4 მეფეთა 25
- 1
ციდკიაჰუს გამეფების მეცხრე წლის მეათე თვის მეათე დღეს წამოვიდა ნაბუქოდონოსორი, ბაბილონის მეფე, მთელი თავისი ლაშქრით იერუსალიმის წინააღმდეგ, მის წინ დაბანაკდა და მიწაყრილები მოუწყო ირგვლივ.
- 2
მეფე ციდკიაჰუს გამეფების მეთერთმეტე წლამდე იყო ალყაში ქალაქი.
- 3
მეოთხე თვის მეცხრე დღეს გაძლიერდა შიმშილი ქალაქში და აღარ ჰქონდა ხალხს პური.
- 4
გატყდა ქალაქი და ყველა მეომარი კაცი გაიქცა ღამით ორ კედელს შუა კარიბჭის გზით, სამეფო ბაღთან რომ არის. ქალაქის ირგვლივ იდგნენ ქალდეველები, ხოლო ციდკიაჰუ ყარაბასკენ მიმავალი გზით წავიდა.
- 5
დაედევნა მეფეს ქალდეველთა ლაშქარი, მიეწივნენ იერიხოს დაბლობზე; შემოეფანტა (მთელი) ლაშქარი.
- 6
შეიპყრეს მეფე, მიუყვანეს ბაბილონის მეფეს რიბლაში და განაჩენი გამოუტანეს.
- 7
თვალწინ დაუკლეს ძეები ციდკიაჰუს, ხოლო თავად მას თვალები დასთხარეს, სპილენძის ბორკილებით შეკრეს და ისე მიიყვანეს ბაბილონში.
- 8
მეხუთე თვის მეშვიდე დღეს, ეს იყო ბაბილონის მეფის, ნაბუქოდონოსორის, გამეფების მეცხრამეტე წელი, იერუსალიმში მოვიდა ნებუზარადანი, მცველთა მთავარი, ბაბილონის მეფის მსახური.
- 9
გადაწვა უფლის სახლი და მეფის სახლი, იერუსალიმის ყველა სახლი, ყველა დიდი სახლი ცეცხლს მისცა.
- 10
დაანგრია კედლები იერუსალიმის ირგვლივ ქალდეველთა ლაშქარმა, რომელიც მცველთა მთავარს მოჰყვა.
- 11
ქალაქში დარჩენილი ხალხი და ისინი, ვინც ბაბილონის მეფეს ჩაბარდნენ, სხვა, უამრავ ხალხთან ერთად გადაასახლა ნებუზარადანმა, მცველთა მთავარმა.
- 12
ქვეყნის ღარიბები მევენახეებად და მხვნელ-მთესველებად დატოვა მცველთა მთავარმა.
- 13
სპინლენძის სვეტები და სპილენძის ზღვა, უფლის სახლში რომ იდგა და კვარცხლბეკები, დაამსხვრიეს ქალდეველებმა, სპილენძი კი ბაბილონში წაიღეს.
- 14
ქვაბები, ნიჩბები, საკვეთები, კოვზები და სპილენძის მთელი ჭურჭელი, რომლითაც მსახურებდნენ, წაიღეს.
- 15
საცეცხლურები, თასები, ოქროსა და ვერცხლის რაც იყო, მცველთა მთავარმა წაიღო.
- 16
ორი სვეტი, ერთი ზღვა და კვარცხლბეკები, სოლომონმა რომ დაამზადა უფლის სახლისთვის; აუწონავი იყო სპილენძი, რისგანაც ეს საგნები იყო გაკეთებული;
- 17
თვრამეტი წყრთა იყო ერთი სვეტის სიმაღლე და ზედ სპილენძის გვირგვინი ჰქონდა. სამი წყრთა იყო გვირგვინის სიმაღლე; ბადე და ბროწეულები გვირგვინების გარშემო მთლიანად სპილენძისა იყო. ასეთივე ბროწეულები იყო მეორე სვეტის ბადეზე.
- 18
წაიყვანა მცველთა მთავარმა მღვდელმთავარი სერაია, მეორე მღვდელი ცეფანიაჰუ და კარიბჭის სამი მცველი.
- 19
ქალაქიდან წაიყვანა ერთი მთავარი, რომელიც მეომრებს ზედამხედველობდა; ასევე _ ხუთი კაცი, მეფის მრჩევლები, რომლებიც ქალაქში იმყოფებოდნენ, ლაშქრის მთავარი მწიგნობარი, რომელიც ჯარში იწვევდა ქვეყნის ხალხს და სამოცი საერო კაცი, რომლებიც ქალაქში აღმოჩნდნენ.
- 20
წაიყვანა ისინი ნებუზარადანმა, მცველთა მთავარმა და ბაბილონის მეფეს რიბლაში მიჰგვარა.
- 21
დაჰკრა მათ ბაბილონის მეფემ და დახოცა ისინი რიბლაში, ხამათის ქვეყანაში და გადაასახლა იუდა თავისი ქვეყნიდან.
- 22
იუდას ქვეყანაში დარჩენილ ხალხს კი, რომელიც ნაბუქოდონოსორმა დატოვა, ბაბილონის მეფემ, მმართველად გედალიაჰუ დაუნიშნა, ძე ახიკამისა, შაფანის ძისა.
- 23
გაიგეს მხედართმთავრებმა და მათმა კაცებმა, რომ ბაბილონის მეფემ გედალიაჰუ დანიშნა მეფისნაცვლად და მივიდნენ გედალიაჰუსთან მიცფაში: იშმაელ ნეთანიას ძე, იოხანან კარეახის ძე, სერაია თანხუმეთის ძე ნეტოფათიდან, იაზანიაჰუ მაყაქათელის ძე და მათი ხალხი.
- 24
შეჰფიცა გედალიაჰუმ მათ და მათ კაცებს და უთხრა: „ნუ გეშინიათ ქალდეველთა მსახურების. იცხოვრეთ ქვეყანაში, ემსახურეთ ბაბილონის მეფეს და ყველაფერი კარგად იქნება!”
- 25
მეშვიდე თვეს მოვიდა იშმაელი, ძე ნეთანიასი, ელიშამაყის ძისა, მეფის შთამომავალი, ათი კაცი ახლდა თან, განგმირა გედალიაჰუ და ამოხოცა იუდაელები და ქალდეველები, მიცფაში რომ იყვნენ მასთან ერთად.
- 26
ადგა მთელი ხალხი პატარიდან დიდამდე მხედართმთავრებთან ერთად და ეგვიპტეში წავიდა, რადგან ეშინოდათ ქალდეველების.
- 27
იუდას მეფის, იეჰოიაქინის გადასახლებიდან ოცდამეჩვიდმეტე წლის მეთორმეტე თვეს, თვის ოცდამეშვიდე დღეს, ევილ-მეროდაქმა, ბაბილონის მეფემ, თავისი გამეფების წელს, იეჰოიაქინი, იუდას მეფე, საპყრობილედან გაათავისუფლა.
- 28
კეთილად ელაპარაკა და ტახტი იმ მეფეთა ტახტებზე მაღლა დაუდგა, ბაბილონში რომ ჰყავდა.
- 29
გამოუცვალა საპყრობილის ტანისამოსი და მის წინ ჭამდა პურს მთელი თავისი სიცოცხლე.
- 30
მუდმივი საზრდო ეძლეოდა მას მეფისგან ყოველდღე, მთელი მისი სიცოცხლე.