1 ნეშტთა 18
- 1
ამის შემდეგ შემუსრა დავითმა ფილისტიმელნი, დაიმორჩილა ისინი და ხელიდან გამოგლიჯა ფილისტიმელებს გათი თავის ქალაქებიანად.
- 2
შემუსრა მოაბიც და გახდნენ მოაბელნი დავითის მსახურნი და ხარკის გადამხდელნი.
- 3
ჰადარყეზერი, ცობას მეფეც დაამარცხა დავითმა ხამათში, როცა თავისი მმართველობის დასამყარებლად მიდიოდა მდინარე ევფრატზე.
- 4
ხელთ იგდო დავითმა ათასი ეტლი, შვიდი ათასი მხედარი და ოცი ათასი ქვეითი. ეტლის ცხენებს მყესები გადაუჭრა დავითმა, მხოლოდ ასი დატოვა მათგან.
- 5
არამელნი მოვიდნენ დამასკოდან ჰადარყეზერის დასახმარებლად, მაგრამ შემუსრა დავითმა ოცდაორი ათასი მათგანი.
- 6
დააყენა დავითმა მეფისნაცვალი არამელთა დამასკოში და გახდნენ არამელნი დავითის მსახურნი და მოხარკენი. ყველაფერში შეეწეოდა დავითს უფალი, სადაც არ უნდა წასულიყო.
- 7
აიღო დავითმა ოქროს ფარები, რომლებიც ჰადარყეზერის მეომრებს დაჰქონდათ და იერუსალიმში მიიტანა.
- 8
დიდძალი სპილენძი წამოიღო დავითმა ტიბხათიდან და ქუნიდან, ჰადარყეზერის ქალაქებიდან, რომლისგანაც სპილენძის ზღვა, სვეტები და ჭურჭელი გააკეთა სოლომონმა.
- 9
შეიტყო თოყუმ, ხამათის მეფემ, რომ ჰადარყეზერის, ცობას მეფის მთელი ლაშქარი შემუსრა დავითმა
- 10
და წარგზავნა ჰადორამი, თავისი ძე, მეფე დავითთან მოსაკითხად და მისალოცად, ვინაიდან თვითონაც ხანგრძლივი ომი ჰქონდა ჰადარყეზერთან; და მიართვა დავითს ჰადორამმა ოქროს, ვერცხლისა და სპილენძის ჭურჭელი.
- 11
ისინიც უფალს მიუძღვნა დავითმა იმ ოქრო-ვერცხლთან ერთად, რომელიც სხვადასხვა ერებისაგან წამოიღო: ედომელთაგან, მოაბელთაგან, ყამონელთაგან, ფილისტიმელთაგან და ყამალეკელთაგან.
- 12
თვრამეტი ათასი მეომარი გაანადგურა აბიშაი ცერუიას ძემ ედომელთაგან მარილოვან ველზე.
- 13
მეფისნაცვალი დაადგინა ედომში და გახდა ყოველი ედომელი დავითის მსახური. ყველაფერში შეეწეოდა დავითს უფალი, სადაც არ უნდა წასულიყო.
- 14
მეფობდა დავითი მთელს ისრაელზე და აღასრულებდა სამართალს მთელი თავისი ხალხისთვის.
- 15
იოაბ ცერუიას ძე ჯარის სარდალი იყო, ხოლო იოშაფატი, ახილუდის ძე - მემატიანე.
- 16
ცადოკ ახიტუბის ძე და აბიმელეხ აბიათარის ძე მღვდლობდნენ, შავშა - მწიგნობრობდა.
- 17
ბენაია იეჰოიადაყის ძე ქერეთელებსა და ფერეთელებზე იქნა დადგენილი, ხოლო დავითის ძენი პირველნი იყვნენ მეფის კარზე.