3 მეფეთა 19
- 1
უამბო ახაბმა იეზებელს ყველაფერი, რაც გააკეთა ელიამ. ისიც უთხრა, მახვილით რომ დახოცა წინასწარმეტყველნი.
- 2
მოციქული გაუგზავნა იეზებელმა ელიას და შეუთვალა: "ასე და ასე მომექცნენ ღმერთები და უარესიც დამმართონ, თუ ხვალ ამ დროს ისევე არ წაგართვა სიცოცხლე, როგორც შენ წაართვი თითოეულ მათგანს”.
- 3
ეს რომ გაიგო ელიამ, ადგა და გაიქცა, თავი რომ გადაერჩინა. მივიდა იუდას ბეერ-შებაყში და იქ დატოვა თავისი მსახური,
- 4
თავად კი უდაბნოში გავიდა ერთი დღის სავალზე, მივიდა ერთ ბელეკონის ბუჩქთან და მის ქვეშ დაჯდა. სიკვდილი ინატრა და თქვა: "ახლა კი კმარა, უფალო, წაიღე ჩემი სიცოცხლე, რადგან არა ვარ ჩემს მამებზე უკეთესი”.
- 5
დაწვა და დაიძინა ბელეკონის ბუჩქის ქვეშ. და აჰა, ანგელოზი შეეხო და უთხრა: "ადექი, ჭამე”.
- 6
გაიხედა ელიამ და აჰა, ნაკვერჩხლებზე გამომცხვარი ნამცხვარი და წყლით სავსე ქილა უდგას სასთუმალთან. შეჭამა, დალია და ისევ დაწვა.
- 7
მეორედ მოვიდა უფლის ანგელოზი, შეეხო და უთხრა: "ადექი და ჭამე, რადგან შორი გზა გაქვს”.
- 8
ადგა, ჭამა, სვა და მოძლიერებულმა ორმოცი დღე და ორმოცი ღამე იარა ღვთის მთამდე, ხორებამდე.
- 9
მივიდა მღვიმემდე და ღამე იქ გაათია. აჰა, უფლის სიტყვა იყო მის მიმართ და უთხრა: "აქ რას აკეთებ, ელია?”
- 10
თქვა: "უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
- 11
უთხრა უფალმა: "წადი და მთაზე დადექი უფლის წინაშე”. აჰა, ჩაიარა უფალმა, მოჰყვა მას დიდი და ძლიერი ქარი, მთებს შლიდა და კლდეებს ამსხვრევდა უფლის წინაშე, მაგრამ ქარში არ იყო უფალი. ქარის მერე - მიწისძვრა, არც მიწისძვრაში იყო უფალი.
- 12
მიწისძვრის მერე - ცეცხლი, არც ცეცხლში იყო უფალი. ცეცხლის მერე - ჩუმი, ნაზი ხმა.
- 13
მოისმინა ელიამ და მოსასხამი აიფარა სახეზე, გარეთ გავიდა და მღვიმის შესასვლელთან დადგა. აჰა, ხმა მოესმა; უთხრა: "აქ რას აკეთებ, ელია?”
- 14
თქვა: "უფლის, ცაბაოთ ღმერთის შურმა შემიპყრო, რადგან მიატოვეს შენი აღთქმა ისრაელის ძეებმა, შენი სამსხვერპლოები დაანგრიეს და შენი წინასწარმეტყველნი მახვილით ამოხოცეს; მე ერთი დავრჩი და ჩემს სულსაც დაეძებენ, რათა წამართვან”.
- 15
უთხრა უფალმა: "წადი, გაბრუნდი დამასკოს უდაბნოს გზით; და როცა მიხვალ, სცხე ხაზაელს არამზე სამეფოდ.
- 16
იეჰუ ნიმშის ძეს ისრაელზე სამეფოდ სცხე, ელისე შაფატის ძეს კი აბელ-მეხოლადან, სცხე, რათა შენს ნაცვლად წინასწარმეტყველებდეს.
- 17
ისე იქნება, რომ ვინც ხაზაელის მახვილს გადაურჩება იეჰუ მოკლავს; და ვინც იეჰუს მახვილს გადაურჩება - ელისე მოკლავს.
- 18
მაგრამ, მე მოვიტოვე შვიდი ათასი კაცი ისრაელში: ვისი მუხლიც არ მოდრეკილა ბაყალის წინაშე და არ უკოცნია მისთვის”.
- 19
წავიდა იქიდან და მოძებნა ელისე შაფატის ძე, მიწას ხნავდა, თორმეტი უღელი ხარი ეყენა წინ, თავად მეთორმეტეს უდგა. ჩაუარა ელიამ და გადაუგდო თავისი მოსასხამი.
- 20
მიატოვა ელისემ ხარები, გაეკიდა ელიას და უთხრა: "გამიშვი, ვაკოცებ ჩემს დედ-მამას და მერე გამოგყვები”. უთხრა ელიამ: "გაბრუნდი, რადგან რა გამიკეთებია შენთვის?”
- 21
დაბრუნდა, აიყვანა უღელი ხარი და დაკლა, ხარის უღლით ხორცი მოხარშა, ხალხს დაუნაწილა და ხალხმაც ჭამა. ადგა, გაჰყვა ელიას და ემსახურებოდა.