდას მეფესთან, რომელმაც უთხრა: „ლიბანის კვრინჩხმა შეუთვალა ლიბანის კედარს: ცოლად მიეცი შენი ასული ჩემს ძეს. მაგრამ ჩაიარა ლიბანის გარეულმა მხეცმა და გათელა კვრინჩხი.
- 19
ამბობ, აჰა, ხომ დავამარცხე ედომიო და გული მოგეცა საამპარტავნოდ. ახლა იჯექი შენს სახლში, შფოთს რატომ სტეხ? შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად”.
- 20
არ შეისმინა ამაციამ, რადგან ღმერთისგან იყო, რომ მტერს უნდა ჩავარდნოდა ხელში, რაკი ედომელთა ღმერთებს მიენდო.
- 21
გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ იუდეის ბეთ-შემეშში ის და ამაცია, იუდას მეფე.
- 22
დამარცხდა იუდა ისრაელთან და ყველანი თავ-თავის კარვებისკენ გაიქცნენ.
- 23
შეიპყრო ისრაელის მეფე იოაშმა ამაცია, იუდას მეფე, იოაშ ახაზიაჰუს ძის ვაჟი, ბეთ-შემეშში, მივიდა იერუსალიმში და დაანგრია მისი გალავანი, ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე, ოთხასი წყრთის სიგრძეზე.
- 24
წაიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი ღვთის სახლში ინახებოდა ყობედ-ედომთან, მეფის სახლის საგანძურის ჩათვლით. მძევლები აიყვანა და დაბრუნდა სამარიას.
- 25
იცოცხლა ამაცია იოაშის ძემ, იუდას მეფემ, ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ თხუთმეტი წელი.
- 26
ამაციას დანარჩენი საქმენი, პირველნი და უკანასკნელნი, განა იუდას მეფეთა მატიანეში არაა აღწერილი?
- 27
იმის შემდეგ, რაც ამაცია უფალს განუდგა, შეთქმულება მოუწყვეს იერუსალიმში და ლაქიშს გაიქცა, მაგრამ მიუგზავნეს კაცები ლაქიშში და მოკლეს.
- 28
ცხენებით მოასვენეს და თავის მამებთან დაკრძალეს იგი იუდას ქალაქში.