2 ნეშტთა 21
- 1
განისვენა იოშაფატმა თავის მამებთან და დაიკრძალა თავისი მამების გვერდით, დავითის ქალაქში, მის ნაცვლად კი მისი ძე, იორამი გამეფდა.
- 2
ჰყავდა მას ძმები, იოშაფატის ვაჟები: ყაზარია, იეხელი, ზაქარია, ყაზარიაჰუ, მიქაელი და შეფატიაჰუ. ესენი იყვნენ იოშაფატის, ისრაელის მეფის ძენი.
- 3
მისცა მათ მამამ დიდძალი საჩუქრები: იუდას გამაგრებულ ქალაქებთან ერთად უბოძა ვერცხლი, ოქრო და ძვირფასეულობა, სამეფო კი იორამს მისცა, რადგან პირმშო იყო იგი.
- 4
დადგა იორამი მამამისის სამეფოზე, გაძლიერდა და მახვილით ამოხოცა თავისი ძმები და ისრაელის მთავართაგანნი.
- 5
ოცდათორმეტი წლისა იყო იორამი, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში.
- 6
ისრაელის მეფეთა გზით დადიოდა იგი, ახაბის სახლის მსგავსად იქცეოდა, რადგან ახაბის ასული ჰყავდა ცოლად და ბოროტს აკეთებდა უფლის თვალში,
- 7
მაგრამ არ ინება უფალმა დავითის სახლის განადგურება იმ აღთქმის გამო, დავითს რომ დაუდო, როცა შეჰპირდა, რომ მას და მის ძეებს სამარადისოდ მისცემდა ლამპარს.
- 8
მის დღეებში განუდგნენ ედომელები იუდას და მეფე დაისვეს.
- 9
და გაემართა იორამი თავისი მეთაურებით და ეტლებით. ადგა ღამით და შეუტია ედომელებს და ეტლების მეთაურებს, რომლებიც გარს ეხვივნენ მას.
- 10
განუდგნენ ედომელები იუდას და ასეა დღემდე. ლიბნაც იმ დღეებში განუდგა იუდას, რადგან მიატოვა იორამმა უფალი, თავისი მამების ღმერთი.
- 11
მანაც გააკეთა მაღლობები იუდას მთებში, გარყვნა იერუსალიმის მცხოვრებნი და აცდუნა იუდა.
- 12
წერილი მოუვიდა ელია წინასწარმეტყველისგან, უთვლიდა: „ასე ამბობს უფალი, მამაშენის, დავითის ღმერთი: იმის გამო, რომ არ იარე მამაშენის, იოშაფატის, გზებით და არც იუდას მეფის, ასას გზებით,
- 13
არამედ ისრაელის მეფეთა გზებით დადიოდი და გარყვენი იუდა და იერუსალიმში მცხოვრებნი ახაბის სახლის გარყვნილების მსგავსად და ამოხოცე მამაშენის სახლი - შენი ძმები, რომლებიც შენზე უკეთესები იყვნენ;
- 14
აჰა, უფალი დიდი სენით მოსრავს შენს ხალხს, შენს ძეებსა და შენს ცოლებს და მთელ შენს ქონებას;
- 15
შენ კი მძიმედ დაავადდები ნაწლავების სენით, ისე რომ სნეულების გამო ნაწლავები დღე და დღე გარეთ გამოგივა”.
- 16
აღძრა უფალმა იორამის წინააღმდეგ ფილისტიმელთა და არაბთა სული, ეთიოპიელებს რომ ესაზღვრებოდნენ.
- 17
გამოვიდნენ იუდას წინააღმდეგ, დაიპყრეს და დაიტაცეს მთელი ქონება, რაც კი მეფის სახლში აღმოჩნდა, მისი ძეების და ცოლების ჩათვლით. ძე აღარ დარჩა, გარდა უმცროსი იოახაზისა.
- 18
ყოველივე ამის შემდეგ დაუშვა უფალმა მის ნაწლავებზე განუკურნებელი სენი.
- 19
ორი წლის შემდეგ გამოსცვივდა ნაწლავები სენისგან და დიდი ტანჯვით მოკვდა; კოცონიც არ აუნთია ხალხს მისთვის, როგორც მისი მამებისთვის ანთებდნენ.
- 20
ოცდათორმეტი წლის იყო, როცა გამეფდა და რვა წელი იმეფა იერუსალიმში. ისე წავიდა, რომ არავის დანანებია. დამარხეს იგი დავითის ქალაქში, ოღონდ არა სამეფო სამარხში.