2 მეფეთა 12
- 1
გაუგზავნა უფალმა დავითს ნათანი; ისიც მივიდა და უთხრა: "ორი კაცი იყო ერთ ქალაქში, ერთი მდიდარი, ერთი ღარიბი.
- 2
მრავალი ცხვარ-ძროხა ჰყავდა მდიდარს.
- 3
ღარიბს კი არაფერი ებადა ერთი პატარა კრავის გარდა, რომელიც ნაყიდი ჰყავდა. კვებავდა და თავის შვილებთან ერთად ზრდიდა, მისი ლუკმიდან ჭამდა, მისი თასიდან სვამდა და მის უბეში ეძინა. საკუთარი ასულივით ჰყავდა.
- 4
ერთხელ მგზავრი ეწვია ამ მდიდარ კაცს, მაგრამ მდიდარმა ვერაფერი გაიმეტა თავისი ცხვარ-ძროხიდან დასაკლავად, რომ სტუმარს გამასპინძლებოდა; წამოიყვანა ღარიბი კაცის კრავი და მასთან მოსულ კაცს სადილად მოუმზადა”.
- 5
ძლიერი რისხვით აინთო დავითი ამ კაცზე და უთხრა ნათანს: "ცოცხალია უფალი, სიკვდილს იმსახურებს ამის ჩამდენი კაცი!
- 6
კრავი კი ოთხმაგად უნდა ზღოს, რადგან ასე შეუბრალებლად მოიქცა”.
- 7
მიუგო დავითს ნათანმა: "ის კაცი შენა ხარ! ასე ამბობს უფალი, ისრაელის ღმერთი: მე გცხე ისრაელის მეფედ და მე გიხსენი საულის ხელიდან;
- 8
შენი ბატონის სახლი მოგეცი და შენი ბატონის ცოლები მოგიწვინე. ისრაელისა და იუდას სახლები მოგეცი და თუ გეცოტავა, ამდენივეს და კვლავ ამდენივეს დაგიმატებდი!
- 9
რატომ მოიძულე უფლის სიტყვა და რად ჩაიდინე ბოროტება მის თვალში! მახვილით მოკალი ურია ხეთელი და ცოლად დაისვი მისი ცოლი; ის კი ყამონის ძეთა მახვილით მოკალი.
- 10
ამიერიდან მახვილი აღარ მოშორდება შენს სახლს, რადგან უგულებელმყავი და ურია ხეთელის ცოლი დაისვი ცოლად.
- 11
ასე ამბობს უფალი: აჰა, შენივე სახლიდან მოგივლენ უბედურებას, ავიყვან შენს ცოლებს შენს თვალწინ და მივცემ მათ შენს მოძმეს, მზისით დაწვება ის შენს ცოლებთან!
- 12
შენ ფარულად გააკეთე, მე კი მზისით გავაკეთებ ამას, მთელი ისრაელის თვალწინ!”
- 13
და უთხრა დავითმა ნათანს: "შევცოდე უფალს”. უთხრა ნათანმა: "უფალმაც მოგიტევა ცოდვა, არ მოკვდები!
- 14
მაგრამ, რადგან ამ საქმით გმობის საბაბი მიეცი უფლის მტრებს, ძე, რომელიც შეგეძინა, მოკვდება”.
- 15
წავიდა ნათანი თავის სახლში და დალახვრა უფალმა ბავშვი, რომელიც ურიას ცოლმა უშვა დავითს და დასნეულდა იგი.
- 16
ევედრებოდა დავითი ღმერთს ჩვილისთვის; მარხულობდა, შიგნით განმარტოვდა და მიწაზე წოლით ათევდა ღამეს.
- 17
თავზე დაადგნენ სახლის უხუცესნი მიწიდან ასაყენებლად, მაგრამ არ ინება და არც პური ჭამა მათთან.
- 18
მეშვიდე დღეს მოკვდა ბავშვი; ეშინოდათ დავითის მსახურებს, რომ ეუწყებინათ მისთვის ბავშვის სიკვდილი; ამბობდნენ: "აჰა, სანამ ცოცხალი იყო ბავშვი, ველაპარაკებოდით და არ გვისმენდა, როგორღა ვაცნობოთ მისი სიკვდილი, თავს ბოროტი არაფერი აუტეხოს!”
- 19
დაინახა დავითმა მოჩურჩულე მსახურები, მიხვდა, რომ მოკვდა ბავშვი და ჰკითხა მათ: "მოკვდა ბავშვი?” უპასუხეს: "მოკვდა”.
- 20
ადგა მიწიდან დავითი, დაიბანა, ზეთი იცხო, სამოსელი გამოიცვალა, მივიდა უფლის სახლში და თაყვანი სცა. მერე დაბრუნდა თავის სახლში, საჭმელი მოითხოვა და ჭამა.
- 21
ჰკითხეს მსახურებმა: "რას ნიშნავს შენი საქციელი: ცოცხალი ბავშვისთვის მარხულობდი და მოსთქვამდი, მოკვდა ბავშვი, შენ კი ადექი და პური ჭამე?!”
- 22
მიუგო დავითმა: "ბავშვის სიცოცხლეში ვმარხულობდი და მოვთქვამდი, რადგან ვფიქრობდი: ვინ იცის, იქნებ შემიწყალოს უფალმა და ცოცხალი დამიტოვოს ბავშვი?
- 23
ახლა მკვდარია იგი, რაღად ვიმარხულო? განა შევძლებ მის დაბრუნებას? მე წავალ მასთან და ის კი აღარ დამიბრუნდება”.
- 24
ნუგეში სცა დავითმა ბათ-შებაყს, თავის ცოლს, მივიდა და დაწვა მასთან; ძე გაუჩინა მან და უწოდა სოლომონი. და შეიყვარა იგი უფალმა.
- 25
წარგზავნა ნათან წინასწარმეტყველი და უწოდა მას იედიდია (უფლის საყვარელი).
- 26
ებრძოდა იოაბი ყამონის რაბათს და დაიპყრო სამეფო ქალაქი.
- 27
გაუგზავნა იოაბმა დავითს მოციქულნი და შეუთვალა: "ვებრძოლე რაბათს და ქალაქის წყაროები ვიგდე ხელთ.
- 28
ახლა შემოიკრიბე ხალხი, ალყაში მოაქციე ქალაქი და აიღე, თორემ მე ავიღებ და ჩემი სახელი დაერქმევა”.
- 29
შეკრიბა დავითმა მთელი ხალხი, წავიდა რაბათს, შეებრძოლა და აიღო.
- 30
გვირგვინი მოჰხადა დავითმა მეფეს, ტალანტ ოქროს იწონიდა, ზედ ძვირფასი ქვა ამშვენებდა. თავზე დაიდგა დავითმა იგი და დიდძალი ნადავლი გამოიტანა იმ ქალაქიდან.
- 31
იქ მცხოვრები ხალხი კი წამოიყვანა მხერხავებად, ქვის მჭრელებად და რკინის ბასრი იარაღებითა და ცულებით სამუშაოს შესასრულებლად. ასე მოექცა დავითი ყამონის ძეთა ყველა ქალაქს და დაბრუნდა დავითი თავის ხალხთან ერთად იერუსალიმში