1 მეფეთა 16
- 1
უთხრა უფალმა სამუელს: "როდემდე უნდა გლოვობდე საულს? განა მე არ უარვყავი იგი როგორც ისრაელის მეფე? აავსე შენი რქა ზეთით და წადი. ბეთლემელ იესესთან გგზავნი, რადგან მის ძეთა შორის გამოვარჩიე ჩემთვის მეფე”.
- 2
ჰკითხა სამუელმა: "როგორ წავიდე? ვაითუ გაიგოს საულმა და მომკლას”. უთხრა უფალმა: "დეკეული წაიყვანე შენი ხელით და თქვი: უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად მოვედითქო.
- 3
იესეც მიიპატიჟე მსხვერპლთან; მერე გეტყვი, რაც უნდა გააკეთო. ზეთს მას სცხებ, ვისზეც მიგითითებ”.
- 4
ისე მოიქცა სამუელი, როგორც უბრძანა უფალმა. მივიდა ბეთლემს. თრთოლვით გამოეგებნენ ქალაქის უხუცესები და იკითხეს: "ხომ მშვიდობაა?”
- 5
თქვა სამუელმა: "მშვიდობაა! უფლისთვის მსხვერპლის შესაწირად მოვედი, განიწმიდეთ და წამომყევით მსხვერპლის შესაწირად. განწმიდა სამუელმა იესე და მისი ძენი და მსხვერპლთან მიიწვია ისინი.
- 6
როცა მოვიდნენ, დაინახა მან ელიაბი და თქვა: "ჭეშმარიტად, უფლის წინაშეა მისი ცხებული!”
- 7
უთხრა უფალმა სამუელს: "ნუ უყურებ მის გარეგნობას და ტანის სიმაღლეს, რადგან მე უარვყავი იგი. უფალი ისე არ ხედავს, როგორც კაცი; კაცი მხოლოდ გარეგნობას ხედავს, ხოლო უფალი გულს უყურებს”.
- 8
დაუძახა იესემ აბინადაბს და სამუელის წინ ჩაატარა იგი. თქვა სამუელმა: "არც ეს ამოურჩევია უფალს”.
- 9
ჩამოატარა იესემ შამა. თქვა სამუელმა: "არც ეს ამოურჩევია უფალს”.
- 10
შვიდი ძე ჩამოატარა იესემ სამუელის წინ. უთხრა სამუელმა იესეს: "ამათგან არც ერთი არ აურჩევია უფალს”.
- 11
ჰკითხა სამუელმა იესეს: "მხოლოდ ესენი არიან შენი ძენი?” უპასუხა: "კიდევ დარჩა უმცროსი, ცხვარს მწყემსავს ახლა”. უთხრა სამუელმა იესეს: "გაგზავნე ვინმე და მოაყვანინე, რადგან არ დავსხდებით, ვიდრე აქ არ მოვა იგი”.
- 12
გაგზავნა იესემ და მოიყვანეს. წითური იყო, თვალადი და კარგი შესახედი. უთხრა უფალმა სამუელს: "ადექი და სცხე მას, რადგან ეს არის იგი”.
- 13
აიღო სამუელმა რქა ზეთით და მისი ძმების თანდასწრებით სცხო მას; და დაივანა უფლის სულმა დავითზე იმ დღიდან მოყოლებული. ადგა სამუელი და რამათს წავიდა.
- 14
განშორდა საულს უფლის სული და აწვალებდა მას ბოროტი სული უფლისგან.
- 15
უთხრეს მსახურებმა: "აჰა, ღმერთისგან გაწვალებს ბოროტი სული.
- 16
უბრძანოს ჩვენმა ბატონმა შენს მსახურებს, რომ მოძებნონ კაცი, ქნარზე დამკვრელი; და როცა შეგაჭირვებს ბოროტი სული ღმერთისგან, ის დაუკრავს და შვება მოგეცემა”.
- 17
უთხრა საულმა თავის მსახურებს: "მონახეთ კაცი, კარგად რომ უკრავდეს და ჩემთან მოიყვანეთ”.
- 18
მიუგო ერთმა მსახურთაგანმა და უთხრა: "აჰა, ნანახი მყავს ბეთლემელი იესეს ძე, იცის ქნარზე დაკვრა, თან მამაცი მეომარია, სიტყვაგონიერი და კარგი შესახედავია, უფალია მასთან”.
- 19
გაგზავნა საულმა მოციქულები იესესთან და უთხრა: "გამომიგზავნე დავითი, შენი ძე, ცხვარში რომ გყავს”.
- 20
აჰკიდა იესემ სახედარს პური და ერთი ტიკი ღვინო, აიყვანა ერთი თიკანი და თავისი ძის, დავითის ხელით გაგზავნა საულთან.
- 21
მივიდა დავითი საულთან და დადგა მის წინაშე. ძალზე შეიყვარა იგი საულმა და თავის საჭურველთმტვირთველად დააყენა.
- 22
შეუთვალა საულმა იესეს: "დარჩეს ჩემთან დავითი და იდგეს ჩემს წინაშე, რადგან მადლი ჰპოვა ჩემს თვალში”.
- 23
და როცა გადმოვიდოდა საულზე ბოროტი სული ღმერთისგან, აიღებდა დავითი ქნარს და უკრავდა; მოისვენებდა საული, უკეთ ხდებოდა და შორდებოდა ბოროტი სული.