4 მეფეთა 19
- 1
გაიგონა ეს მეფე ხიზკიაჰუმ და ტანსაცმელი შემოიხია, ჯვალოთი შეიმოსა და უფლის სახლში შევიდა.
- 2
გაგზავნა ელიაკიმი, სახლის ზედამხედველი, შებნა მწიგნობარი და ძაძებით შემოსილი უხუცესი მღვდლები წინასწარმეტყველ ესაიასთან, ამოცის ძესთან.
- 3
უთხრეს: "ასე ამბობს ხიზკიაჰუ: გაჭირვების, სასჯელისა და შერცხვენის დღეა ეს დღე, რადგან საშოს კარს მოადგნენ ბავშვები, მაგრამ არ არის შობის ძალა.
- 4
ეგებ ისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა რაბშაკეს ყოველი სიტყვა, აშურის მეფემ, მისმა ბატონმა, რომ დააბარა, რათა დაეძრახა ცოცხალი ღმერთი და დაეგმო სიტყვებით, რომლებიც ისმინა უფალმა, შენმა ღმერთმა! აღავლინე ლოცვა ცოცხლად დარჩენილთათვის”.
- 5
მივიდნენ მეფე ხიზკიაჰუს მსახურნი ესაიასთან.
- 6
მიუგო ესაიამ: "უთხარით თქვენს ბატონს, ასე ამბობს-თქო უფალი: ნუ გეშინიათ მოსმენილი სიტყვებისა, რითაც მლანძღავდნენ აშურის მეფის მსახურნი.
- 7
აჰა, მოვუვლენ სულს, მოისმენს ამბავს და თავის ქვეყანაში გაბრუნდება. მისსავე ქვეყანაში დაეცემა მახვილით!”
- 8
დაბრუნდა რაბშაკე და, აჰა, ლიბნას ებრძვის აშურის მეფე, რადგან გაიგო, რომ ლაქიშიდან დაიძრა.
- 9
თირჰაკაზე, ქუშის მეფეზეც გაიგო. უთხრეს: "აჰა, შენთან საბრძოლველად გამოვიდა”. ისევ გაუგზავნა მოციქულები ხიზკიაჰუს ამ სიტყვებით,
- 10
ასე უთხარითო ხიზკიაჰუს, იუდას მეფეს "არ შეგაცდინოს შენმა ღმერთმა, რომელსაც ენდობი, ნუ იტყვი: არ ჩავარდებაო იერუსალიმი აშურის მეფის ხელში!
- 11
ხომ გსმენია, რა დამართეს აშურის მეფეებმა ყველა ქვეყანას, როგორ გაანადგურეს ისინი. შენ რა, გადარჩები?!
- 12
განა იხსნეს ღმერთებმა თავ-თავისი ხალხები, რომლებსაც მუსრი გაავლეს ჩემმა მამებმა: გოზანი და ხარანი, რეფეცი და ედენის ძენი, თელასარში რომ არიან?
- 13
სად არიან ხამათის, არფადის, სეფარ-ვაიმის მეფეები, ჰენაყისა და ყივას მეფე?”
- 14
გამოართვა ხიზკიაჰუმ წერილი მოციქულებს, წაიკითხა და ავიდა უფლის სახლში. უფლის წინაშე გაშალა ხიზკიაჰუმ წერილი.
- 15
ილოცა ხიზკიაჰუმ უფლის წინაშე და თქვა: "უფალო, ღმერთო ისრაელისა, ქერუბებზე მჯდომო! შენ ხარ დედამიწის ყველა სამეფოს ერთადერთი ღმერთი! შენ შეჰქმენი ცა და მიწა!
- 16
ყური მომაპყარ, უფალო, და ისმინე; თვალი გაახილე, უფალო, და დაინახე; ისმინე სანხერიბის სიტყვები, ცოცხალი ღმერთის სალანძღავად რომ გამოუგზავნია კაცები.
- 17
მართალია, უფალო, ააოხრეს აშურის მეფეებმა ხალხები და მათი ქვეყნები.
- 18
ცეცხლს მისცეს მათი ღმერთები, რადგან ღმერთები კი არა, არამედ ხისგან და ქვისგან ადამიანის ხელით გამოთლილი ქმნილებანი იყვნენ და მოსპეს ისინი.
- 19
ახლა, გევედრები, რომ გვიხსნა, უფალო, ღმერთო ჩვენო, მისი ხელიდან; გაიგოს დედამიწის ყველა სამეფომ, რომ შენ, უფალო, ერთადერთი ღმერთი ხარ!”
