3 მეფეთა 16
- 1
ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას წინააღმდეგ იეჰუ ხანანის ძეს:
- 2
"მტვრიდან აღგადგინე და ჩემი ხალხის, ისრაელის წინამძღოლად გაქციე, შენ კი იერობყამის გზით წახვედი და აცდუნე ისრაელი, რათა განვრისხდე მათი ცოდვებით,
- 3
აჰა, პირწმინდად აღვგვი ბაყაშას და მის სახლს და ვაქცევ იერობყამ ნებატის ძის სახლივით.
- 4
ვინც ქალაქში მოუკვდება ბაყაშას, ძაღლები შეჭამენ; და ვინც ველზე - ცის ფრინველნი დაჯიჯგნიან”.
- 5
ბაყაშას დანარჩენი საქმენი, მისი სიმამაცე, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 6
მიიძინა ბაყაშამ თავის მამებთან და დაიკრძალა თირცაში. მის ნაცვლად ელა, მისი ძე გამეფდა.
- 7
წინასწარმეტყველ იეჰუ ხანანის ძის მეშვეობით ეუწყა უფლის სიტყვა ბაყაშას და მის სახლეულს, ყველა იმ ბოროტების შესახებ, რომელიც ჩაიდინა უფლის თვალში, რათა განერისხებინა ღმერთი თავისი ქცევით, გამხდარიყო იერობყამის სახლივით და განადგურებულიყო.
- 8
იუდას მეფის, ასას გამეფების ოცდამეექვსე წელს გამეფდა ელა, ბაყაშას ძე და ორ წელს იმეფა თირცაში ისრაელზე.
- 9
აუმხედრდა მისი მსახური ზიმრი, რომელიც საბრძოლო ეტლების ნახევარს მეთაურობდა. თირცას სამეფო სასახლის მოურავის, არცას სახლში იყო მთვრალი ელა.
- 10
შევიდა ზიმრი, უგმირა და მოკლა. იუდას მეფის, ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს გამეფდა მის მაგიერ.
- 11
როცა გამეფდა და ტახტზე დაჯდა, მაშინვე მოსრა ბაყაშას მთელი სახლეული, არ დაუტოვებია მისგან კედელზე მიმშარდველი, არც ნათესავი და არც მეგობარი.
- 12
მოსპო ზიმრიმ ბაყაშას მთელი სახლეული უფლის სიტყვისამებრ, რომელიც წინასწარმეტყველ იეჰუს მეშვეობით ჰქონდა ნათქვამი ბაყაშაზე,
- 13
ბაყაშას მთელი ცოდვებისთვის და ელას, მისი ძის ცოდვებისთვის, რომლებითაც აცდუნეს ისრაელი თავისი ამაოებით, რათა განერისხებინათ უფალი, ისრაელის ღმერთი.
- 14
ელას დანარჩენი საქმენი და ყველაფერი, რაც მან გააკეთა, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 15
იუდას მეფის, ასას მეფობის ოცდამეშვიდე წელს, შვიდ დღეს იმეფა ზიმრიმ თირცაში. ხალხი ფილისტიმელთა გიბეთონის პირდაპირ იყო დაბანაკებული.
- 16
გაიგო დაბანაკებულმა ხალხმა, რომ ამბოხებულ ზიმრის მეფე მოუკლავს და იმავე დღეს, მხედართმთავარი ყომრი გაამეფა ბანაკში მთელ ისრაელზე.
- 17
წავიდა ყომრი გიბეთონიდან მთელ ისრაელთან ერთად და ალყაში მოაქცია თირცა.
- 18
დაინახა ზიმრიმ, რომ აღებულია ქალაქი, შევიდა მეფის სასახლის სამალავში, თავზე გადაიწვა სასახლე და მოკვდა.
- 19
თავისი ცოდვებისთვის, რომლითაც სცოდავდა, რადგან ბოროტს სჩადიოდა უფლის თვალში და იერობყამის გზით მიდიოდა მის ცოდვებში, რომლითაც აცდუნა ისრაელი.
- 20
ზიმრის დანარჩენი საქმენი და მისი ამბოხება, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 21
მაშინ ორად გაიხლიჩა ისრაელის ხალხი: ხალხის ერთი ნახევარი თიბნი გინათის ძის გამეფებას ემხრობოდა, მეორე ნახევარი კი - ყომრისას.
- 22
ყომრის ხალხი უფრო ძლიერი აღმოჩნდა თიბნის ხალხზე. მოკვდა თიბნი და გამეფდა ყომრი.
- 23
იუდას მეფის, ასას მეფობის ოცდამეთერთმეტე წელს გამეფდა ყომრი ისრაელზე და თორმეტ წელს მეფობდა. ექვსი წელი თირცაში იმეფა.
- 24
იყიდა შემერისგან სამარიის მთა ვერცხლის ორ ტალანტად, ქალაქი გააშენა იქ და სახელად სამარია უწოდა, ყოფილი მფლობელის სახელისამებრ.
- 25
ბოროტად იქცეოდა ყომრი უფლის თვალში; იმათაც გადააჭარბა, რომლებიც მასზე უწინ იყვნენ.
- 26
იერობყამ ნებატის ძის გზით წავიდა, მისი ცოდვის გზით, რომლითაც აცდუნა ისრაელი, რათა თავისი ამაო კერპებით განერისხებინა უფალი, ისრაელის ღმერთი.
- 27
ყომრის დანარჩენი საქმენი და მისი სიმამაცე, განა ისრაელის მეფეთა მატიანეს წიგნში არაა აღწერილი?
- 28
მიიძინა ყომრიმ თავის მამებთან და დაიკრძალა სამარიაში. მის ნაცვლად კი მისი ძე, ახაბი გამეფდა.
- 29
ასას, იუდას მეფობის ოცდამეთვრამეტე წელს გამეფდა ახაბ ყომრის ძე ისრაელზე და ოცდაორი წელი მეფობდა სამარიაში, ისრაელზე.
- 30
ყომრის ძის ბოროტებამ, რომელიც უფლის წინაშე ჩაიდინა მან, ყველას გადააჭარბა, ვინც მასზე უწინ იყვნენ.
- 31
და არ იკმარა იერობყამ ნებატის ძის ცოდვაში სიარული; ცოლად მოიყვანა იეზებელი, ეთბაყალის, ციდონის მეფის ასული. და დაუწყო ბაყალს მსახურება და თაყვანისცემა.
- 32
სამსხვერპლო აღუმართა ბაყალს სამარიაში, მის მიერვე აგებულ ბაყალის საკერპეში.
- 33
გააკეთა ახაბმა აშერი და უფრო მეტად განარისხა უფალი, ისრაელის ღმერთი, ვიდრე ისრაელის ყველა მეფემ, მასზე უწინ რომ იყვნენ.
- 34
მის დღეებში ააშენა ხიელ ბეთელელმა იერიხო: აბირამზე, თავის პირმშოზე დააფუძნა იგი და სეგუბზე, თავის უმცროს ძეზე დაადგინა მისი კარიბჭე, უფლის სიტყვისამებრ, რომელიც იეშუა ნავეს ძის მეშვეობით ჰქონდა წარმოთქმული.