1 მეფეთა 13
- 1
ერთი წელი იყო გასული საულის გამეფებიდან და მეორე წელიწადი მეფობდა ისრაელზე.
- 2
და ამოირჩია თავისთვის სამი ათასი კაცი ისრაელისგან; ორი ათასი საულთან დადგა მიქმაშში და ბეთელის მთაზე, ათასი კი - იონათანთან, ბენიამინის გიბყაში; დანარჩენი ხალხი თავ-თავის კარვებში გაუშვა.
- 3
და გაანადგურა იონათანმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი, რომელიც გებაყში იდგა და გაიგეს ეს ფილისტიმელებმა; ჩაჰბერა საულმა საყვირს მთელი ქვეყნის გასაგონად და გამოაცხადა: "ისმინონ ებრაელებმა!”
- 4
და მოისმინა მთელმა ისრაელმა: "გაანადგურა საულმა ფილისტიმელთა საგუშაგო რაზმი და შეიძულა ისრაელი ფილისტიმმა”. და შეიკრიბა ხალხი, რომ საულს გაჰყოლოდა გილგალში.
- 5
ფილისტიმელნიც შეიკრიბნენ ისრაელთან საბრძოლველად: ოცდაათი ათასი ეტლი, ექვსი ათასი ცხენოსანი და ზღვის ქვიშასავით ურიცხვი ფეხოსანი; ამოვიდნენ და მიქმაშში დაბანაკდნენ, ბეთავენის აღმოსავლეთით.
- 6
იხილეს რა ისრაელიანებმა, რომ საფრთხეში იყვნენ, ვინაიდან შეაჭირვეს ხალხი - დაიმალნენ მღვიმეებში, ხეობებში, კლდეთა ნაპრალებში, კოშკებსა და ორმოებში.
- 7
ზოგი ებრაელი იორდანეს გაღმა, გადისა და გილყადის მიწაზე გადავიდა; მაგრამ ჯერ ისევ გილგალში რჩებოდა საული, მთელი მისი ხალხი კი შეშინებული იყო.
- 8
შვიდ დღეს იცდიდა იგი, როგორც სამუელმა დაუთქვა, მაგრამ არ მოდიოდა სამუელი გილგალში; საულს კი ხალხი ეფანტებოდა.
- 9
თქვა საულმა: "მომგვარეთ სრულადდასაწველი და სამშვიდობო შესაწირნი!” და მსხვერპლი აღავლინა.
- 10
როცა სრულადდასაწველის აღვლენა დაასრულა, სამუელიც გამოჩნდა; და გამოვიდა საული მის შესახვედრად და მისასალმებლად.
- 11
უთხრა სამუელმა: "ეს რა ჩაიდინე?” უპასუხა საულმა: "დავინახე, რომ მეფანტებოდა ხალხი, შენც არ გამოჩნდი დანიშნულ დროზე, ფილისტიმელნი კი მიქმაშში იკრიბებოდნენ.
- 12
ვთქვი: ახლა დამეცემიან ფილისტიმელნი გილგალში, მე კი ჯერ არ შევვედრებივარ-მეთქი უფალს. ვეღარ მოვითმინე და აღვავლინე სრულადდასაწველი”.
- 13
უთხრა სამუელმა საულს: "უგუნურად მოიქეცი, არ დაიცავი უფლის, შენი ღმერთის ბრძანება, რომელიც გამცნო, რათა საუკუნოდ განემტკიცებინა უფალს შენი მეფობა ისრაელზე.
- 14
ახლა ვეღარ განმტკიცდება შენი მეფობა; იპოვა უფალმა თავისი გულის სანდომი კაცი და ის დაადგინა თავისი ხალხის მთავრად უფალმა, რადგან არ დაიცავი ღვთის ნაბრძანები”.
- 15
ადგა სამუელი და გილგალიდან ბენიამინის გიბყაში წავიდა. საულმა კი აღრიცხა მასთან მყოფი ხალხი, ექვსასამდე კაცი.
- 16
საული, მისი ძე, იონათანი და მათთან მყოფი ხალხი ბენიამინის გიბყაში გაჩერდნენ, ხოლო ფილისტიმელნი მიქმაშში დაბანაკდნენ.
- 17
გამოვიდა ფილისტიმელთა ბანაკიდან დამარბეველთა სამი რაზმი: ერთი ყოფრას გზით, შუალის ქვეყნისკენ გაემართა.
- 18
მეორე ბეთხორონის გზაზე წავიდა, მესამე რაზმი _ ცებოიმის ველისკენ მიმავალ გზას დაადგა, უდაბნოზე რომ გადის.
- 19
მჭედელი აღარ იყო ისრაელის მთელ ქვეყანაში, რადგან ფილისტიმელნი ამბობდნენ: "არ გააკეთონო ებრაელებმა არც მახვილი და არც შუბი”.
- 20
და დადიოდა მთელი ისრაელი ფილისტიმელთა ქვეყანაში, თითოეული თავისი სახნისის, ბარის, წალდის და თოხის გამოსაჭედად.
- 21
სახნისის გალესვა სამი შეკელი ღირდა, ისევე, როგორც ბარის, სამკაპის, წალდებისა და მარგილის გალესვა.
- 22
ისე მოხდა, რომ ბრძოლის დღეს საულთან და იონათანთან მყოფ ხალხს არც მახვილები აღმოაჩნდათ და არც შუბები. მხოლოდ საულსა და მის ძეს, იონათანს აღმოაჩნდათ.
- 23
და გაემართა ფილისტიმელთა რაზმი მიქმაშის ვიწრო გზებისკენ.