მთავარ შინაარსზე გადასვლა
biblia.ge

1 მეფეთა 11

  1. 1

    გამოვიდა ნახაშ ყამონელი და გილყადის იაბეშთან დაიბანაკა. უთხრა ნახაშს იაბეშის ყველა მკვიდრმა: "დაგვიდე შეთანხმება და შენი მსახურნი ვიქნებით”.

  2. 2

    უპასუხა ნახაშ ყამონელმა: "დაგიდებთ შეთანხმებას, ოღონდ ჯერ ყველას მარჯვენა თვალს დაგთხრით, რათა შევარცხვინო მთელი ისრაელი”.

  3. 3

    უთხრეს იაბეშის უხუცესებმა: "შვიდი დღე მოგვეცი, მოციქულებს გავგზავნით ისრაელის ყველა კუთხეში, და თუ არავინ გვიხსნა, გამოვალთ შენს წინაშე”.

  4. 4

    მივიდნენ მოციქულნი საულის გიბყაში და გააგებინეს ხალხს ეს ამბავი. ხმამაღლა ატირდა მთელი ხალხი.

  5. 5

    ამ დროს, საული მოდიოდა მინდვრიდან და ხარებს მოერეკებოდა. იკითხა: "რა დაემართა ხალხს, რად ტირის?” და გადასცეს იაბეშელთა სიტყვები.

  6. 6

    ღვთის სული დაეშვა საულზე, როცა ეს სიტყვები მოისმინა და განრისხდა ფრიად.

  7. 7

    აიყვანა წყვილი ხარი, დაჭრა ნაწილებად და ისრაელის ყოველ კუთხეში დააგზავნა მოციქულთა ხელით, ამ სიტყვებით: "ასე მოუვა მის ხარებს, ვინც არ გაჰყვება საულსა და სამუელს”. დაეცა ხალხს უფლის შიში და ერთი კაცივით გამოვიდა მთელი ხალხი.

  8. 8

    როცა აღრიცხა ისინი ბეზეკში, ისრაელის ძენი სამასი ათასი იყვნენ, იუდას ხალხი - ოცდაათი ათასი.

  9. 9

    მოციქულებს კი, რომლებიც მოსულიყვნენ, უთხრეს: "გადაეცით გილყადის იაბეშელთ: ხვალ, მზე რომ დააცხუნებს, თქვენი ხსნა იქნება-თქო”. დაბრუნდნენ მოციქულები, გადასცეს ამბავი იაბეშის მცხოვრებთ და გაიხარეს.

  10. 10

    უთხრეს იაბეშის მცხოვრებლებმა ყამონელებს: "ხვალ გამოვალთ და ისე მოგვექეცით, როგორც საჭიროდ ჩათვლით”.

  11. 11

    მეორე დღეს სამ რაზმად გაყო ხალხი საულმა, შევიდნენ შუა ბანაკში დილის გუშაგობისას და მოსრეს ყამონელნი მზის მცხუნვარებამდე; გადარჩენილები კი ისე გაიფანტნენ, ორი ერთად არ დარჩენილა.

  12. 12

    უთხრა ხალხმა სამუელს: "ვინ იყო რომ ამბობდა: ნუთუ საულმა უნდა იმეფოს ჩვენზეო? მოგვეცი ის კაცები, რომ დავხოცოთ”.

  13. 13

    უპასუხა საულმა: "არავინ მოკვდება დღეს, რადგან ხსნა მოავლინა უფალმა ისრაელში”.

  14. 14

    უთხრა სამუელმა ხალხს: "წამოდით, გილგალში წავიდეთ და იქ განვაახლოთ მეფობა”.

  15. 15

    წავიდა მთელი ხალხი გილგალში. იქ გაამეფეს საული და დაკლეს სამშვიდობო მსხვერპლები უფლის წინაშე; ფრიად გაიხარა იქ საულმა და მთელმა ისრაელმა.