მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

1 ნეშტთა 20

  1. 1

    ერთი წლის შემდეგ, მეფეთა ბრძოლაში გასვლის ჟამს, გაიყვანა იოაბმა ლაშქარი და ააოხრა ყამონის ძეთა ქვეყანა. მივიდა და ალყა შემოარტყა რაბას. დავითი კი იერუსალიმში რჩებოდა. დაიპყრო იოაბმა რაბა და დაანგრია.

  2. 2

    გვირგვინი მოჰხადა თავიდან მათ მეფეს დავითმა და აღმოჩნდა, რომ ტალანტი ოქრო იყო მისი წონა, უამრავი ძვირფასი ქვა იყო მასზე; თავზე დაიდგა იგი დავითმა და მრავალი ნადავლი გამოიტანა იმ ქალაქიდან.

  3. 3

    იქ მცხოვრები ხალხი კი წამოიყვანა მხერხავებად, ქვის მჭრელებად და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით სამუშაოს შესასრულებლად. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავის ხალხთან ერთად იერუსალიმში.

  4. 4

    ამის შემდეგ იყო, რომ ომი ატყდა ფილისტიმელებთან გეზერში. მაშინ მოკლა ხუშათელმა სიბექაიმ სიფაი, რეფაიმელთა ბუმბერაზი შთამომავალი და დამორჩილდნენ ფილისტიმელნი.

  5. 5

    კვლავ გაჩაღდა ომი ფილისტიმელებთან და განგმირა ელხანან იაირის ძემ ლახმი, გითელი ბუმბერაზის ძმა, რომლის შუბის ტარი საქსოვი ლილვისოდენა იყო.

  6. 6

    ისევ გაიმართა ბრძოლა გათში. იყო იქ კაცი ახოვანი, რომელსაც ექვს-ექვსი თითი ქონდა, სულ ოცდაოთხი. ისიც ბუმბერაზთა შთამომავალი იყო.

  7. 7

    დასცინოდა იგი ისრაელს, მაგრამ განგმირა იგი იონათანმა, დავითის ძმის, შიმყის ძემ.

  8. 8

    ესენი იყვნენ გათში ბუმბერაზისგან დაბადებულნი; დავითისა და მის მსახურთა ხელით დაეცნენ ისინი.