1 მეფეთა 25
- 1
იყო ერთი კაცი მაყონში; ქარმელში ჰქონდა მამული; ფრიად შეძლებული იყო ეს კაცი - სამი ათასი ცხვარი და ათასი თხა ჰყავდა, პარსვის დროს ისიც ქარმელში იმყოფებოდა.
- 2
ნაბალი ერქვა კაცს, მის ცოლს კი - აბიგაილი; კეთილგონიერი და მშვენიერი იყო ქალი, კაცი კი - ულმობელი და ბოროტმოქმედი; ხალების შთამომავალი იყო იგი.
- 3
გაიგო დავითმა უდაბნოში, რომ ცხვარს პარსავდა ნაბალი.
- 4
გაგზავნა დავითმა ათი ჭაბუკი და დააბარა: "ქარმელში ადით, ნაბალთან მიდით და ჩემი სახელით მოიკითხეთ.
- 5
უთხარით: იცოცხლე! მშვიდობა შენდა, მშვიდობა შენს სახლს და მთელ შენს საბადებელს.
- 6
გავიგე მპარსველები გყოლია; ამას წინათ შენი მწყემსები იყვნენ ჩვენთან, არ დაგვიჩაგრავს და არაფერი დაუკარგავთ ქარმელში ყოფნის დღეებში.
- 7
ჰკითხე შენს ჭაბუკებს და თავადაც გეტყვიან. დაე, მადლი ჰპოვონ ჩემმა მსახურებმა შენს თვალში, რადგან სასიკეთო დღეს მოვედით; მიეცი შენს მსახურთ და შენს ძეს, დავითს, რასაც შესძლებ”.
- 8
მივიდნენ დავითის ჭაბუკნი, გადასცეს ნაბალს დაბარებული სიტყვები და დაელოდნენ.
- 9
მიუგო ნაბალმა დავითის მსახურთ: "ვინაა დავითი და ვინაა იესეს ძე? მომრავლდნენ დღეს თავიანთი ბატონებისგან გაქცეული მონები.
- 10
ჩემი პური, წყალი და ცხვრის მპარსველთათვის დაკლული საკლავი იმ კაცებს მივცე, რომელთა ასავალ-დასავალიც არ ვიცი?”
- 11
გამობრუნდნენ დავითის ჭაბუკნი თავის გზაზე, მივიდნენ და გადასცეს ეს სიტყვები დავითს.
- 12
უთხრა დავითმა თავის კაცებს: "შეიბით ყველამ თქვენ-თქვენი მახვილი!” შემოირტყა ყოველმა მახვილი და დავითმაც შეიბა თავისი მახვილი. ოთხასამდე კაცი გაჰყვა დავითს, ორასი კი აღალთან დარჩა.
- 13
უთხრა ერთმა ჭაბუკმა აბიგაილს, ნაბალის ცოლს: "აჰა, მოციქულნი გამოგზავნა დავითმა უდაბნოდან ჩვენი ბატონის მოსაკითხად, მან კი აბუჩად აიგდო ისინი.
- 14
ძალიან კარგად გვეპყრობოდა ეს ხალხი, სანამ ველზე ვიყავით მათთან ერთად, არ გვჩაგრავდნენ და არც არაფერი დაგვიკარგავს.
- 15
ზღუდედ იყვნენ ჩვენთვის ღამით და დღისით, მთელი დროის მანძილზე, სანამ მათთან ახლოს ვმწყემსავდით ფარებს.
- 16
ახლა იფიქრე და როგორც გიჯობს ისე მოიქეცი, რადგან გარდაუვალია უბედურება ჩვენს ბატონსა და მთელ მის სახლეულზე, ის კი უღირსი კაცია, მასთან ლაპარაკი არ იქნება”.
- 17
აჩქარდა აბიგაილი; აიღო ორასი პური, ორი ტიკჭორა ღვინო, ხუთი მომზადებული ცხვარი, ხუთი საწყაული მშრალი მარცვლეულობა, ასი ასხმა დაჩამიჩებული ყურძენი, ორასი ასხმა ლეღვი და სახედრებს აჰკიდა.
- 18
უთხრა თავის ჭაბუკებს: "ჩემს წინ გასწით და მეც გამოგყვებით”. ხოლო ნაბალს, თავის ქმარს, არაფერი უთხრა.
- 19
მთის ხრიოკებზე ეშვებოდა ვირზე შემჯდარი და, აჰა, დავითი და მისი კაცებიც მოდიან; და შეეგება მათ აბიგაილი.
- 20
ამბობდა დავითი: "ნამდვილად ამაოდ ვიცავდი უდაბნოში ნაბალის ქონებას, არაფერი დაუკარგავს თავისი საბადებლიდან, მაგრამ ბოროტებით გადამიხადა სიკეთეზე.
- 21
ასე და ასე უყოს ღმერთმა დავითის მტრებს და უარესიც, თუ მთელ მის მოდგმაში ერთი კედელთან მიმშარდავი მაინც დავტოვო ცოცხლად დილამდე”.
- 22
დაინახა აბიგაილმა დავითი, სწრაფად ჩამოხტა ვირიდან, პირქვე დაეცა დავითის წინაშე და მიწამდე სცა თაყვანი.
- 23
დაეცა მის ფეხებთან და თქვა: "ჩემზეა, ბატონო, დანაშაული; გთხოვ, ალაპარაკე შენი მხევალი და შეისმინე შენი მხევლის სიტყვები.
