1 მეფეთა 8
- 1
როცა მოხუცდა სამუელი, ისრაელის მსაჯულებად თავისი ძენი დაადგინა.
- 2
მის პირმშოს სახელად იოელი ერქვა, ხოლო მეორეს - აბია; ბეერ-შებაყში მსაჯულობდნენ ისინი.
- 3
არ დადიოდნენ შვილები მამის კვალზე, ანგარებას მისდევდნენ, ქრთამს იღებდნენ და სამართალს ამრუდებდნენ.
- 4
შეიკრიბა ისრაელის უხუცესობა და მივიდა სამუელთან რამათში.
- 5
უთხრეს: "აჰა, შენ მოხუცდი, შენი შვილები კი შენს გზას არ მიჰყვებიან; დაგვიდგინე მეფე, რომ განგვსჯიდეს, როგორც სხვა ხალხებშია”.
- 6
არ მოეწონა ეს ამბავი სამუელს, რომ თქვეს: "მეფე მოგვეციო მსაჯულად!” და ილოცა სამუელმა უფლის მიმართ.
- 7
უთხრა უფალმა სამუელს: "გაუგონე ხალხს ყველაფერი, რასაც გეტყვიან, რადგან შენ კი არა, მე უარმყვეს თავიანთ მეფედ!
- 8
ასე იქცეოდნენ იმ დღიდან, რაც გამოვიყვანე ეგვიპტიდან, დღემდე, მივიწყებდნენ და სხვა ღმერთებს ემსახურებოდნენ, შენც ასევე გექცევიან.
- 9
გაუგონე მათ, მაგრამ თან გააფრთხილე და აუხსენი, რა უფლებები ექნება მეფეს, რომელიც იმეფებს მათზე!”
- 10
და გადასცა სამუელმა უფლის ყოველი სიტყვა ხალხს, მეფეს რომ მოითხოვდნენ მისგან.
- 11
უთხრა: "ასეთი უფლებებით იმეფებს მეფე თქვენზე: წაიყვანს თქვენს ძეებს და თავის ეტლებთან და მხედრებთან დააყენებს და ირბენენ მისი ეტლის წინ.
- 12
დანიშნავს მათ ათასისთავებად და ორმოცდაათისთავებად, თავისი მინდვრის მხვნელებად და თავისი სამკალის მომკელებად, თავისი საბრძოლო საჭურვლისა და ეტლების მკეთებლებად.
- 13
მენელსაცხებლებად, მზარეულებად და ხაბაზებად წაიყვანს თქვენს ასულებს.
- 14
საუკეთესო მინდვრებს, ვენახებსა და ზეთისხილის საუკეთესო ბაღებს წაიღებს და თავის მსახურებს გადასცემს.
- 15
მეათედს აიღებს თქვენი ნათესებიდან და ვენახებიდან და თავის კარისკაცებსა და მსახურებს მისცემს.
- 16
წაიყვანს საუკეთესო მონებს, მხევლებს, მსახურ ბიჭებს, სახედრებს და თავის საქმეზე ამსახურებს.
- 17
წაიღებს მეათედს თქვენი ფარიდან და თქვენც მისი მონები გახდებით.
- 18
შეჰღაღადებთ იმ დღეს მეფის გამო, რომელსაც ამოირჩევთ, მაგრამ არ გიპასუხებთ უფალი!”
- 19
არ მოუსმინა ხალხმა სამუელს. თქვეს: "არა! მეფე უნდა გვესვას”.
- 20
ჩვენც ისეთები უნდა ვიყოთ, როგორც სხვა ერები არიან; მეფემ უნდა განგვსაჯოს, წინ წაგვიძღვება და ჩვენი ბრძოლებით იბრძოლებს”.
- 21
მოისმინა სამუელმა ხალხის ნათქვამი ყოველი სიტყვა და ელაპარაკა უფალს.
- 22
უთხრა უფალმა სამუელს: "გაუგონე მათ და დაუდგინე მეფე”. და უთხრა სამუელმა ისრაელის კაცებს: "დაბრუნდით თქვენ-თქვენს ქალაქებში”.