- 20
შეუთვალა ესაია ამოცის ძემ ხიზკიაჰუს: "ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: შევისმინე, რასაც მევედრებოდი აშურის მეფის, სანხერიბის, წინააღმდეგ.
- 21
აჰა, სიტყვა, რომელიც უფალმა ბრძანა მის წინააღმდეგ: მოგიძულა, დაგცინის ქალწული, ასული სიონისა; თავს აქნევს შენს უკან ასული იერუსალიმისა.
- 22
ვის ლანძღავდი, ვის აგინებდი? ვისზე აღიმაღლე ხმა და ვისზე შემართე თვალი მედიდურად? ისრაელის წმიდაზე!
- 23
შენი მოციქულების მეშვეობით გალანძღე უფალი და ამბობდი: ჩემი უამრავი ეტლით ავედიო მთის მაღლობებზე, ლიბანის ფერდზე. გავჩეხე მაღალი კედრები, რჩეული კვიპაროსები, მისი სამყოფლის საზღვრებს მივაღწიე და შევედი მის ნაყოფიერ ტყეში.
- 24
ამოვთხარე და შევსვი უცხო წყლები, საკუთარი ფეხის ტერფებით ამოვაშრეო ეგვიპტის მდინარეები!
- 25
ნუთუ არ გსმენია, რომ ეს უძველესი დროიდან დავგეგმე, რომ წინა დღეებში გადავწყვიტე? ახლაღა მოვაწიე, რომ ნანგრევებად ქცეულიყვნენ ციხე-ქალაქები.
- 26
მათმა მცხოვრებლებმა ძალა დაკარგეს, შეძრწუნდნენ და შერცხვნენ, მინდვრის ბალახივით შეიქნენ, მწვანე ბალახივით, ბანზე მოდებული ხავსივით, შეღერებამდე დაშაშრული თავთავივით.
- 27
ვიცი, როგორ ზიხარ, როგორ გამოდიხარ და შედიხარ, როგორ მედიდგულები.
- 28
იმის გამო, რომ გამიდიდგულდი და მოსწვდა ჩემს ყურებს შენი ამპარტავნება, ნესტოებში რგოლს გაგიყრი და პირში ლაგამს ამოგდებ, იმავე გზით დაგაბრუნებ, რომლითაც მოხვედი.
- 29
ეს გქონდეს ნიშნად: ამ წელიწადს ველურად გაზრდილი ჭამეთ, მეორე წელიწადს მონარჩენიდან გაზრდილი, მესამე წელიწადს თესეთ და მოიმკეთ, ვაზი ჩაყარეთ და მისი ნაყოფი ჭამეთ.
- 30
კვლავ გაიდგამს ფესვს იუდას სახლის გადარჩენილი ნატამალი და გამოიღებს ნაყოფს.
- 31
რადგან იერუსალიმიდან გამოვა ნარჩომი და სიონის მთიდან ნატამალი. ცაბაოთ უფლის მოშურნეობა აღასრულებს ამას.
- 32
ამიტომ, ასე ამბობს უფალი აშურის მეფეზე: ვერ შევა ამ ქალაქში, ისარს ვერ გაისვრის მასში, ვერ მიეჭრება ფარით ხელში და მიწაყრილს ვერ აღუმართავს წინ.
- 33
გაბრუნდება იმავე გზით უკან, რომლითაც მოვიდა. ვერ შევა ამ ქალაქში! ამბობს უფალი.
- 34
მე დავიფარავ ამ ქალაქს, რომ ვიხსნა იგი ჩემთვის და დავითისთვის, ჩემი მსახურისთვის”.
- 35
იმ ღამეს გამოვიდა უფლის ანგელოზი და მოსრა აშურის ბანაკში ას ოთხმოცდახუთი ათასი მებრძოლი. ადგნენ დილით და, აჰა, მკვდარი იყო ყველა.
- 36
გაბრუნდა სანხერიბი, აშურის მეფე და ნინევეში მივიდა.
- 37
ერთხელ, როცა თავის ღმერთს ნისროქს სცემდა თაყვანს, მახვილით მოკლეს იგი ადრამელექმა და შარეცერმა, მისმა ძეებმა და არარატის ქვეყანაში გაიქცნენ. მის ნაცვლად მისი ძე ესარხადონი გამეფდა.