3 მეფეთა 6
- 1
ეგვიპტიდან ისრაელიანთა გამოსვლის ოთხას მეოთხმოცე წელს, ისრაელზე გამეფების მეოთხე წელს, ზივის (მეორე) თვეს, უფლის ტაძრის მშენებლობა დაიწყო სოლომონმა.
- 2
ტაძარი, რომელიც მეფე სოლომონმა უფლისთვის ააშენა, სიგრძით სამოცი წყრთა იყო, სიგანით - ოცი და სიმაღლით - ოცდაათი წყრთა.
- 3
ტაძრის წინა კარიბჭე ოცი წყრთა იყო სახლის სიგანის შესაბამისად და ათი წყრთა იყო სივრცე სახლის წინ.
- 4
შიგნიდან ფართო სარკმელნი გაუკეთა ტაძარს, რომლებიც გარედან ვიწროვდებოდა.
- 5
მიადგა სახლის კედლებს სართულები, ტაძრისა და წმიდაის ირგვლივ კედელი შემოარტყა და მის მთელ სიგრძეზე ოთახები ჩააშენა.
- 6
გვერდითა მიშენების ქვედა სართული სიგანით ხუთი წყრთა იყო, შუა - ექვსი და ზედა - შვიდი, რადგან სახლს ირგვლივ შვერილი კოჭები ჰქონდა გარედან დატანებული, რომ ტაძრის კედლებს ხარაჩოები არ შეხებოდა.
- 7
ტაძარი წინასწარ მოზიდული მთლიანი თლილი ქვებით შენდებოდა; ისე რომ, არც უროს და არც კევრის, არავითარი რკინის იარაღის ხმა არ ისმოდა მშენებლობის დროს.
- 8
მიშენების ქვედა სართულის კარი ტაძრის მარჯვენა მხარეს იყო, საიდანაც დახვეული კიბით ადიოდნენ შუა სართულზე, იქიდან კი - მესამე სართულზე.
- 9
ააშენა და დაასრულა ტაძარი და კედარის ფიცრებითა და კოჭებით გადახურა.
- 10
მთელ ტაძარს მიუშენა სართულები, თითოეულის სიმაღლე ხუთი წყრთა იყო; კედარის ძელებით მიამაგრა სახლს.
- 11
გამოეცხადა უფლის სიტყვა სოლომონს:
- 12
"აჰა, სახლს აშენებ, მაგრამ თუ ივლი ჩემი წესებისამებრ და აღასრულებ ჩემს დადგენილებებს, დაიცავ ყოველ ჩემს მცნებას და აღასრულებ, მაშინ მეც ავასრულებ ჩემს სიტყვას, რომელიც დავითისთვის, მამაშენისთვის მაქვს ნათქვამი.
- 13
დავმკვიდრდები ისრაელიანთა შორის და არ მივატოვებ ჩემს ხალხს - ისრაელს”.
- 14
ააშენა ტაძარი სოლომონმა და დაასრულა.
- 15
იატაკიდან ჭერამდე კედარის ფიცრები შემოავლო კედლებს ტაძრის შიგნით; ტაძრის იატაკზე კი კვიპაროსის ფიცრები დააგო.
- 16
ტაძრის უკანა მხარეს ოცი წყრთის მანძილზე დაბირი მოაწყო წმიდათა წმიდაისთვის და კედარის ფიცრები ააკრა იატაკიდან ჭერამდე.
- 17
ტაძრის წინა ნაწილი ორმოცი წყრთა იყო.
- 18
სახლის კედარის ფიცრებზე ამოკვეთილი იყო კოკორი და გაფურჩქნული ყვავილები; ყველაფერი კედარისა იყო, ქვა არ ჩანდა.
- 19
საწმიდარი ტაძრის შუაგულში, უფლის აღთქმის კიდობნის დასადგმელად გაამზადა.
- 20
საწმიდრის შიდა ნაწილი სიგრძით, სიგანით და სიმაღლით ოცი წყრთა იყო; წმიდა ოქროთი მოჭედა იგი; ასევე მოჭედა კედარის სამსხვერპლოც.
- 21
შიგნიდან სუფთა ოქროთი მოჭედა სოლომონმა ტაძარი; საწმიდრის წინ ოქროს ჯაჭვები გააბა და ოქროთი მოჭედა.
- 22
ოქროთი მოჭედა ტაძარი, მთელი შენობა და საწმიდრის კუთვნილი სამსხვერპლო.
- 23
ორი ქერუბი გააკეთა საწმიდარში ზეთისხილის ხისგან, თითო ათი წყრთა იყო.
- 24
ხუთი წყრთა იყო ქერუბის ერთი ფრთა და ხუთიც - მეორე; ათი წყრთა იყო ფრთების ერთი ბოლოდან მეორე ბოლომდე.
- 25
მეორე ქერუბიც ათი წყრთა იყო; ერთი ზომისა და ერთი სახის იყო ორივე ქერუბი.
- 26
სიმაღლე ერთი ქერუბისა ათი წყრთა იყო და ასეთივე იყო მეორე ქერუბიც.
- 27
შიდა დარბაზის შუაში დადგა ქერუბები. ფრთები ისე ჰქონდათ გაშლილი ქერუბებს, რომ ერთი ქერუბის ფრთა ერთ კედელს ეხებოდა და მეორესი - მეორე კედელს; შუა ოთახში ერთმანეთს ეხებოდნენ მათი ფრთები.
- 28
ოქროთი შემოჭედა ქერუბნი.
- 29
ტაძრის ყველა კედელზე, ირგვლივ, ქერუბთა გამოსახულებები, პალმები და გაშლილი ყვავილები იყო გამოკვეთილი, შიგნით და გარეთ.
- 30
ტაძრის იატაკი შიგნით და გარეთ ოქროთი მოჭედა.
- 31
საწმიდრის შესასვლელში ზეთისხილის ხის კარი ჩააყენა, წირთხლის ხუთწახნაგოვანი ჩარჩოთი.
- 32
ზეთისხილის ხის ორ კარზე გამოკვეთა ქერუბები, პალმები და გაშლილი ყვავილები; შემოჭედა და ოქროთი დაფარა ქერუბები და პალმები.
- 33
ტაძრის შესასვლელ კარს ზეთისხილის ხის ოთხწახნაგოვანი წირთხლი გაუკეთა.
- 34
და კვიპაროსის ხის ორი კარი; ერთი კარის ორივე ფრთა, ისე მეორე კარის ორივე ფრთა ანჯამებზე მოძრაობდა.
- 35
ქერუბნი, პალმები, გაშლილი ყვავილები გამოკვეთა მათზე და ოქროთი მოჭედა ჩუქურთმა.
- 36
შიდა ეზო თლილი ქვის სამი მწკრივისა და კედარის ძელების მწკრივისგან მოაწყო.
- 37
მეოთხე წელს, ზივის თვეში, ჩაუყარა საძირკველი უფლის ტაძარს;
- 38
და მეთერთმეტე წელს, ბულის (მერვე) თვეში დაასრულა ტაძრისა და მთელი მისი მოწყობილობის შენება, წინასწარი გეგმის მიხედვით; შვიდ წელს აშენებდა მას.