2 მეფეთა 24
- 1
ისევ აღინთო უფლის რისხვა ისრაელზე და წააქეზა მან დავითი მათ წინააღმდეგ: "წადი, აღრიცხე ისრაელი და იუდა”.
- 2
უთხრა მეფემ მხედართმთავარ იოაბს, მასთან რომ იყო: "მოიარე ისრაელის ყოველი ტომი, დანიდან ბეე
- 3
უთხრა იოაბმა მეფეს: "დაე, ასმაგად გაამრავლოს უფალმა, შენმა ღმერთმა, ხალხი, ვიდრე დღეს არის, ჩემი ბატონის სიცოცხლეშივე, მაგრამ რისთვის მოისურვა მეფემ, ჩემმა ბატონმა, ეს საქმე?”
- 4
მაგრამ იმძლავრა მეფის სიტყვამ იოაბსა და ლაშქართა მთავრებზე; და გამოვიდნენ მეფისგან იოაბი და ლაშქართა მთავარნი ისრაელიანი ხალხის აღსაწერად.
- 5
გადალახეს იორდანე და ყაროყერში, ქალაქის მარჯვნივ, გადის ხეობაში, იაყზერის პირდაპირ დაიბანაკეს.
- 6
გილყადში, თახთიმ-ხოდშის მხარეში მივიდნენ, დანიაყანში გადავიდნენ და ციდონს შემოუარეს.
- 7
მივიდნენ ცორის სიმაგრემდე, ხიველთა და ქანაანელთა ყველა ქალაქში და იუდას სამხრეთით ბეერ-შებაყისკენ გადავიდნენ.
- 8
მოიარეს მთელი ქვეყანა და ცხრა თვისა და ოცი დღის დასასრულს დაბრუნდნენ იერუსალიმში.
- 9
მისცა იოაბმა მეფეს ხალხის აღრიცხვის ჩამონათვალი: რვაასი ათასი ძლიერი, ხმლისამომწვდელი კაცი იყო ისრაელში, ხუთასი ათასი კი - იუდაში.
- 10
გული აუფორიაქდა დავითს ხალხის აღრიცხვის შემდეგ. და უთხრა დავითმა უფალს: "დიდად შეგცოდე იმით, რაც ჩავიდინე; ახლა, გემუდარები, უფალო, მიუტევე შენს მსახურს ცოდვა, რადგან ძლიერ უგუნურად მოვიქეცი”.
- 11
ადგა დილას დავითი და ესმა უფლის სიტყვა გადს, დავითის წინასწარმეტყველს:
- 12
"წადი და უთხარი დავითს, ასე ამბობს-თქო უფალი: სამ სასჯელს გთავაზობ, ერთ-ერთი ამოირჩიე შენთვის და აგისრულებ”.
- 13
მივიდა გადი დავითთან და უთხრა: "აირჩიე - შვიდწლიანი შიმშილობა შენს მიწაზე, სამთვიანი ლტოლვილება მტერთაგან და მათგან შენი დევნა, თუ სამდღიანი ჭირი შენს ქვეყანაში? ახლა განსაჯე, რა ვუპასუხო ჩემს მომავლინებელს?”
- 14
მიუგო გადს დავითმა: "დიდად მემძიმება სამივე, მაგრამ უფლის ხელში ჩავარდნა მირჩევნია, რადგან დიადია მისი მოწყალება; ნუმც ჩავვარდნილვარ კაცთა ხელში”.
- 15
ჭირი მოუვლინა უფალმა ისრაელს განთიადიდან დადგენილ დრომდე და მოისრა ხალხი დანიდან ბეერ-შებაყამდე, სამოცდაათი ათასი კაცი.
- 16
ხელი ჰქონდა გაწვდილი ანგელოზს იერუსალიმის ასაოხრებლად. და გადაიფიქრა უფალმა ეს უბედურება და უთხრა ხალხის მომსვრელ ანგელოზს: "კმარა, შეაჩერე ხელი!” არავნა იებუსელის კალოსთან იდგა უფლის ანგელოზი.
- 17
დაინახა დავითმა, როგორ მუსრავდა ანგელოზი ხალხს და უთხრა უფალს: "აჰა, მე შევცოდე! მე ჩავიდინე ბოროტება! ამ ხალხმა რა დააშავა?! ჩემი და მამაჩემის სახლის წინააღმდეგ იყოს შენი ხელი”.
- 18
იმავე დღეს მივიდა გადი დავითთან და უთხრა: "წადი და სამსხვერპლო დაუდგი უფალს არავნა იებუსელის კალოზე”.
- 19
და წავიდა დავითი გადის სიტყვისამებრ, როგორც ბრძანა უფალმა.
- 20
გაიხედა არავნამ და, აჰა, მეფე და მისი მსახურები მოდიან მისკენ; გამოვიდა არავნა და პირქვე დაემხო მეფის წინაშე.
- 21
ჰკითხა არავნამ: "რისთვის მოსულა მეფე, ჩემი ბატონი, თავის მსახურთან?” მიუგო დავითმა: "კალოს საყიდლად მოვედი, რათა სამსხვერპლო ავაგო უფლისთვის, ვინძლო შეწყდეს სენი ხალხში”.
- 22
უთხრა არავნამ დავითს: "აიღოს და აღავლინოს მეფემ, ჩემმა ბატონმა, რაც სათნოა მის თვალში. აჰა, ხარები სრულადდასაწველად, საცეხველი, ხარების აღკაზმულობა და უღელი კი შეშის სანაცვლოდ.
- 23
ყოველივეს მოგცემ, მეფეო”. თან დააყოლა: "გისმინოს უფალმა, შენმა ღმერთმა და მადლი გაპოვნინოს”.
- 24
უპასუხა მეფემ არავნას: "არა, საფასურით უნდა ვიყიდო შენგან, რადგან მუქთ სრულადდასაწველს ვერ აღვუვლენ უფალს, ჩემს ღმერთს”. ვერცხლის ორმოცდაათ შეკელად იყიდა კალო დავითმა.
- 25
და აუშენა იქ დავითმა სამსხვერპლო უფალს და აღავლინა სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირები. შეისმინა უფალმა მათი ვედრება ქვეყნისთვის და შეწყდა უბედურება ისრაელში.