4 მეფეთა 14
- 1
ისრაელის მეფის იოაშ იოახაზის ძის გამეფების მეორე წელს იუდაში გამეფდა ამაციაჰუ, იოაშის ძე, იუდას მეფე.
- 2
ოცდახუთი წლის იყო, როცა გამეფდა და ოცდაცხრა წელს მეფობდა იერუსალიმში. იერუსალიმელი იეჰოყადანი იყო დედამისი.
- 3
სწორად იქცეოდა უფლის თვალში, მაგრამ არა მამამის დავითივით, არამედ ისიც მამამისის, იოაშის მსგავსად იქცეოდა.
- 4
ოღონდ მაღლობები არ გაუუქმებია და ხალხი ჯერ კიდევ იქ სწირავდა და აკმევდა.
- 5
განუმტკიცდა ამაციაჰუს ხელში მეფობა და დახოცა თავისი მსახურნი, რომლებმაც მამამისი, მეფე მოკლეს.
- 6
მკვლელთა შვილები კი არ დაუხოცავს, როგორც მოსეს რჯულის წიგნში სწერია, რადგან ასე ბრძანა უფალმა: "ნუ მოკვდებიან მამები შვილთა გამო და ნუ მოკვდებიან შვილები მამათა გამო; არამედ თითოეული თავისი ცოდვისთვის დაისაჯოს სიკვდილით”.
- 7
ათი ათასი ედომელი გაჟლიტა მარილოვან ველზე, ომით დაიპყრო სელა და იოკთეყელი უწოდა, როგორც დღემდე უწოდებენ.
- 8
ამის მერე მოციქულები გაუგზავნა ამაციაჰუმ იოაშს, იოახაზის ძეს, იეჰუს ძეს, ისრაელის მეფეს და შეუთვალა: "გამოდი, პირისპირ შევხვდეთ”.
- 9
შეუთვალა იოაშმა, ისრაელის მეფემ ამაციაჰუს, იუდას მეფეს: "სთხოვა ლიბანის ძეძვმა ლიბანის კედარს: ცოლად მიეცი შენი ასული ჩემს ძეს, მაგრამ გაიარა ლიბანის ველურმა ცხოველმა და გასრისა ძეძვი.
- 10
აჰა, დაგიმარცხებია ედომი და გაამაყდი? განდიდებულხარ, მაგრამ დაჯექი შენს სახლში. რაღად ეძიებ შფოთს, შენც დაეცემი და იუდაც შენთან ერთად”.
- 11
არ შეისმინა მისი ამაციაჰუმ; მაშინ გამოვიდა იოაში, ისრაელის მეფე და შეხვდნენ პირისპირ იუდეის ბეთ-შემეშში ის და ამაციაჰუ, იუდას მეფე.
- 12
დამარცხდა იუდა ისრაელთან; ყველანი თავ-თავისი სახლებისკენ გაიქცნენ.
- 13
იოაშმა, ისრაელის მეფემ შეიპყრო ამაციაჰუ, იუდას მეფე, იოაშ ახაზიას ძის ძე ბეთ-შემეშში, მივიდა იერუსალიმს და ეფრემის კარიბჭიდან კუთხის კარიბჭემდე დაანგრია მისი გალავანი, ოთხასი წყრთა.
- 14
აიღო მთელი ოქრო-ვერცხლი და ჭურჭლეული, რაც კი უფლის ტაძარსა და მეფის სახლის საგანძურში ნახა, ტყვეები წაიყვანა და სამარიაში გაბრუნდა.
- 15
იოაშის დანარჩენი საქმენი, რაც აღასრულა, მიღწევები და ამაციაჰუსთან, იუდას მეფესთან ბრძოლის ამბები, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 16
განისვენა იოაშმა თავის მამებთან და სამარიაში, ისრაელის მეფეებთან დაიკრძალა. მის ნაცვლად მისი ძე იერობყამი გამეფდა.
- 17
ამაციაჰუ იოაშის ძემ, იუდას მეფემ, თხუთმეტი წელი იცოცხლა, ისრაელის მეფის, იოაშ იოახაზის ძის სიკვდილის შემდეგ.
- 18
ამაციაჰუს დანარჩენი საქმენი განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 19
შეთქმულება მოუწყვეს მას იერუსალიმში; ლაქიშს გაიქცა. ბოლომდე სდიეს და იქ მოკლეს.
- 20
ცხენებით მოასვენეს და დაკრძალეს იერუსალიმში, თავის მამებთან, დავითის ქალაქში.
- 21
ადგა იუდას მთელი ხალხი და თექვსმეტი წლის აზარია გაამეფა მამამისის, ამაციაჰუს ნაცვლად.
- 22
ეილათი ააშენა და დაუბრუნა იუდას. მერე თავის მამებთან განისვენა.
- 23
იუდას მეფის, ამაციაჰუ იოაშის ძის, გამეფებიდან მეთხუთმეტე წელს გამეფდა სამარიაში იერობყამი, ისრაელის მეფის, იოაშის ძე და იმეფა ორმოცდაერთი წელიწადი.
- 24
ბოროტად იქცეოდა უფლის თვალში, არ განუშორებია იერობყამის, ნაბატის ძის ყველა ის ცოდვა, რომლითაც ისრაელი ცდუნდა.
- 25
ხამათის მისადგომებიდან ყარაბას ზღვამდე აღუდგინა ისრაელს საზღვრები, როგორც უფალს, ისრაელის ღმერთს, თავისი მსახურის, გათ-ხეფერელი წინასწარმეტყველის, იონა ამითაის ძის პირით ჰქონდა ნათქვამი.
- 26
რადგან იხილა უფალმა ისრაელის მწარე უბედურება, აღარც ტყვე იყო და აღარც თავისუფალი; არავინ იყო შემწე ისრაელისა.
- 27
არ უნდოდა უფალს ისრაელის სახელის გაქრობა ცისქვეშეთიდან და იხსნა ისინი იერობყამის, იოაშის ძის ხელით.
- 28
იერობყამის დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მოიმოქმედა, მისი მიღწევები, როგორ იბრძოდა და როგორ დაუბრუნა ისრაელს დამასკო და ხამათი, რომლებიც იუდას ეკუთვნოდა, განა იუდას მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 29
მიიძინა იერობყამმა თავის მამებთან, ისრაელის მეფეებთან; მის ნაცვლად მისი ძე ზაქარია გამეფდა.