- 24
ყურადღებას ნუ მიაქცევს ჩემი ბატონი იმ უღირს კაცს, ნაბალს, რადგან როგორი სახელიცა აქვს - ნაბალი (უღირსი), თვითონაც ისეთია; მე კი, შენს მხევალს, არ მინახავს ჩემი ბატონის გამოგზავნილი ჭაბუკნი.
- 25
ახლა, ჩემო ბატონო, ცოცხალია უფალი და ცოცხალია შენი სული, შეგაკავებს უფალი სისხლისღვრისა და შურისძიებისგან. დაე, ნაბალივით იყვნენ შენი მტრები და ჩემი ბატონისთვის ბოროტის მსურველნი.
- 26
აი, ეს ძღვენი, რომელიც შენმა მხევალმა მოართვა ჩემს ბატონს, რათა მიეცეს ჭაბუკებს, ჩემი ბატონის ნაკვალევს რომ მიჰყვებიან.
- 27
აპატიე შენს მხევალს დანაშაული, რადგან უსათუოდ აუშენებს მტკიცე სახლს უფალი ჩემს ბატონს, ვინაიდან საღვთო ომშია ჩართული ჩემი ბატონი და მთელი სიცოცხლე არ გაივლებს გულში ბოროტებას.
- 28
და თუნდაც აღდგეს კაცი და გდევნოს და ეძიოს სული შენი, სიცოცხლის საკვრელით იქნება შეკრული უფალთან, შენს ღმერთთან, ჩემი ბატონის სული, ხოლო შენი მტრების სულს შურდულივით გასტყორცნი.
- 29
და როცა აღუსრულებს უფალი ჩემს ბატონს ყოველ სიკეთეს, რაც ნათქვამი აქვს მისთვის და დაგადგენს ისრაელის წინამძღვრად,
- 30
ნუ ექნება ჩემს ბატონს გულის ქეჯნა და წუხილი ამაო სისხლისღვრისა და შურისძიების გამო. და როცა კეთილს მიაგებს უფალი ჩემს ბატონს, მაშინ გაიხსენე შენი მხევალი”.
- 31
მიუგო აბიგაილს დავითმა: "კურთხეულია უფალი, ისრაელის ღმერთი, რომელმაც მოგავლინა დღეს ჩემთან შესახვედრად.
- 32
კურთხეულია გონიერება შენი და კურთხეული ხარ შენ, რომ გადამაფიქრებინე დღეს სისხლისღვრა და შურისძიება.
- 33
ცოცხალია უფალი, ღმერთი ისრაელისა, რომელმაც არ ჩამადენინა შენთვის ბოროტება, რადგან საჩქაროდ რომ არ წამოსულიყავ ჩემთან შესახვედრად, არ დარჩებოდა ნაბალს განთიადამდე არც ერთი კედელთან მიმშარდავი”.
- 34
მიიღო დავითმა მისი ხელიდან, რაც ჰქონდა მოტანილი და უთხრა: "მშვიდობით გაბრუნდი შენს სახლში; აჰა, ვისმინე შენი ხმა და პატივი დავდე შენს სახეს”.
- 35
დაბრუნდა აბიგაილი ნაბალთან და, აჰა, ნადიმობს სახლში, როგორც სამეფო ნადიმზე; მხიარულობდა ნაბალის გული და თან მთვრალი იყო ფრიად; დილამდე არაფერი უთქვამს მისთვის აბიგაილს, არც მცირე, არც დიდი.
- 36
დილით კი, როცა გამოფხიზლდა ნაბალი, ყოველივე უამბო ცოლმა. გული ჩაუკვდა ნაბალს მკერდში და ქვასავით გახდა.
- 37
დაჰკრა უფალმა ნაბალს ათი დღის შემდეგ და მოკვდა იგი.
- 38
გაიგო დავითმა, რომ მოკვდა ნაბალი და თქვა: "კურთხეულია უფალი, რომელმაც უზღო ნაბალს ჩემი შეურაცხყოფისთვის და აარიდა ბოროტებას თავისი მსახური; ნაბალს თავისივე სიავე მიუბრუნა უკან უფალმა!” და სიტყვა შეუთვალა დავითმა აბიგაილს, რომ ცოლად თხოულობდა მას.
- 39
მივიდნენ დავითის მსახურნი აბიგაილთან ქარმელში და უთხრეს: "დავითმა გამოგვგზავნა შენთან, რომ ცოლად შეგირთოს”.
- 40
ადგა აბიგაილი, მიწამდე მოიდრიკა და თქვა: "აჰა, მოახლედ წამოვა შენი მხევალი, რომ ჩემი ბატონის მსახურებს დაბანოს ფეხი”.
- 41
აჩქარდა აბიგაილი, შეჯდა ვირზე და თან ხუთი მოახლე წაიყოლა, გაჰყვა დავითის კაცებს, მივიდა და გახდა მისი ცოლი.
- 42
იზრეყელელი ახინოყამიც მოიყვანა დავითმა და ეს ორნი იყვნენ მისი ცოლები.
- 43
საულმა კი მიქალი, თავისი ასული, დავითის ცოლი, ფალტის, გალიმელი ლაიშის ძეს მიათხოვა.
- 44
მივიდნენ ზიფელები საულთან გიბყაში და უთხრეს: "იცი, რომ დავითი ხაქილას გორაზე იმალება, იეშიმონის პირდაპირ?”