3 მეფეთა 9
- 1
და იყო, როცა დაასრულა სოლომონმა უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება და ყველაფერი, რისი გაკეთებაც სურდა,
- 2
მეორედ გამოეცხადა უფალი სოლომონს, როგორც გაბაონში გამოეცხადა.
- 3
უთხრა უფალმა: "შევისმინე შენი ლოცვა-ვედრება, ჩემ წინაშე რომ აღავლინე; წმიდავყავი ეს სახლი, შენ რომ ააშენე ჩემი სახელის უკუნისამდე დასამკვიდრებლად; დღენიადაგ მანდ იქნება ჩემი თვალი და გული.
- 4
და თუ ივლი ჩემ წინაშე, როგორც მამაშენი დავითი დადიოდა, გულის სიწმიდითა და სიმართლით, ისე მოიქცევი, როგორც მაქვს შენთვის ნაბრძანები და დაიცავ ჩემს წესებსა და სამართალს,
- 5
მაშინ უკუნისამდე განვამტკიცებ შენს სამეფო ტახტს ისრაელზე, როგორც დავითისთვის, მამაშენისთვის, მითქვამს: არ მოგაკლდება-მეთქი ისრაელის ტახტზე მჯდომი.
- 6
მაგრამ თუ ზურგს შემაქცევთ თქვენ და თქვენი შვილები, არ დაიცავთ ჩემს მცნებებსა და წესდებებს, მე რომ მოგეცით, წახვალთ და უცხო ღმერთებს დაუწყებთ მსახურებას და მათ სცემთ თაყვანს,
- 7
მაშინ მოვკვეთ ისრაელს იმ მიწის პირისგან, რომელიც მივეცი მას; მოვიშორებ სახლს, რომელიც წმიდავყავი ჩემი სახელისთვის და შეიქნება ისრაელი საიგავოდ და საქილიკოდ ყოველ ხალხს შორის.
- 8
ეს სახლი ნანგრევების გროვად იქცევა და ყველა ჩამვლელი გაოცდება დაუსტვენს და იკითხავს: ასე რისთვის მოექცა უფალი ამ ქვეყანას და ამ ხალხს?
- 9
იტყვიან: რადგან მიატოვეს უფალი, თავიანთი ღმერთი, რომელმაც ეგვიპტის ქვეყნიდან გამოიყვანა მათი მამები და შეეთვისნენ უცხო ღმერთებს, თაყვანს სცემდნენ და ემსახურებოდნენ მათ. ამის გამო მოუვლინა უფალმა ყველა ეს უბედურება”.
- 10
ოცი წლის თავზე დაასრულა სოლომონმა ორი სახლის: უფლის სახლისა და მეფის სახლის შენება.
- 11
ხირამი, ცორის მეფე, აწვდიდა სოლომონს კედარისა და კვიპაროსის ხეებს, ასევე ოქროს, მისი სურვილისამებრ, მეფე სოლომონმა კი ოცი ქალაქი მისცა ხირამს გალილეის ქვეყანაში.
- 12
მოვიდა ხირამი ცორიდან, სოლომონის მიცემული ქალაქების სანახავად და არ მოეწონა ისინი.
- 13
თქვა ხირამმა: "ეს რა ქალაქები მოგიცია ჩემთვის, ჩემო ძმაო?” და უწოდა მათ ქაბულის ქვეყანა ამ დღემდე.
- 14
და გაუგზავნა ხირამმა მეფეს ასოცი ტალანტი ოქრო.
- 15
ეს არის სოლომონ მეფისგან დაწესებული ბეგარა უფლის სახლისა და მეფის სახლის, მილოს, იერუსალიმის კედლის, ხაცორის, მეგიდოს და გეზერის ასაშენებლად.
- 16
ამოვიდა ფარაონი, ეგვიპტის მეფე, აიღო გეზერი და ცეცხლით გადაბუგა. დახოცა ქალაქში მცხოვრები ქანაანელები, ხოლო ქალაქი მზითევში მისცა თავის ასულს, სოლომონის ცოლს.
- 17
ააშენა სოლომონმა გეზერი და ქვემო ბეთ-ხორონი,
- 18
ბაყალათი და თადმორი ქვეყნის უდაბნოში,
- 19
სამარაგო ქალაქები, რომლებიც სოლომონს ჰქონდა, ეტლის ქალაქები, ცხენოსანთა ქალაქები და ყველაფერი, რისი აშენებაც უნდოდა სოლომონს იერუსალიმსა და ლიბანში, და მთელ თავის სამეფოში.
- 20
ხოლო ყველა ის ხალხი, რომელიც დარჩა ამორელთაგან, ხეთელთაგან, ფერიზელთაგან, ხიველთაგან და იებუსელთაგან, რომლებიც ისრაელის ძეთაგან არ ყოფილან,
- 21
მათი შთამომავლები, მათ შემდეგ რომ დარჩნენ ქვეყანაში, რომელთა მოსპობაც ვერ შეძლეს ისრაელის ძეებმა, მონა-მსახურებად განაწესა სოლომონმა და დღემდე ასე არიან.
- 22
ისრაელის ძეთაგან არავინ დაუმონებია სოლომონს, რადგან მეომრები იყვნენ ისინი, მისი მსახურები, მეთაურები და მხედართმთავრები, მისი ეტლებისა და მხედრების სარდალნი.
- 23
ესენი იყვნენ ზემდგომთა მთავრები, სოლომონის სამუშაოების ზედამხედველნი: ხუთას ორმოცდაათი კაცი მმართველობდა მომუშავე ხალხს.
- 24
და ავიდა ფარაონის ასული დავითის ქალაქიდან თავის სახლში, რომელიც აუშენა სოლომონმა; მაშინ ააშენა მან მილო.
- 25
წელიწადში სამჯერ აღავლენდა სოლომონი სრულადდასაწველებსა და სამშვიდობო მსხვერპლებს სამსხვერპლოზე, რომელიც აუშენა უფალს და იქვე აკმევდა საკმეველს უფლის წინაშე. ასე განასრულა სოლომონმა სახლი.
- 26
ხომალდები ააგო მეფე სოლომონმა ყეციონ-გებერში, ელოთთან რომ არის, წითელი ზღვის სანაპიროზე, ედომის ქვეყანაში.
- 27
ზღვის მცოდნე მსახურები დაუმგზავრა ხირამმა ხომალდებით სოლომონის მსახურებს.
- 28
მივიდნენ ისინი ოფირში, წამოიღეს ოთხას ოცი ტალანტი ოქრო და მოუტანეს მეფე სოლომონს.