1 ნეშტთა 12
- 1
აჰა, ესენი მივიდნენ დავითთან ციკლაგში, როცა ის ჯერ კიდევ ემალებოდა საულ კიშის ძეს. ძლევამოსილი ვაჟკაცები იყვნენ და ბრძოლაში ეხმარებოდნენ დავითს.
- 2
მშვილდითა და შურდულით შეიარაღებულნი, ორივე ხელით ქვისა და ისრის მტყორცნელნი, საულის მოძმენი, ბენიამინისგან.
- 3
მეთაურობდნენ ახიყეზირი და იოაში, გიბყათელი შემაყას ძენი; იეზიელი და ფელეტი, ყაზმავეთის ძენი; ბერაქა და იეჰუ ყანათოთელი,
- 4
იშმაყია გაბაონელი, ძლევამოსილი ოცდაათთაგანი და ოცდაათის მეთაური. იერემია, იახაზიელი, იოხანანი და გედერათელი იოზაბადი;
- 5
ელყუზაი, იერიმოთი, ბეყალია, შემარიაჰუ და ხარუფელი შეფატია;
- 6
ელკანა, იშიაჰუ, ყაზარელი იოყეზერი და იაშაბყამი - კორახიანები;
- 7
იოყელა და ზებადია, გედორელი იეროხამის ძენი.
- 8
გადელთაგან, ფარებითა და შუბებით შეიარაღებული ბრძოლისთვის გაწვრთნილი ვაჟკაცი მეომრები გადავიდნენ დავითის მხარეს უდაბნოს სიმაგრეში. სახეებით ლომის მსგავსნი და მთის ქურციკივით სწრაფნი.
- 9
ყეზერი - მეთაური, მეორე - ყობადია, მესამე - ელიაბი;
- 10
მეოთხე - მიშმანა, მეხუთე - იერემია.
- 11
მეექვსე - ყათაი, მეშვიდე - ელიელი.
- 12
მერვე - იოხანანი, მეცხრე - ელზაბადი.
- 13
მეათე - იერემიაჰუ, მეთერთმეტე - მაქბანაი.
- 14
ესენი გადის ძეთაგან იყვნენ, ლაშქრის მეთაურნი; ყველაზე სუსტი ასს გაუტოლდებოდა, ყველაზე ძლიერი კი - ათასს.
- 15
სწორედ მათ გადალახეს იორდანე პირველ თვეში, როდესაც ნაპირებიდან გადმოდის მდინარე და გააქციეს იქაური მკვიდრნი, როგორც აღმოსავლეთით, ისე დასავლეთით.
- 16
და მივიდნენ სიმაგრეში დავითთან ბენიამინისა და იუდას ძენი.
- 17
გამოვიდა დავითი მათთან შესახვედრად და უთხრა: „თუ მშვიდობით მოხვედით ჩემთან, მზად ვარ გავერთიანდეთ, მაგრამ თუ საღალატოდ მოხვედით, აჰა სუფთაა ჩემი ხელები, დაე, ჩვენი მამების ღმერთმა დაინახოს ეს და განსაჯოს”.
- 18
მაშინ სულმა მოიცვა ყამასა, ოცდაათმეთაური და თქვა: „შენი ვართ დავით და შენს მხარეს ვართ, იესეს ძეო! მშვიდობა, მშვიდობა შენ და მშვიდობა შენს შემწეთ, ვინაიდან ღმერთია შენი შემწე!” მიიღო ისინი დავითმა და ლაშქრის მეთაურებად დააყენა.
- 19
მენაშესგანაც გადავიდნენ დავითისკენ, როცა ფილისტიმელებთან ერთად მოვიდა საულის წინააღმდეგ საბრძოლველად, თუმცა არ დახმარებიან მათ, რადგან თათბირის შემდეგ, უკან მიაბრუნეს იგი ფილისტიმელმა დიდებულებმა ამ სიტყვებით: „თავისი ბატონის, საულის მხარეზე გადავა ჩვენდა საზიანოდ”.
- 20
როცა ციკლაგში დაბრუნდა, მენაშეს ტომიდანაც შეუერთდნენ: ყადნახი, იოზაბადი, იდიყაელი, მიქაელი, იოზაბადი, ელიჰუ და ცილათი - მენაშეს ტომის ათასისთავნი.
- 21
ისინი შველოდნენ დავითს ყამალეკელთა ურდოების წინააღმდეგ, რადგან ყველა გმირი, მამაცი და ჯარის სარდალი იყო.
- 22
დღითი დღე ემატებოდნენ დავითს და ეხმარებოდნენ, ვიდრე ღვთის დიადი ლაშქარივით არ გაიზარდა მისი ჯარი.
- 23
ეს არის რიცხვი საომრად აღკაზმული მეთაურებისა, რომლებიც ხებრონში მივიდნენ დავითთან, რათა უფლის სიტყვისამებრ მისთვის გადაეცათ საულის სამეფო:
- 24
იუდას ძენი, ფარ-შუბის მატარებელნი, ექვსიათას რვაასნი, საბრძოლველად იყვნენ გამზადებულნი.
- 25
სიმონის ძენი, ვაჟკაცი მეომარნი - შვიდიათას ასი;
- 26
ლევის ძეთაგან - ოთხიათას ექვსასი.
- 27
იეჰოიადაყი აჰარონის სახლს წინამძღოლობდა და თან სამი ათას შვიდასი მებრძოლი ახლდა;
- 28
ვაჟკაც ყმაწვილს, ცადოკს და მამამისის სახლს ოცდაორი მეთაური ჰყავდა.
- 29
ბენიამინის ძენი, საულის ძმათაგან, სამი ათასი იყვნენ, მაგრამ მათი უმრავლესობა ჯერ კიდევ საულის სახლს ემხრობოდა.
- 30
ეფრემის ძეთაგან - ოციათას რვაასი მამაცი მებრძოლი, სახელგანთქმული კაცები იყვნენ თავ-თავის მამის სახლებში.
- 31
მენაშეს ნახევარტომიდან - თვრამეტი ათასი მებრძოლი, რომლებიც სახელდებით გამოიხმეს, რათა დავითის გასამეფებლად მოსულიყვნენ;
- 32
ისაქარის ძეთაგან ორასი მეთაური იყო, რომელთაც დრო-ჟამთა განსაზღვრა შეეძლოთ და უწყოდნენ, თუ რა უნდა ექნა ისრაელს. ყველა მათი ძმა მათი დარიგებით მოქმედებდა.
- 33
ზებულონის ტომიდან გამოვიდა და საომრად იყო დარაზმული ყოველგვარი საბრძოლო იარაღით შეიარაღებული ორმოცდაათი ათასი მებრძოლი, რათა ერთსულოვნად დახმარებოდნენ დავითს.
- 34
ნაფთალის ტომიდან - ათასი მთავარი, რომელთაც თან ფარ-შუბით შეიარაღებული ოცდაჩვიდმეტი ათასი მოლაშქრე ახლდათ.
- 35
დანის ტომელთაგან, საომრად იყვნენ დარაზმულნი - ოცდარვაათას ექვსასნი.
- 36
აშერის ტომიდან საომრად დარაზმული ორმოცი ათასი გამოვიდა.
- 37
იორდანეს გაღმა რეუბენიანთაგან, გადელთა და მენაშეს ნახევარტომისგან, ყოველგვარი საბრძოლო იარაღით აღჭურვილი - ასოცი ათასი მებრძოლი.
- 38
ყველანი გამოცდილი მებრძოლნი იყვნენ, საომრად დარაზმულნი; მთელი გულით მოვიდნენ ხებრონს, დავითის გასამეფებლად ისრაელზე. დანარჩენი ისრაელიც ერთსულოვანი იყო დავითის გასამეფებლად.
- 39
იყვნენ იქ დავითთან სამი დღე, ჭამდნენ და სვამდნენ, რადგან ყველაფერს ამზადებდნენ მათთვის მათი ძმები.
- 40
მათთან ახლომყოფ ისაქარის, ზებულონის და ნაფთალის ტომებიდანაც მოჰქონდათ პური და საჭმელი სახედრებით, აქლემებით, ჯორებითა და ხარებით: საუკეთესო ფქვილისგან გამომცხვარი ლეღვის ნამცხვრები და ჩამიჩის ნამცხვრები, ღვინო და ზეთი, ცხვრები და ხარები, რადგან სიხარული იყო ისრაელში.